LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომიკრონის შტამი სწორედ ბავშვებს უტევს, მეტიც, საფრანგეთში სწორედ ბავშვები ითვლებიან ომიკრონის გავრცელების მთავარი წყაროდ – რევაზ ბოჭორიშვილი

31 იანვარს ,,ავტორადიოსა’’ და ნატა ხარაშვილის გადაცემას ,,სტუმრად ექიმთან“ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი კლემონ-ფერანის ენდოსკოპიური სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი სტუმრობდა, რომელმაც კორონავირუსსა და მასთან დაკავშირებულ აქტუალურ თემებზე ისაუბრა.

 – ბატონო რევაზ, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სინოფარმის ვაქცინით აიცრა. განსხვავებულად აფასებენ ჩინურ ვაქცინას ექსპერტები, რადგან ნაწილის აზრით სინოფარმით აცრა სრულიად უშედეგოა. საინტერესოა, თქვენ რომელ ვაქცინას ანიჭებთ უპირატესობას ომიკრონთან ბრძოლისას?

– ევროპაში ჩინური ვაქცინა არაა დაშვებული, ექსპერტები ნაკლებად ინტერესდებიან მისით და ინფორმაციაც ძალიან მწირია. რაც შეეხება მსოფლიოში ჩატარებულ კვლევებს – მტკიცება, თითქოს სინოფარმით აცრაც უშედეგოა, რა თქმა უნდა, არ იქნება გამართლებული. მართალია, სხვა ვაქცინებთან შედარებით სინოფარმი ნაკლებ ეფექტურია, მაგრამ მასაც აქვს ვირუსისგან დაცვის უნარი. სამწუხაროდ, ომიკრონმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა, რადგან მის ფონზე ყველაზე პოპულარულმა და გავრცელებულმა რნმ ვაქცინამ – ფაიზერმაც დაკარგა ეფექტურობა, თუმცა ბოლო კვლევების თანახმად, მაინც ამცირებს სიკვდილიანობას 90%-ით. რნმ ვაქცინების მთავარი პრობლემა ეფექტურობის ხანგრძლივობაა, ვაქცინაციიდან 4-5 თვეში საგრძნობლად იკლებს ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობა და სწორედ ამიტომ, შემცირდა შუალედური პერიოდი დოზებს შორის. სავარაუდოდ, ჩინურ ვაქცინასაც მოქმედების მოკლე ვადა აქვს, თუმცა, მხოლოდ ანტისხეულების სიმცირის გამო ვერ ‘’დავადანაშაულებთ’’ არაეფექტურობაში, რადგან სხვა კომპონენტებზე მუშაობს და მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნურ სისტემას.

– რამდენად გამართლებულია მოსაზრება, თითქოს ჩინეთში სწორედ სინოფარმის წყალობით შემცირდა კოვიდის შემთხვევები?

– სამწუხაროდ, ჩინეთი ნაკლებად ავრცელებს ინფორმაციას, დასავლური პრესის მტკიცებით კი, შემთხვევების სიმცირე არა იმდენად  ვაქცინის ეფექტურობამ, რამდენადაც თავიდანვე მიღებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა განაპირობა.

– საქართველოში, მთავარ პრობლემად ტესტების უზუსტობა ითვლება, რადგან ვერც სწრაფი, ვერც პისიარ ტესტი ვერ ავლენს ვირუსს. თქვენი აზრით, რა არის ამგვარი შეცდომების მიზეზი?

– ხშირად ვადარებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს საფრანგეთში არსებულ სიტუაციასთან და ძალიან მიკვირს ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პისიარ ტესტი ვერ ავლენს ომიკრონს. სავარაუდოდ, ცრუ უარყოფითი პასუხების სიმრავლე ტესტის არასწორად გაკეთების შედეგია, რადგან საფრანგეთში ტესტის 99% სწორედ ომიკრონის შემთხვევას ადასტურებს, შესაბამისად, მტკიცება თითქოს პისიარ ტესტს ომიკრონის დიაგნოსტიკა უჭირს – მცდარი და გაუმართლებელია.

– საკმაოდ ხშირია რეინფიცირების შემთხვევები. რას თვლით საუკეთესო პრევენციად, როგორ შეიძლება ხელმეორედ დაინფიცირების თავიდან არიდება?

– ნებისმიერი დაავადების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმუნური სისტემის ინდივიდუალურ რეაქციას. ამასთანავე, გასათვალისწინებელია რამდენად დიდია ვირუსების, ინფექციის ზეწოლა ორგანიზმზე. დღეს ვირუსების შემცირების ყველაზე ეფექტურ საშუალებად პირბადე ითვლება, რომელიც პირს, ცხვირს უნდა ფარავდეს და აუცილებლად ყოველ 4 საათში გამოიცვალოს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ოთახების ხშირი განიავება და ხელების დამუშავება, რადგან სწორედ ხელებია ინფიცირების მთავარი წყარო.

 – როგორც აღნიშნეთ, ხელები ინფიცირების მთავარი წყაროა. საინტერესოა დაავადებულ ადამიანთან უშუალო კონტაქტის გარდა, კიდევ როგორ შეიძლება დაინფიცირება?

-ცხადია, გავრცელების ძირითადი წყარო ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტია. მნიშვნელოვანია ურთიერთობის პერიოდიც, რადგან 15-წუთიანი კონტაქტის შემდეგ საგრძნობლად იზრდება ვირუსის გადადების რისკი, თუმცა გასათვალისწინებელია ადამიანებს შორის დისტანციაც, რომელიც სულ მცირე 1,5 მეტრს უნდა შეადგენდეს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია ხელების გულდასმით დამუშავება, რადგან ხშირად უნებლიედ, გაუაზრებლად ვეხებით სახეს და სწორედ ხელები ხდება ინფიცირების მთავარი წყარო, რომლებზეც დიდი ხნით რჩება ვირუსი. სამწუხაროდ, ომიკრონი სხვა შტამებზე ვერაგია და  უფრო დიდხანს რჩება ზედაპირებზე, შესაბამისად, აუცილებელია ჰიგიენის დაცვა.

 – მართალია, ომიკრონი გვიტევს, მაგრამ საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ ერთი მესამედია აცრილი, რასაც დაინფიცირებულთა მცდარი სტატისტიკაც ემატება, რაც თავის მხრივ, ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. როგორ ფიქრობთ, რაშია გამოსავალი?

– ძალიან კომპლექსური თემაა, ამიტომ რთულია კონკრეტული პასუხის გაცემა. პირველ რიგში, აუცილებელია არსებული რეკომენდაციების დაცვა. რამდენადაც ვიცი, საქართველოში მოქალაქეები აქტიურად ატარებენ პირბადეს, რაც ძალიან მახარებს და ოპტიმიზმის მიზეზსაც მაძლევს. თუმცა, მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით საუკეთესო გამოსავალი მაინც აცრაა, რადგან  ვაქცინაციის ფონზე ბევრად მსუბუქად მიმდინარეობს დაავადება. საბედნიეროდ, საქართველოში ყველა ვაქცინა ხელმისაწვდომია, ამიტომ მაქსიმალურად უნდა გაგრძელდეს ვაქცინაციის პროცესი.

– როგორია კოვიდის მკურნალობის პროტოკოლი საფრანგეთში?

– საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო ყოველ კვირა მკურნალობის განახლებულ პროტოკოლს გვთავაზობს, ამიტომ რთულია კონკრეტულად საუბარი. თავიდანვე გაცხადდა, რომ კოვიდის შემთხვევაში პაციენტების მხოლოდ მცირე ნაწილი იმკურნალებდა კლინიკაში, ძირითადი მასა კი, სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით მოიხდიდა ვირუსს. კლინიკაში პაციენტებს მკაცრად გაწერილი პროტოკოლით მკურნალობენ, დაუშვებელია იმპროვიზაცია და ექიმის თვითნებურად ჩარევა. აღსანიშნავია, რომ ჩვენს კლინიკებში კოვიდის მკურნალობაც და პრეპარატებიც უფასოა.

– სახლში მკურნალობისას, ხანგრძლივი ცხელების შემთხვევაში პაციენტები ხშირად  მიმართავენ ანტიბიოტიკებს. რამდენად გამართლებულია მსგავსი პრეპარატების მიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე?  

– აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალური ინფექციების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი – სწორედ ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენებაა, რაც ბოლო წლებში განსაკუთრებით გახშირდა და  სერიოზულ პრობლემად იქცა, რადგან ყოველწლიურად უამრავი ადამიანი იღუპება ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული შტამებით გამოწვეული ინფექციებით.

 – სამწუხაროდ, საქართველოში ომიკრონით ზრდასრულებზე მეტად ბავშვები ავადდებიან.   რას თვლით მცირეწლოვნებში გავრცელების მთავარ მიზეზად და რა მდგომარეობაა ევროპაში?

– სამწუხაროდ, ომიკრონის შტამი სწორედ ბავშვებს უტევს. მეტიც, საფრანგეთში სწორედ ბავშვები ითვლებიან ომიკრონის გავრცელების მთავარი წყაროდ, გახშირდა ვირუსის დამძიმების შემთხვევებიც, რაც სხვა შტამების დროს მხოლოდ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა,  ამიტომ, საფრანგეთში უკვე 5 წლის ასაკიდან დაიშვა ბავშვების აცრა.

 – რამდენად გამართლებულია მოსაზრება თითქოს ომიკრონი პანდემიის დასასრულის დასაწყისია? 

– ამგვარი პროგნოზის გაკეთება არასერიოზულია, რადგან არ არსებობს მეცნიერულად დადასტურებული არგუმენტები. სხვათა შორის, მსოფლიო მედიცინა ხშირად მიმართავს ძველ მაგალითებსა და გამოცდილებას, ამიტომ ახლა მეტად აქტუალურია კოვიდის ესპანურ გრიპთან შედარება, რომელიც დაახლოებით 3 წელი გაგრძელდა, უამრავი ადამიანი იმსხვერპლა ბოლოს კი, თავისით გაქრა. იმედია, ერთ მშვენიერ დღეს კოვიდიც გაქრება, მით უფრო, რომ სხვა შტამებთან შედარებით ის ბევრად მარტივად მიმდინარეობს. თუმცა, დამშვიდების მიზეზი მაინც არ გვაქვს, რადგან  შესაძლოა სწორედ ომიკრონის შემდეგ გაჩნდეს ბევრად მძიმე შტამი. გასათვალისწინებელია, რომ მასიურად დაავადებულთა მკურნალობას ვერცერთ ქვეყანა ვერ შეძლებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ინფიცირებულთა შემცირება და კოვიდის მორიგი ტალღის დროში გაწელვა.

– რამდენად მნიშვნელოვანია პოსტკოვიდური კვლევების ჩატარება და რამდენად არსებობს  საფრანგეთში მსგავსი გაიდლაინი?

– საფრანგეთში არასდროს მიმართავენ მსგავს პრაქტიკას და არასდროს უნიშნავენ პაციენტს დამატებით გამოკვლევას თუ მას არც მკურნალობის და არც პოსტკოვიდურ პერიოდში არ აღენიშნებოდა საგანგაშო სიმპტომები.

– მედიკოსები დიდ იმედებს ამყარებენ კოვიდის საწინააღმდეგო პრეპარატებზე. თქვენთვის რა უფრო პრიორიტეტულია ვაქცინაცია თუ მსგავსი მედიკამენტები?

– სამწუხაროდ, დღეს ეფექტური ანტივირუსული პრეპარატი არ არსებობს. მართალია, მკურნალობის პროტოკოლის შესაბამისად მედიკოსები ხშირად მიმართავენ მედიკამენტების გარკვეულ ჯგუფს, მაგრამ ტოქსიკური ბუნებიდან გამომდინარე ყველას აქვს გვერდითი მოვლენები. ვფიქრობ, კოვიდის გავრცელების და გართულების თავიდან აცილების ერთადერთი გზა მაინც ვაქცინაციაა.