„ულამაზესი მთების/მყინვარწვერების მქონე კავკასიამ მყინვარების 40% უკვე დაკარგა“, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 2021 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში გამართულ სამიტზე გააკეთა.
პრემიერის განცხადებით, ის სრულად იზიარებს იმ განგაშს, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორის საბჭოზე წარმოდგენილ უახლეს ანგარიშშია ასახული როგორც „კაცობრიობის საგანგებო, გარდაუვალი საფრთხე”.
„ულამაზესი მთების, მყინვარწვერებისა და მდინარეების მქონე კავკასიამ მყინვარების 40 პროცენტი უკვე დაკარგა. მხოლოდ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, დანაკარგების ტემპი აღმოსავლეთ საქართველოში მეოცე საუკუნის ბოლოს გაკეთებულ პროგნოზს გასცდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
