საქართველოს შრომის ბაზარზე ცოტა უცნაური სიტუაციაა შექმნილი. ერთი მხრივ, გვაქვს მაღალი უმუშევრობა, 2021 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით 19.5% და მეორე მხრივ, კომპანიებს უჭირთ კვალიფიციური თანამშრომლების პოვნა.
განსაკუთრებული პრობლემა შეექმნათ სასტუმროებს და სამასპინძლო ბიზნესს, სადაც კადრების მნიშვნელოვანი პრობლემაა. რა ხდება შრომის ბაზარზე და როგორია ახალი მოთხოვნები დამსაქმებლებისგან პანდემიის პერიოდში?
„ბიზნესკურიერის” სტუმარია მედეა ტაბატაძე, საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ მენეჯერი.
-მედეა, ვფიქრობ, რომ უცნაურია ეს მდგომარეობა, ერთის მხრივ გვაქვს მაღალი უმუშევრობა და მეორეს მხრივ დეფიციტია მუშახელის. ხშირად მესმის, რომ განსაკუთრებით საშუალო და დაბალანაზღაურებადი კადრების პოვნა ჭირს. მით უფრო სამასპინძლო ბიზნესში.
თქვენ, როგორც სპეციალისტი, ამ ყველაფერს როგორ შეაფასებდით?
-კადრების დეფიციტი, რა თქმა უნდა, გვაქვს. მსოფლიოს მასშტაბით ძალიან მწვავედ დგას ეს პრობლემა. მომსახურე პერსონალი გნებავთ სასტუმრო ბიზნესში, გნებავთ სააფთიაქო ქსელში, გნებავთ სამედიცინო სფეროში- ყველგან პრობლემაა. ასეთივე სიტუაციაა ადმინისტრაციული ბიზნესის განვითარების მიმართულებით.
პანდემიის შემდეგ გვაქვს მოლოდინები, რომ შემოსავლები უნდა გაიზარდოს და დაუბრუნდეს ნიშნულს, რაც 2020-ის შემდეგ თითქოს დაიკარგა, 2021-ის მეორე ნახევრიდან კი გამოჩნდა, შეიძლება უფრო სწორად გამოვლინდა, სამუშაო ადგილები შეიქმნა.
რამდენი სამუშაო ადგილი შექმნა რომელიმე ინდუსტრიამ, ამის სტატისტიკური ინფორმაცია, სამწუხაროდ არ გვაქვს. ამის გასაგებად ჩვენ ვსარგებლობთ სამუშაოს განთავსების საიტებიდან. ესეც სრული ინფორმაცია არ არის, იმიტომ რომ ვაკანსიები შეიძლება არ გამოცხადდეს და ორგანიზაცია, შეიძლება შიგნით არსებული „ნეთვორქით“ ეძებს თანამშრომლებს.
კომპანიების აქტიურობა შეჯამებისას ასე გამოიყურება:
პირველი ეს არის გაზრდილი სამუშაო პოზიციები.
მეორე გახლავთ ის, რომ ამ ყველაფერზე გავლენა მოახდინა პანდემიამ.
მინიმალური, რაც შეგვიძლია, არგუმენტად მოვიტანოთ, არის ის, რომ თუ ვინმე ავად არის, მუშაობას ვერ შეძლებს და ბევრი ადამიანი დაინფიცირების გამო ვერ მუშაობს, (დაინფიცირების რიცხვი დღესაც მაღალია).
მუშახელის დეფიციტის ობიექტური მიზეზიც გვაქვს რთულდება ადამიანების მოძებნა, რომლებიც სამუშაოს შეასრულებენ. მათ თუნდაც ფიზიკურად არ შეუძლიათ, რომ გასაუბრებაზე მივიდნენ.
უმუშევრობის ობიექტური, უფრო სწორედ ფსიქოლოგიური მიზეზია, როდესაც ადამიანი საუბრობს, რომ შეიძლება, დაავადდეს და არ მიდის სამსახურში. ვიღაცას შიში აქვს, ვიღაცას ინტერესი აქვს დაკარგული.
მესამე – სახლში ყოფნამ პანდემიის პერიოდში მთელი მსოფლიო თითქოს გააზარმაცა და თითქოს მოდუნდა ყველა. იკლო მუშაობის სურვილმა და პარალელურად კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სტრესი თუ შიში, რომ დაავადება არ შეხვდეს ადამიანს, დიდია.
-მესმის, რთულია ზუსტი მიზეზის დადგენა და ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ ვივარაუდოთ, რატომ შეიძლება იყოს მოთხოვნა გაზრდილი და კვალიფიციური კადრების მიწოდება შემცირებული.
ჩვენთან დასაქმების კუთხით, მთავარი პრობლემა იყო კვალიფიკაცია. ადამიანებს არ აქვთ შესაბამისი უნარები და განათლება იმისთვის, რომ გარკვეულ სამსახურს მოერგონ და გარკვეულ პოზიციებზე იმუშაონ.
ხშირად ვერც სკოლა და ვერც უმაღლესი სასწავლებელი ვერ აძლევთ მათ შესაბამის უნარებს და განათლებას იმისთვის, რომ ისინი არსებულ რეალობას მოერგონ და სამსახურში რომ მიდიან, იქ სწავლობენ მუშაობას.
-ცოდნის და უნარების დეფიციტი განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა, რადგან ახლა საინტერესო პერიოდია. ტექნოლოგიების პროცესში მოთხოვნა მაღალია. მაგალითად რომ ავიღოთ სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესს საერთოდ არ სჭირდება ციფრული ტექნოლოგიები, მაგრამ კვალიფიციური თანამშრომლების დეფიციტია აქაც.
უნარებზე, რომელსაც თქვენ საუბრობთ, შეგვიძლია ორად გავყოთ.
ერთი არის მინიმალური უნარები და პრობლემაა კომუნიკაცია სტუმართან თუ კლიენტთან.
მეორე – თანამედროვე პროფესიებში მოთხოვნა მაღალია, აქაც დეფიციტია მუშახელის. ახლა უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ მუშახელს ორჯერ მეტი ცოდნა სჭირდება, ის რაც ბიზნესის განვითარებასთან მოიაზრება.
შესაბამისად, ვერც არსებული რაოდენობა და ხარისხი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას და მუდმივად დეფიციტზე საუბარი მგონია, რომ ესეც უკვე ტრადიციად გვექცა. არის აქტივობები, ტრენინგები იმართება, ხდება სასწავლო პროგრამების დაფინანსება, მაგრამ მგონია, რომ ეს არასისტემური ხასიათისაა ხოლმე და კონკრეტულად რა ცოდნა სჭირდება დასაქმებულებს, ესეც მოსაძიებელი და დასაზუსტებელია.
-მოუწევთ თუ არა ბიზნესებს საშუალო ხელფასის ზრდა? ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფო უწყებებში გაიზარდა ხელფასი და ეს ერთგვარი ტრიგერია, ანუ ეს მოტივატორი იქნება, რომ ბიზნესშიც გაიზრდება ხელფასი, მით უფრო რომ ადამიანებმა იციან, რომ ეს დროებითი, რამდენიმეთვიანი სამუშაოა.
მთავრობას გეგმები აქვს, როგორ უნდა ჩართონ ისინი სამუშაო ძალაში და გარდა ამისა, ბევრი ადამიანი სამუშაო ძალის გარეთ არის სწორედ ამ დაბალი ანაზღაურების გამო.
-პირადი საუბრებიდან მსმენია, რომ ბაზარზე გავაორმაგებ ხელფასს და ბონუსსაც ვაძლევო. იქნება ბიზნესები, ვისთვისაც ეს პროცესი მტკივნეული იქნება, მაგრამ მათ ამის გაკეთება მოუწევთ.
ისინი არჩევანის წინაშე დადგებიან, რომ მოიყვანონ სამი ადამიანი და ხარჯი გახადოს მოქნილი, ვიღაცას შეუთანხმდეს, რომ ნახევრის ნახევარ განაკვეთზე იმუშავებს და ხარჯი, რაც დაგეგმილია, გაყოს სამად.
ასეთი გამოსავალიც გაჩნდება, მაგრამ ძირითადად ის, რაც აუცილებლად იქნება ჩვენთანაც რომ ხელფასები გაიზრდება. ჩვენ გვქონდა გამოკითხვა და ბევრმა ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ხელფასები გაზარდეს 20 %-მდე.
-ეს მოსალოდნელიც იყო, განსაკუთრებით მაღალი ინფლაციის ფონზე, როდესაც ხარჯი გაგვეზარდა და შემოსავალი ვეღარ ეწევა ხშირ შემთხვევაში ხარჯებს.
მაღალანაზღაურებად სექტორში ხელფასი 2 ათასი ლარია, მაგრამ თვიდან თვემდე აღარავის აღარ ყოფნის, მაღალანაზღაურებად სექტორში თუ არის მოსალოდნელი ან კადრების გაზრდა, ან ამის დაბალანსება ხელფასების ზრდით?
-მაღალანაზღაურებადი თანამშრომლების დეფიციტიცაა. ხელფასები აქ უფრო გაიზარდა. მომავალში ორივე მიმართულებით გაიზრდება, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი.
ჩვენი გამოკითხვა ორივე მიმართულებას მოიცავდა. კვალიფიკაციური თანამშრომელი იმდენად დეფიციტია, ყველა პოზიციაზე და ყველა მიმართულებით, რომ არავინ არაა, ვისაც გაზრდილ ანაზღაურებას მივცემთ და ჩვენ სამუშაოს შეასრულებს.
-ერთ-ერთი პრობლემა ალბათ ისიც არის, რომ ჩვენი ქვეყნიდან გადის ბევრი ადამიანი და ცდილობს, იქ დასაქმდეს.
ამ პრობლემის მოგვარებაზეც მოუწევს ფიქრი და ზრუნვა როგორც მთავრობას, ისე ბიზნესს.
