LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხაბე, მოდი აგერ ჯიგარო, წაიღე და გადაამოწმე ეს დოკუმენტი შე მასხარა შენა“ – მწვავე დებატები დეპუტატებს შორის

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების ამსახველი ფოტომასალა წარმოადგინა.

როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, “ხელისუფლება იმისთვის არის დაქირავებული, რომ ასეთ ადამიანებს დაეხმაროს, ვის სახლსაც სახურავი არ აქვს და ვინც სოციალურ დახმარებას ვერ იღებს, ეს არის მათი სამსახური და არა ის, რომ ნუნუ თამაზაშვილს, ნარმანიას და მის მეუღლეს ტყე გაუფორმოს”.

მან პრემიერ-მინისტრის მეუღლის და სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას მეუღლისთვის იჯარით გადაცემული ტყის ამსახველი ფოტომასალაც წარადგინა და ხელისუფლებას ამ საიჯარო ხელშეკრულებების გაუქმება მოსთხოვა.

ლევან ხაბეიშვილის გამოსვლას ირაკლი ზარქუას გაბრაზება გამოიწვია.

„იმედი მქონდა, როდესაც რადიკალური ოპოზიცია სხდომათა დარბაზში შემოვიდა, ოდნავ მაინც გააკეთებდა აქცენტს მიმდინარე თემებზე“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პლენარულ სხდომაზე.

„ტყე აჩუქესო. ეტყობა, დროში აერია. მოიკითხე, აბა, შენი ბელადი როგორ გადასცემდა 1 ლარად, ხან როგორ ჩუქნიდა ხოლმე თავის პარტიულ მუშაკებს, ხან ტერორისთვის, ხან პარტიული დავალების „კარგად“ შესრულებისთვის“.

შემდეგი ტყუილი, რაც თქვა და რეკორდი მოხსნა – 8-სართულიანი კორპუსი ააშენაო, კალაძემ მისცაო. დიახ, ეს პრობლემაა. შენ რომ მუშაობდი მერიაში, სადაც, ხელფასთან ერთად პრემია-დანამატს იღებდი, შენმა მერმა უგულავამ გადასცა ეს მიწა – 366 კვადრატი 580-დან, 2010 წელს გაყიდა, რეკრეაციული ზონა.

ახლა, გამოდი და თქვი სიმართლე. თუ მე ტყუილი ვთქვი, მაშინ ბოდიშს მოვიხდი და წავალ პოლიტიკიდან, თუ არადა შენ ადექი და წადი პოლიტიკიდან. არ შეგარჩენ არცერთ ტყუილს. მოდი ადეკვატურობაში.

თორემ ის NDI-ის კვლევა პოზიტიურად რომ არის განწყობილი თქვენს მიმართ, ისიც კი გიწერთ, რომ მილევად რეჟიმში ხართ გადასული. ხაბე, მოდი აგერ ჯიგარო, წაიღე და გადაამოწმე ეს დოკუმენტი შე მასხარა შენა“, – მიმართა ირაკლი ზარქუამ ლევან ხაბეიშვილს.