„ჩვენ უნდა ვიხსნათ მიხეილ სააკაშვილი მკვლელობის მცდელობისგან“,- ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ოპოზიციური კოალიციის შემაჯამებელი მიმართვისას გააკეთა.
მისი განცხადებით, ხვალინდელი დღე უნდა გახდეს დასაბამი და ისტორიულ უსამართლობას ბოლო უნდა მოეღოს. მელიას თქმით, ხვალ, გამარჯვებისთანავე უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა და სამოქალაქო გახლეჩის ეპოქა.
„ხვალინდელი დღე გამარჯვებისთანავე უნდა გახდეს დასაბამი, რომ ისტორიულ უსამართლობას ბოლო მოეღოს! ჩვენი აქტიურობით, ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე უნდა ვიხსნათ! ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ ხვალინდელი აქტიურობით. პირდაპირ ვიტყვით, ენის მოჩლეფვის გარეშე, ამას არც მალავენ, ამ ნაბიჯებს დგამენ. ჩვენ უნდა ვიხსნათ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მკვლელობის მცდელობისგან! კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ უნდა მოხდეს, ხვალ, გამარჯვებისთანავე უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა და სამოქალაქო გახლეჩის ეპოქა. ხვალინდელი გამარჯვება ამასაც მიეძღვნება, რომ არავინ იგრძნობს თავს დაუცველად!“, – აღნიშნავს მელია.
