„ეს პატარა, ჭორიკანა კაცის განცხადებაა,“ – ამ განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს გამოეხმაურა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებაა.
როგორც ხაბეიშვილმა თქვა, პრემიერის ეს წერილი „სპეცსამსახურებმა“ დაწერეს.
„რუსეთის სპეცსამსახურები უწერენ მუდმივად, ისინი იღებენ ინსტრუქციას რუსეთის სპეცსამსახურებისგან. 37 წელს მაგონებს, ადამიანს რომ დაიჭერდნენ და შემდეგ მის გაშავებას ცდილობდნენ. იმავეს აკეთებენ ახლა სააკაშვილთან დაკავშირებით და რაღაც დრამებს დგამენ.
ეს პატარა, ჭორიკანა კაცის განცხადებაა, ენა ტლიკინა, პირდაპირ გეტყვით. ბიძინა ივანიშვილისა და ბერას სათამაშო და მოურავი,“ — განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში.
როგორც მანვე აღნიშნა, ამ წერილში ამოიკითხა ის, რომ „მათ სააკაშვილის განადგურება ფიზიკურადაც უნდათ“ და ეს არასდროს დაუმალავთ.
მაქვს უმძიმესი ინფორმაცია, აპირებენ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ განადგურებას – თაკო ჩარკვიანი
„ეს ცხადია. ეს არასდროს არ დაუმალავთ, რომ მათ ფიზიკურადაც უნდათ მიხეილ სააკაშვილის განადგურება და ღმერთმა დაიფაროს, ერთი ღერი თმა რომ ჩამოუვარდეს მიხეილ სააკაშვილს, პირადად იქნებიან ეს ადამიანები პასუხისმგებლები“, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
