LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პანდემიის პერიოდში 1200-მდე ახალი თანამშრომელი ავიყვანეთ, გავხსენით 59 ახალი ობიექტი“ / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

2022 წელი დადგა. ამ კვირის განმავლობაში ვაჯამებთ როგორი იყო 2021 წელი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ბიზნესექტორებისთვის.
რა თქმა უნდა, ვერ ავუვლიდით გვერდს ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სექტორს  და ერთ-ერთ მსხვილ ფარმაციის სექტორს- კომპანია პსპ-ს.
საინტერესოა, როგორ დაასრულა კომპანიამ 2021 წელი და რა გეგმები აქვთ 2022 წელს.

„ფორტუნა“ მამუკა ბრეგვაძეს, პსპ-ს ქსელის დირექტორს ესაუბრა:

-ბატონო მამუკა, ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა. რა თქმა უნდა, სხვადასხვა სექტორი სხვადასხვანაირად გაიზარდა. გასაგებია, რომ ეს 2020 წელთან შედარებით მოხდა. როგორი წელი იყო 2021 წელი თქვენი კომპანიისთვის და ზოგადად თქვენი სექტორისთვის?

-2021 წელი, რა თქმა უნდა, გამოწვევებით სავსე წელი იყო. თუმცა 2020 წლისგან განსხვავებით ჩვენ უკვე მზად დავხვდით იმ გამოწვევას, რომელსაც პანდემია ჰქვია. მთავარი პრიორიტეტი იყო, რომ ჩვენი თანამშრომლები და მომხმარებლები უსაფრთხო გარემოში მიგვეღო აფთიაქებში. ჩვენ ეს შევძელით 2020-ში და ტენდენცია 2021  წელს გავაგრძელეთ. უსაფრთხო გარემოს  შესაქმნელად მობილიზებული ვიყავით მთელი გუნდი და ამისთვის ვშრომობდით.

ოპტიმიზირებული ხარჯებით და ოპტიმიზირებული რესურსებით შევხვდით 2021 წელს, რამაც საშუალება მოგვცა, რომ განვითარებაზე გვეზრუნა.
ჩვენი მთავარი გამოწვევა და პრიორიტეტი ყოველთვის არის, რომ პსპ-ს აფთიაქი ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. 2021 წელს ეს სტრატეგია გავაგრძელეთ.

ჩვენ შევედით ახალ რეგიონებში, პანდემიის პერიოდში გავხსენით 59 ახალი ობიექტი, იმისთვის, რომ ხელმისაწვდომობა გაგვეზარდა. პანდემიამ დაგვანახა, რომ  სხვადასხვა ქალაქებში და ლოკაციოებზე შესვლა აუცილებელი იყო.

-როდესაც ხელმისაწვდომობაზე ვსაუბრობთ, ასევე გვახსენდება ფასები. რა თქმა უნდა, ინფლაცია და გადაზიდვის გაძვირებული ხარჯი ყველა კომპანიაზე აისახა. თქვენი პროდუქციის დიდი ნაწილი იმპორტირებული გაქვთ და დამოკიდებული ხართ, როგორც ლარის კურსზე, ასევე იმპორტირებული პროდუქციის ფასზე. ამ მიმართულებით რამდენად მნიშვნელოვანი იყო ინფლაცია- როგორც გამოწვევა თქვენი ბიზნესისთვის.

-ვიტყოდი, რომ ისევე როგორც საქართველოში არსებული ყველა ბიზნესისთვის, ჩვენთვისაც გამოწვევა იყო ინფლაცია. ლარის კურსზე ვართ მიბმულები, რადგან მედიკამენტების დაახლოებით 90 პროცენტი შემოდის ქვეყანაში და არ იწარმოება. შესაბამისად ევროსა და დოლარის კურსი დიდ გავლენას ახდენს ფასწარმოქმნაზე.

ჩვენი სტრატეგიაა, რომ იაფი და ხელმისაწვდომი ვიყოთ მოსახლეობისთვის. ინფლაციისა და ვალუტის კურსის მიუხედავად, მთელი გუნდი ცდილობდა, ფასები ისე განესაზღვრა მედიკამენტებზე, რომ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობა გაზრდილიყო.

ეს ტენდენციას მეტ- ნაკლებად დარეგულირებულია, მშვიდ რეჟიმშია გადასული, რაც საშუალებას გვაძლევს, უფრო მეტი რესურსი მოვიძიოთ იმისთვის, რომ ფასწარმოქმნის ნაწილში ფასების დავზოგოთ, ოპტიმიზაციის ფარგლებში შევძლოთ და მოსახლეობას მედიკამენტები კიდევ უფრო იაფად მივაწოდოთ.

-ასევე საინტერესოა დასაქმებულთა მდგომარეობა. პანდემიამ ძალიან ბევრ ბიზნესს პრობლემა შეუქმნა და მათ თავისთავად მოუწიათ, თანამშრომლების სახლში გაწვევა. თუმცა, პანდემიის დროსაც აფთიაქები სულ მუშაობდა, ისინი ვერ გაჩერდებოდნენ, შესაბამისად დასაქმებულთა რაოდენობა 2021 წელს გაიზარდა თქვენს კომპანიაში, თუ იგივე დარჩა?
-პანდემიის დროს აფთიაქი ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი იყო, რომელსაც მუშაობა არ შეუწყვეტია. ჩვენ არამც თუ კადრები არ შეგვიმცირებია, არამედ  რესურსების მოძიება დაგვჭირდა იმისთვის, რომ დამატებით რეგულაციებს გავმკლავებოდით და უსაფრთხო გარემო შეგვექმნა აფთიაქებში.

ჯამში პანდემიის პერიოდში, 1200-მდე ახალი თანამშრომელი ავიყვანეთ და ახლა მთლიანად პსპ-ს სააფთიაქო ქსელში 4500 თანამშრომელს ვითვლით.

-ნამდვილად შთამბეჭდავი ზრდაა და ალბათ ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი პლუსი ისაა, რომ ის ადამიანებს ასაქმებს. იმედია, წლევანდელი წელი შარშანდელზე უკეთესი იქნება და მინდა ჩვენმა მსმენელმა კარგად გაიგოს, რომ ბიზნესისთვის წარმატებული წელი, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ წარმატებული იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან ბიზნესი არის გადასახადების მთავარი გადამხდელი ბიუჯეტში და მთავარი დამსაქმებელი ქვეყანაში.
2022 წელი როგორი იქნება ამ კუთხით?

-დაგეთანხმებით, რომ ძლიერი ბიზნესი ნიშნავს ძლიერ ქვეყანას, 2022 წელიც, რა თქმა უნდა, გამოწვევებით არის სავსე და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საკითხი გადაჭრილია, კვლავ გამოწვევად რჩება პანდემია და ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ დასასრულისკენ წავალთ 2022-ში.

დარგის ზოგადი გამოწვევა 2022 არის GDP სტანდარტი, რომელიც ახალია და ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება 2021 წლიდან. ეს არის კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა, რომელიც უკვე დაინერგა პსპ-ში. 2022  წლიდან ყველა ფარმაცევტულ დისტრიბუტორს ექნება ვალდებულება, რომ GDP-ს  სტანდარტებს მოერგოს.

მოხარული ვართ, რომ ერთ-ერთი პირველი კომპანია ვართ, რომელიც ამ სტანდარტებს აკმაყოფილებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა ოპერატორი, რომელიც დარგში მოქმედებს, შესაბამისად გადაეწყობა GDP-ის სტანდარტებზე.

2022 წლისთვის დაანონსებული ახალი რეგულაციები ასევე გამოწვევები იქნება. ახალი რეგულაციები ეხება კონკურენციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას და  დაანონსებულ ფასწარმოქმნის პოლიტიკას და ა.შ.

სამწუხაროდ ჩვენთვის უცნობია, რომელი კუთხით წავა სახელმწიფო რეგულაცია, რადგან ევროპის სხვადასხვა ქვეყანას თავის რეგულაცია აქვს ფასწარმოქმნის.

ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა კუთხით წავალთ. მნიშვნელოვანია, რომ ფარმაცევტული დარგის წარმომადგენლები ამ პროცესში, რა შედეგსაც ვიღებთ, იდეალური გავლენა იქონიოს ფასებზე და მომხმარებელს უფრო მეტად გაუადვილდეს ხელმისაწვდომობა ყველა ფარმაცევტულ პროდუქტზე.

-სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს აუცილებლად პოზიტიური როლი და მის მიერ დაწესებულ ახალ რეგულაციაზე მედიიდან არ უნდა იგებდეს ბიზნესსექტორი. და რეგულაციები კი არ უნდა ურთულებდეს ბიზნესს ცხოვრებას, ფასებსა და ხარჯებს კი არ უნდა უმატებდეს, არამედ ფასები თავისთავად უნდა შეამციროს. იმედია, თქვენც ასეთი მოლოდინი გაქვთ, რომ პოზიტიური უნდა იყოს სახელმწიფოს როლი ფარმაციის სექტორთან დაკავშირებით.
-დარგის ყველა წარმომადგენლის მონაწილეობა ამ პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიზანი ამ შემთხვევაში პსპ-საც, სხვა ფარმაცევტულ კომპანიებსაც და სახელმწიფოსაც აქვს ერთი, რომ გავზარდოთ ხელმისაწვდომობა ფარმაცევტულ პროდუქტზე და ამ მიზნის მიღწევაში თუ ჩვენ ერთობლივად არ ვიმუშავეთ, იგივე დარგობრივი ბიზნესასოციაციების ჩართულობით, ვერ მივაღწევთ სასურველ შედეგს.

ეს შედეგი უნდა აისახოს მომხმარებელზე, რისთვისაც საჭიროა რუტინული მუშაობა და დარგის ექსპერტების ჩართულობა.

-ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროცესს ყურადღებით დავაკვირდებით და 2022 წელს „ბიზნესკურიერი“ ამ თემებს აუცილებლად დაუთმობს ეთერს.