LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ეწვევა

17-18 ოქტომბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, ივან კორჩოკი ეწვევა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ივან კორჩოკი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან.

მათივე ინფორმაციით, სლოვაკეთის პირველი დიპლომატი ასევე შეხვდება თავის ქართველ კოლეგას, საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ – დავით ზალკალიანს. „ამასთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

აღსანიშნავია, რომ სლოვაკ მინისტრთან ერთად, საქართველოს ეწვევა სლოვაკური ბიზნეს-დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი ბიზნეს-ფორუმის გამართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართულობით.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ივან კორჩოკი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს და საპატიო წიგნში ჩანაწერს გააკეთებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.