LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი იონათამიშვილი: მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, რადგან უნდა, უმძიმესი დანაშაულები შერჩეს და არა იმიტომ, რომ მის ირგვლივ რაიმე უსამართლობა ხდება

„ქართული ოცნების“ წევრის, რატი იონათამიშვილის მოსაზრებით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს იმიტომ, რომ მას უნდა უმძიმესი დანაშაულები შერჩეს და არა იმიტომ, რომ მის ირგვლივ რაიმე უსამართლობა ხდება.

დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შიმშილობა არის ხელოვნურად დღის წესრიგის შექმნა. იონათამიშვილის განცხადებით, შიმშილობის ყოველ დღეს სააკაშვილი საზოგადოებას ეუბნება, რომ გირგვლიანის საქმე, პატიმრების წამება, ადამიანებისთვის ქონების ჩამორთმევა და ათასი უბედურება ნორმალური იყო, რასაც დანაშაულებრივი სისტემა თითოეულ ოჯახს თავს ატეხდა.

„ეს ემსახურება ესკალაციის შეტანას ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შიმშილობა არის ხელოვნურად დღის წესრიგის შექმნა და თემების შემოტანა პოლიტიკურ დისკუსიაში, რაც დაცლილია ყოველგვარი საფუძვლისგან, ლოგიკურობისგან და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ მისი სახელი ხშირად იყოს ნახსენები ტელეეთერში“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მისი თქმით, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ გრძნობს, რომ მათთან მარცხი ახლოს არის, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს მიმართავენ.

„ეს არის პროვოკაციები, ესკალაციის შემოტანა და მუდმივი მცდელობა, რომ დაძაბულობა და სიძულვილი ძლიერდებოდეს, რაც არის მავნებლობა. ამ ადამიანებს მარცხის ღირსეულად მიღების არანაირი უნარი არ აქვთ, მაგრამ მოუწევთ, მათთვის ძალიან მძიმე და ქვეყნისთვის პროგრესულ რეალობას შეეგუონ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.