ბათუმში საძიებო-სამაშველო ღონისძიებები დასრულდა, ადგილზე რჩებიან პოლიციის თანამშრომლები და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
საძიებო-სამაშველო ოპერაციის დასრულების და მისი შედეგების შესახებ, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ვრცლად ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე პოლიციის შესაბამისი ძალები რჩებიან, რომლებიც ადგილზე უსაფრთხოების ნორმებს გააკონტროლებენ.
„მშენებლები ვარაუდობენ, კიდევ არის საფრთხე და შესაძლოა მოხდეს კიდევ რაღაც ნაწილის ჩამოშლა. ე.წ. სინკარები არის გადმოწეული. მოხდება მშენებლების შეკრება, იმსჯელებენ, როგორ უნდა მოხდეს „სინკარების“ ჩამოშლა და დაექვემდებარება თუ არა დემონტაჟს ნაწილი, რაც მიბმული იყო ამ კორპუსზე. ამას მშენებლები გადაწყვეტენ. 9 გარდაცვლილია და 2 ცოცხალი გადარჩა. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია – 12, 7 და 1 წლის და 3 თვის ბავშვი.
გამოძიება გრძელდება, ერთ დღეში ნუ მომთხოვთ ამ ყველაფრის გაკეთებას და გამოძიების დამთავრებას. უნდა ნახონ საძირკველში, რამ გამოიწვია ნგრევა. აქედან გამომდინარე, ვაჩერებთ სამუშაოებს, რომ მშენებლებმა მოგვცენ ნებართვა, გავაგრძელოთ თუ არა სამუშაოები, რომ არ გამოიწვიოს ჩვენმა მუშაობამ ნგრევა და კიდევ არ ჩამოწვეს კორპუსის მეორე ნახევარი“, – განაცხადა გომელაურმა.
