რადიო “ფორტუნა” და “ბიზნესკურიერი” აგრძელებს მცირე ბიზნესისა და სტარტაპერების მხარადაჭერას და ამჯერად, გაგაცნობთ „ხმა“-ს, ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდს, რომელიც პანდემიის პირობებში შეიქმნა, როცა ყველაფერი ჩაკეტილი და იზოლირებული იყო.
ის მალევე გახდა USAID-ის პროექტის ბენეფიციარი, რამაც შესაძლებლობა მისცა დამფუძნებელს უფრო მეტად და სწრაფი ტემპით განევითარებინა მისი ბრენდი. გარდა პროდუქტისა, „ხმა“მუდმივად სთავაზობს გამომწერებს შთამაგონებელ და მამოტივირებელ ინფორმაციას.
„ბიზნესკურიერის” სტუმარია ხატია მათიკოშვილი, „ხმა“-ს დამფუძნებელი
-ხატია, როგორ გარისკეთ პანდემიის პირობებში ახალი საქმის წამოწყება? მაშინ როცა ყველაფერი ჩაკეტილი იყო.
– ძალიან რთული იყო, იმ პერიოდში მომიწია ფიზიკურად სახლში ყოფნა და არაფრის კეთება რომ არ შემეძლო, ძალიან ცუდად მოქმედებდა ჩემზე.
ზუსტად ამ დროს მივიღე რთული გადაწყვეტილება და საბედნიეროდ ჩემს შემთხვევაში გაამართლა, დღეს უკვე მოქმედი პატარა ბიზნესი მაქვს და ბევრი კარგი მომხმარებელი და ჩემი გუნდიც მყავს.
– რას აწარმოებთ, რატომ დაარქვით ასეთი სახელი ბრენდს, როდესაც თქვენ ტანსაცმელსა და აქსესუარებს აწარმოებთ?
როგორ მიხვედით იდეიდან ბიზნესის შექმნამდე?
-„ხმა“ დავარქვი კატო მიქელაძის შთაგონებით. კატო მიქელაძე ქუთაისში ერთ-ერთი წარმატებული ქალი იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში, გამოსცემდა ჟურნალს „ ხმა ქართველი ქალისა“. ის იყო განმანათლებელი. მისი გავლენით, პატივისცემითა და სიყვარულის გამოხატვის მიზნით დავარქვი ბრენდს ეს სახელი და გარდა ამისა მგონია, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ძალიან მკვეთრი ხმა ვინც გამოხატავს საკუთარ თავს და საკუთარ შინაარსს.
პირველ ეტაპზე გვქონდა მაისურები, მერე ეტაპობრივად ვამატებდით და ვაფართოებდით ჩვენს წარმოებას.
– ტანსაცმლის შექმნა ყოველთვის გინდოდათ? გქონდათ დიზაინის და კერვის ნიჭი, თუ უბრალოდ იდეა და სურვილი გქონდათ ბრენდის შექმნის და შემდეგ მოახერხეთ ხორცშესხმა?
-ბავშვობიდან ყოველთვის მიზიდავდა დიზაინი. დედაჩემის გარდერობშიც ვძვრებოდი ხოლმე და რაღაცებს ვაკეთებდი.
თავში რომ ყოველთვის რაღაც გიტრიალებს და არ გასვენებს, სულ მქონდა ხოლმე ასეთი მომენტი, სულ მინდოდა, რომ რაღაც შემექმნა..
ჩემთვის კარგი აღმოჩნდა პანდემია. ძიების პროცესში დამეხმარა და შთაგონებაც მომცა. ძალიან სპონტანურად, ბევრი ფიქრი არ დამიწყია, მივიღე გადაწყვეტილება და რომ ვთქვი, უნდა გავაკეთო- მეთქი, მაშინვე დავიწყე ძიება იმისთვის, რა მჭირდებოდა იმის გასაკეთებლად, რაც საჭირო იყო სამოსის შესაქმნელად.
– ბიზნესის დასაწყებად კაპიტალის მოძიება ძალიან მნიშვნელოვანია. USAID-ის პროექტის ბენეფიციარი ხართ. სხვა პროექტებიც თუ იყო, რომ გაგვიმხილოთ. …ფინანსური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც დამწყები მეწარმე ხარ…
– დასაწყისში ყველაფერი ჩემი დანაზოგით გავაკეთე და შემდეგ USAID-ის პროექტიც ძალიან დამეხმარა იმ კუთხით, რომ მომცა შესაძლებლობა ახალი საქმე დამეწყო.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც დამწყები მეწარმე ხარ. ამ შემთხვევაში ხედავ, რომ შენში სხვებიც ხედავენ პოტენციალს, რომელსაც შენ შენს თავში ხედავ.
ასეთ შემთხვევაში რომ გეთანხმებიან და შენში დებენ თანხას და რესურს, უფრო მეტი პასუხისმგებლობაც არის. რაც უფრო მეტ თავდაჯერებულობასაც გაძლევს.
USAID-ის ბენეფიციარი ვარ და ამის საშუალებით შევძელი ჩემი პროდუქციის გაფართოება და ტექნიკის ყიდვა. მაქვს კიდევ გეგმები, რომელსაც ჯერ ვერ გავაჟღერებ, რადგან მოლაპარაკების პროცესში ვარ.
– როგორ და რა საშუალებებით ყიდით თქვენს პროდუქციას და რა ტიპის პროდუქციაა? ინტერნეტის საშუალებით თუ შოურუმი გაქვთ? კონკრეტული ხაზები თუ გაქვთ?
– პირველ ეტაპზე მქონდა მხოლოდ ერთი ხაზის, ძირითადად ქალებზე გვქონდა გათვლილი და შემდეგ მოთხოვნამ აჩვენა, რომ უნდა დაგვემატებინა მამაკაცების ხაზიც და დაახლოებით 2 თვის წინ დავამატეთ.
პროდუქციას ძირითადად ონლაინ ვყიდით. მივიღეთ შეთავაზება, რომ საიტზე განვათავსოთ. ტანსაცმელი და აქსესუარები ისეთი რამაა, რომ როგორც ბევრმა მომხმარებელმა გვითხრა, სურთ ვიყოთ სადმე განთავსებული, სადაც შეძლებენ მოსვლას და მოზომვას.
ეს ყველაზე დიდი ბარიერია ხოლმე ჩვენსა და მომხმარებელს შორის, რადგან ვერ იგებენ ზომებს და როცა მოიზომებ, შეიძლება, არ მოგეწონოს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ვმუშაობთ და გვინდა, სადმე ფიზიკურადაც ვიყოთ წარმოდგენილი.
რამდენად შევძლებთ ამის განხორციელებას არ ვიცი, თუმცა მომავალში გვაქვს გეგმა, რომ რომ ფიზიკურად სადმე განვათავსოთ პროდუქცია.
-ონლაინ გაყიდვები და საკუთარი ვებგვერდის არსებობაც ალბათ საჭიროა. გაქვთ გეგმაში ვებგვერდის შექმნა?
-აუცილებლად შევქმნით, იმიტომ რომ ძალიან რთულია, როდესაც მომხმარებელთან კომუნიკაცია გაქვს, როდესაც ათობით ადამიანი გწერს და დროში უნდა ჩაეტიო. მერე კომუნიკაცია რთულდება. ონლაინმაღაზიებისთვის აუცილებელია, რომ ჰქონდეთ ვებგვერდი. მგონია, რომ ეს ჩვენ და მომხმარებელს კომუნიკაციას გაგვიადვილება.
2022 წელს გეგმაში გვაქვს, რომ საიტი გვქონდეს და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს.
-რა იყო თქვენი ბრენდის წარმატების მიზეზი მოკლე ვადაში?
-ვფიქრობ, რომ გულწრფელობა. არაფერი ვიცოდი თავიდან, რას ვაკეთებდი და სად წამიყვანდა ეს ყველაფერი, მაგრამ ვიცოდი ერთი რამ, რომ მომხმარებელთან აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი გულწრფელი.
ჩემი მიზანი მაინცდამაინც არ ყოფილა, რომ რაღაცები გამეყიდა. მინდოდა, რომ ღირებული რამ შემექმნა, რის გარშემოც სხვადასხვა ადამიანები გაერთიანდებოდნენ.
სწორედ ეს იყო ალბათ ჩვენი ბრენდის წარმატების მიზეზი, რომ ის, რასაც ვქმნიდით, საინფორმაციო მესიჯები და შთამაგონებელი ტექსტები, რასაც ვავრცელებდით, განაპირობა მომხმარებლებში ნდობა და სიყვარული. როდესაც ასეთი დამოკიდებულება გაქვს მომხმარებელთან, მომხმარებელი ამას აუცილებლად გრძნობს, მერე რაღაც პატარა შეცდომებს გპატიობს და თითქოს ერთად იზრდებით შენ და მომხმარებელი, დარღვეულია ის ბარიერი, რომ მყიდველი ხარ და უნდა იყიდო. ძალიან მეგობრული ხარ და ასეთი გულწრფელი დამოკიდებულებით შევძელით, მარტივად და სწრაფად გაზრდა.
-წარმატებებს გისურვებთ, დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი მიდგომებით წარმატება აუცილებლად მოვა და მთავარი პრობლემა, კაპიტალის მოძიების, რაც ძირითადად არსებობს, დამწყები ბიზნესისთვის, უფრო და უფრო ადვილად მოგვარდება და ბიზნესმენები ადვილად მოიძიებენ კაპიტალს იმისთვის, რომ ბიზნესი კიდევ უფრო მეტად განავითარონ და უფრო მეტი ადამიანი დაასაქმონ.
