ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მომხმარებლების ნაწილს კომერციული ბანკების სახელით, სატელეფონო ზარის საშუალებით უკავშირდებიან კიბერთაღლითები.
ზარები როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ნომრებიდან ფიქსირდება და კიბერთაღლითები ძირითადად რუსულ ენაზე საუბრობენ. ისინი მოქალაქეებს სხვადასხვა საბანკო ტრანზაქციის განხორციელებას, ბარათის მონაცემების გაზიარებას ან უკვე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას სთხოვენ.
ამასთან დაკავშირებით განცხადება საბანკო ასოციაციამ გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ:
„გვსურს, გაგაფრთხილოთ, რომ განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდოთ საბანკო თუ პერსონალურ ინფორმაციას და არ გაუზიაროთ ის მესამე პირს. შესაძლოა ორგანიზებულ კიბერ-თაღლითობას ჰქონდეს ადგილი, რის შესახებაც საქართველოს საბანკო ასოციაციამ და კომერციულმა ბანკებმა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართეს“.
ბოლო პერიოდში კიბერთაღლითობის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა, თემაზე საუბარს საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტთან ალექსანდრე ძნელაძესთან განვაგრძობთ.
კიბერთაღლითობა საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს. როგორც იცით, უკვე სამი წელია, ამ საკითხთან დაკავშირებით ვსაუბრობთ და დღეის მდგომარეობით ახალი მეთოდი გახდა აქტუალური. გვინდოდა, რომ მაქსიმალურად შეტყობინება მიგვეწოდებინა მომხმარებლებისთვის, რადგან როგორც იცით, კიბერთაღლითების მსხვერპლი არიან მომხმარებლები და მათგან ხდება პირადი ინფორმაციის მოპოვება. ამასთან მიმართებაში მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პრევენციული ზომები იყოს მაქსიმალური და მაქსიმალურად ავამაღლოთ მომხმარებლების ცნობიერება. თუ როგორ შეიძლება, რომ აღნიშნულისგან დაიცვან თავი.
-უფრო თვალსაჩინო რომ გახდეს ჩვენი მსმენელებისთვის, რას წერენ კიბერთაღლითები. ზოგჯერ შეიძლება, მომხმარებელს ფეისბუქმესენჯერშიც, ან მეილზე მიუვიდეთ შეტყობინება. რა მეთოდია, რას სთავაზობენ მომხმარებლებს, როგორ უნდა ამოიცნონ თაღლითები.
ხშირად ხდება, რომ შეიძლება, ნაცნობის სახელით მოგწერონ, ან ხელმძღვანელის სახელით და დაიბნეს უბრალოდ ადამიანი.
როგორც იცით, ფიშინგის მეთოდები არის უამრავი, იყო შეტყობინებები მეილით, ასევე სოციალურ ქსელებში გავრცელებული სარეკლამო ბანერები, სადაც ითხოვენ პირად მონაცემებს. იმეილით ან ესემესით შეიძლება, მოგივიდეთ, მესიჯი, რომ თქვენი ინტერნეტბანკი საფრთხის ქვეშ არის და გთავაზობენ ვებლინკზე გადასვლას.
ამ შემთხვევაში, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ არ გადავიდეთ ასეთი ლინკით ინტერნეტბანკში.
ასეთ ლინკზე იმეილიდან არ უნდა გადავიდეთ. სანამ გადავალთ, მაქსიმალურად უნდა შევისწავლოთ აღნიშნული მისამართი, რადგან მისამართში ხშირ შემთხვევაში არის მცირედი ცვლილებები, ერთი ასოა ჩამატებული, ან რაიმე არასწორად წერია და ეს ვებგვერდები ერთმანეთს ძალიან ჰგავს.
უკანასკნელი შემთხვევები უკავშირდება ხოლმე სპუფინგს, რომელიც გულისხმობს სატელეფონო ზარის განხორციელებას, რომლის დროსაც გიკავშირდებიან და ამბობენ, რომ თქვენი მომსახურების ბანკიდან სჭირდებათ ინფორმაცია.
არის შემთვევები, როდესაც გეუბნებიან, რომ თქვენი ბარათია საფრთხის ქვეშ და გთხოვთ, მომაწოდოთ ინფორმაცია თქვენი ბარათის შესახებ, ეს ზარი შესაძლოა განხორციელდეს არამხოლოდ ბანკიდან, არამედ სხვა ორგანიზაციიდან. საერთაშორისო პრაქტიკაც არის და საქართველოშიც უკანასკნელი შემთხვევები დაფიქსირდა – ვითომ გიკავშირდებიან საგამოძიებო უწყებიდან და თქვენი ინტერნეტბანკი წარმოადგენს საფრთხეს. ამიტომ ნებისმიერი ზარის შემთხვევაში, როდესაც საუბარი მიმდინარეობს თქვენს პირად უსაფრთხოებაზე, მაგალითად ეს შეიძლება იყოს ბარათის ნომერი, ბარათის გამოშვების თარიღი, უკანასკნელი ტრანზაქციების თანხების ოდენობა, ან ინტერნეტბანკის პაროლი და შესაძლოა, გთხოვონ ის ესემესები, რომელიც მოგდით. ამ შემთხვევაში ცალსახად არ უნდა მისცეთ ეს ინფორმაცია არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ ის ინფორმაცია, რომელიც უკვე თქვენ დისკომფორტს გიქმნით და სცდება სტანდარტული საუბრის რეჟიმს, ამ შემთვევაში თქვენ აუცილებლად უნდა უთხრათ, რომ თქვენ გადაურეკავთ შესაბამის მომსახურე ბანკს.
ანუ იმ მომენტში აღარ უნდა გააგრძელოთ საუბარი და უთხრათ, რომ თქვენ თვითონვე დაუკავშირდებით მომსახურე ბანკს, ქოლცენტრს.
-ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლები არ დაიბნენ. იყვნენ ინფორმირებული და არ მოტყუვდნენ, არ გასცენ ისეთი ინფორმაციები, რომელიც მათ ფინანსურ დაზარალებას გამოიწვევს. რა პასუხი აქვთ და როგორი კომუნიკაცია გაქვთ ერთმანეთში, მესმის, რომ ეს ალბათ არის მსხვილი ბანკების პრობლემა.
ჩვენ გვსმენია, ბოლო კვირებში იყო ინდივიდუალური შემთხვევები ფიშინგის, როდესაც ადამიანებს ასე მოტყუებით მოპარეს თანხა.
ხშირად მომხმარებლებს მაინც უჩნდება ხოლმე პროტესტი, რატომ არ დაიცვა ბანკმა ჩემი ანგარიში და ძალიან რთულია აუხსნა მათ, რომ როცა შენ ყველანაირ მონაცემს გასცემ, რითიც შესაძლებელია ტრანზაქციის განხორციელება, მერე ბანკისთვის ძალიან რთულია გაიგოს რეალურად მობაილბანკში ვინ არის შესული და ვინ იყო შესული ვთქვათ ტოტალიზატორის ანგარიშზე.
უნდა აღვნიშნოთ, რომ უკანასკნელ პერიოდში უკვე განხორციელდა ერთგვარი გართულება ინტერნეტბანკზე წვდომისაც და მობაილბანკზე წვდომისაც. მათ შორის საბარათე ტრანზაქციებზეც. რაც გულისხმობს ორმაგი ვერიფიკაციის არსებობას. ვერც ერთი საფინანსო ინსტიტუტი ვეღარ მიაწვდის მომხმარებელს საიდეფინციკაციო სერვისებს.
მაგრამ ამასთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტული რისკის მართვის აპლიკაციებზე, რომლებიც უკვე არსებობს და იქ მიმდინარეობს გამკაცრება მოთხოვნების. მაგრამ ცალსახად უნდა გვესმოდეს, რომ ბანკის მხრიდან პირადი ინფორმაციის მართვის ნაწილში განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება, გულისხმობს მომხმარებლის მხარეს ინტერნეტბანკთან, ან სხვა დისტანციურ სერვისთან ურთიერთობის გართულებას.
ნებისმიერ ნაწილში, ჩვენ იდენტიფიცირება უნდა მოვახდინოთ, ეს თეორიულად შესაძლებელია იყოს თაღლითი, თუ – არა. ვსაუბრობთ, რომ ვინც გვიკავშირდება, მის ქცევას უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას და ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი უფრო მეტად უნდა იყოს გათვითცნობნიერებული იმ სისტემაში, რა სისტემითაც იღებს ამა თუ იმ დისტანციურ სერვისს, რაც კიდევ ერთხელ გაართულებს მათ მოქმედებას.
კარგად მესმის, რომ ორმაგი ვერიფიკაციის მოთხოვნა სავალდებულო როდესაც გახდა, საკმაოდ დიდი უკმაყოფილება იყო მომხმარებლებში და კიდევ უფრო მეტი გართულება გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა, მომხმარებლების მხრიდან დისტანციური სერვისების უარის თქმის წინაპირობა გახდეს.
მე მესმის პრეტენზია. მესმის პრეტენზიები მომხმარებლებისგან, თაღლითობის შედეგად ზარალდება. მაგრამ ამისი ერთ- ერთი და ყველაზე უტყუარი პრევენცია არის მომხმარებლების ცნობიერების ამაღლება, რადგან კიბერ თაღლითები მუდმივად პოულობენ შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ მიმდინარე რეჟიმში, ან ონლაინ რეჟიმში.
რომ წარმოვიდგინოთ, ტრანზაქციის განხორციელების დროს მომხმარებელს ონლაინ მიეწოდება სმს – კოდი.
ამ კოდის მოპოვებაც ხდება კიბერთაღლითების მხრიდან და კიდევ უფრო მეტად ორიგინალურები ხდებიან.
აქვე უნდა ვახსენოთ, რომ საქართველო სამი წლის წინ უკვე გახდა კიბერთაღლითების ინტერესთა სფერო და ჩვენ უნდა ველოდოთ, ამ მიმართულებით მათ გააქტიურებას. ვერ ვიტყოდი, რომ ეს მხოლოდ დიდი ბანკების პრობლემა შეიძლება იყოს და ყველა ბანკის მომხმარებელი შეიძლება, რომ გახდეს დაზარალებული. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია მომხმარებელს ესმოდეს.
ნებისმიერ შემთვევაში, როდესაც ჩნდება გარკვეული კითხვები, გარკვეულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ან შემოთავაზება არის ძალიან მომხიბვლელი, ამ დროს აუცილებლად უნდა გაუჩნდეს შეკითხვები მომხმარებელს.
-მინიმუმ უნდა დაეჭვდნენ, ასეთ კარგ რამეს რომ გვთავაზობენ, სადმე ეშმაკი ხომ არ არის დამალული…
მომხმარებელზე გადაცემული იუზერი, ფასვორდი და ბარათზე დატანილი სრული ინფორმაცია, უნდა შევადაროთ ერთგვარ სახლის გასაღებს, რომლითაც თქვენ აღწევთ თქვენს სივრცეში.
კიბერთაღლითები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვონ თქვენზე. ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ზარის განხორციელების დროს მოგაწოდოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც წესით და რიგით უცხო პირმა, არ უნდა იცოდეს. ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილი უნდა იყოთ, როგორც იცით, არის სოციალური ქსელები და იმდენად დიდი ინფორმაციაა ინტერნეტში განთავსებული, რომ თქვენზე ძალიან პირადი ინფორმაცია, შესაძლოა იყოს ხელმისაწვდომი ამა თუ იმ კიბერთაღლითისთვის.
ასევე ხშირად ხდება, რომ მომხმარფებელი გარკვეულ ვებგვერდებზე რეგისტრირდება და რაღაც მომენტში, როდესაც მომხმარებელს ეჭვი ეპარება ამა თუ იმ გვერდის სისწორეში, წყვეტს ამ რეგისტრაციას, მაგრამ პირველადი ინფორმაცია უკვე მიწოდებული აქვთ ხოლმე და ამ ინფორმაციის გამოყენება ხდება. ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილები უნდა ვიყოთ, როდესაც ვსაუბრობთ ინტერნეტბანკზე ან სხვა დისტანციურ სერვისებზე.
-ვფიქრობ, ერთ – ერთი გზა კიბერთაღლითობისგან დაცვის, არის მუდმივი საინფორმაციო კამპანია. მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რა ტიპის თაღლითობები არსებობენ, როგორ შეიძლება, რომ მათგან თავი დავიცვათ და რაც მნიშვნელოვანია, ყოველთვის ეჭვით შევხედოთ ძალიან საინტერესო შემოთავაზებებს, ან ნებისმიერ შემოთავაზებას, რომელიც ფინანსებთან არის დაკავშირებული.
