LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ პროექტს აქვს შანსი 2022 წლის საუკეთესო შენობა გახდეს – „ეს არის ძალიან კარგი საშუალება მსოფლიოს კიდევ ერთხელ გავაცნოთ საქართველო“

რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“ ნომინირებულია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურული გამოცემა ArchDaily-ის ჯილდოზე – 2022 წლის საუკეთესო შენობა. კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდება ხმის მიცემის შედეგად. იმისთვის, რომ ქართულ პროექტს მხარი დაუჭიროთ, საჭიროა გადახვიდეთ ბმულზე https://bit.ly/3r6pi3t და მიჰყვეთ ინსტრუქციას.

რამდენად მნიშვნელოვანია ქართული პროექტისთვის არქიტექტურული გამოცემა ArchDaily-ის კონკურსში მონაწილეობა და რა ეტაპები უნდა გაიაროს პროექტმა რომ გაიმარჯვოს –  ამ და სხვა თემებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში, „სტუდია 9″-ის მარკეტინგის მენეჯერმა თეა ჩუბინიძემ ამომწურავად ისაუბრა და „წისქვილის“ შექმნის ისტორიაც გაიხსენა.

– რას წარმოადგენს ეს კონკურსი და რა ნიშნით გამოარჩიეს „წისქვილის” პროექტი?

როგორც თქვენ აღნიშნეთ, რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“ ნომინირებულია  ArchDaily -ის ჯილდოზე – 2022 წლის საუკეთესო შენობა. ArchDaily არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურული ონლაინ გამოცემა და პლატფორმა, რომელსაც დაახლოებით 22 მილიონი მკითხველი ჰყავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით: ეს არიან არქიტექტორები, ურბანისტები, დიზაინერები და სხვა პროფესიის ადამიანები, ვისაც აინტერესებს არქიტექტურა და დიზაინი.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით, 4500 პროექტი გამოქვეყნდა ამ პლატფორმაზე 2021 წელს და ამ 4500 პროექტიდან შეირჩა პროექტები, რომლებიც ნომინირებულია წლის საუკეთესო შენობაზე. სულ არის 15 სხვადასხვა კატეგორია. რესტორნების კომპლექსი “წისქვილი” ნომინირებულია კატეგორიაში Hospitality Architecture, რომელიც სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიისათვის დაპროექტებულ შენობებს აერთიანებს.

-რა ეტაპები უნდა გაიაროს პროექტმა რომ გაიმარჯვოს?

კონკურსი 25 იანვარს დაიწყო და 9 თებერვლის 12 საათამდე გაგრძელდება ხმის მიცემის პროცესი, რის შედეგადაც გამოვლინდება თითოეულ კატეგორიაში 5 ფინალისტი. ხმის მიცემის მეორე ეტაპი იქნება 9 თებერვლიდან 15 თებერვლამდე, როცა გამოვლინდება გამარჯვებული. კონკურსი იმითაა უნიკალური, რომ გადაწყვეტილებას იღებს არა ჟიური, არამედ ფართო საზოგადოება. ეს არის ძალიან კარგი საშუალება ჩვენთვის – მსოფლიოს კიდევ ერთხელ გავაცნოთ საქართველო – როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანა.. ასევე პროფესიონალებს და ამ სფეროში მოღვაწე ხალხს დავანახოთ ჩვენი ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალი.

-როგორ შეიქმნა რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“- რითაა იგი უნიკალური?

„წისქვილი“ არქიტექტურული კომპანია „სტუდია 9“-ის გამორჩეული პროექტია. პროექტის ავტორია „სტუდია 9“-ის მთავარი არქიტექტორი მამუკა ჩხაიძე. ეს არის მუზეუმის კონცეფციით შექმნილი სარესტორნო კომპლექსი – ამით არის იგი უნიკალური. ამ ადგილს მხოლოდ გასტრონომიული ფუნქცია არ აქვს, ეს არის ერთგვარი კულტურული ტური ვიზიტორისთვის საქართველოს ისტორიასა და ყოფაში. აქ არის აზიური დარბაზი, ევროპული დარბაზი, ლუდის მოედანი. ყველა ცალკეული სივრცე არის გაფორმებული ეთნო ელემენტებით.. აქ არის წისქვილი, თონეები, ქვევრები და ყველა ის ელემენტი, რაც ასე ორგანულია ქართული ყოფისა და სტუმარმასპინძლობისთვის. სწორედ ამიტომაა „წისქვილი“ ასეთი პოპულარული უცხოელ ვიზიტორებს შორის.. ბევრ ჩვენგანს – როდესაც უცხოელი სტუმარი გვყავს, მიგვყავს იგი „წისქვილში“, რადგან ის გარემო, რომელიც იქ გვხვდება, არის საუკეთესო სავიზიტო ბარათი ჩვენი ქვეყნის.

რაც შეეხება შექმნის ისტორიას, 2002 წელს დაიწყო ამ კომპლექსის მშენებლობა და ეტაპობრივად, 20 წელია გრძელდება. როგორც ბატონი მამუკა ჩხაიძე გვიყვება, სანამ მის მშენებლობას დაიწყებდა, იმ ადგილზე ტრანსპორტი არ დადიოდა. იყო ჩანჩქერი, რომელთანაც პატარა წისქვილი იდგა და ბატონმა მამუკამ იფიქრა, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუკი აქ რაღაც ეგზოტიკური გაკეთდებოდა. საბოლოო ჯამში, პატარა ქალაქივით გამოვიდა და გაშენდა. „წისქვილმა“ მისცა ბიძგი შემდგომ ბელიაშვილის ქუჩაზე რესტორნების რიგის განვითარებას.

აქვე ხაზგასასმელია ისიც, რომ ჩვენი მუზეუმ-რესტორანი არის ერთგვარი არქიტექტურის ენით გადმოცემული ისტორია და თანამედროვეობა. პროექტის კონცეფციაში ჩადებულია არქიტექტურული გადაწყვეტის კომპლექსურობა: ლანდშაფტის, ექსტერიერის, ინტერიერისა და შიდა ეზოს ერთიან სივრცედ წარმოდგენა, მისი ერთიანი აღქმა. არქიტექტორის ამ მიდგომით ექსტერიერიდან აღიქმება ინტერიერი და პირიქით. მუზეუმ-რესტორანში  ტრადიციული და თანამედროვე მასალების მონაცვლეობით და კომპლექსის თითოეული დეტალით შექმნილია არქიტექტურული შემოქმედებითი იდეა და მისი გადაწყვეტა.

საპროექტო ადგილის სირთულიდან გამომდინარე, ავტორის მიზანი იყო იერსახის, მასშტაბის, პროპორციის, სტრუქტურის ზუსტი გააზრებითა და ბალანსით, არქიტექტურისა და ლანდშაფტის  შეთანხმებით, ასევე ძველისა და ახლის შერწყმით შექმნილიყო მუზეუმ-რესტორანი, რომელიც გახდებოდა არამარტო კვების თანამედროვე ობიექტი, არამედ ქალაქის მონახულების ერთ-ერთი საინტერესო ადგილი, ერთგვარი ტურისტული ცენტრი. რესტორანი „წისქვილი“ ქუჩის გასწვრივ გაშლილი ფასადით, ეგზოტიკური კარიბჭით, ერთგვარ კონტრასტს ქმნის ქუჩის მიღმა მდებარე ქალაქის რეალობასა და საკუთარ ცალკე სამყაროს შორის, რომელიც მას ქალაქის გამორჩეულ არქიტექტურულ ობიექტად აქცევს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“ ასევე ნომინირებულია ევროკავშირის “მის ვან დერ როეს” 2022 წლის პრიზზე, ნომინაციაში თანამედროვე არქიტექტურა.

-რაც შეეხება „სტუდია 9“-ს, რას წარმოადგენს ეს კომპანია?

„სტუდია 9“ წარმოადგენს არქიტექტურულ სახელოსნოს, რომელიც 2012 წლიდან  წარმატებით საქმიანობს არქიტექტურის, ქალაქგეგმარების, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით. როგორც გითხარით, კომპანიის დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორია მამუკა ჩხაიძე – არაერთი ცნობილი პროექტის ავტორი, გამორჩეული ხელწერის არქიტექტორი.

„სტუდია 9“ აპროექტებს სახასიათო არქიტექტურულ ობიექტებს, რომლებიც უძლებენ დროს და სტილის ცვალებადობას. პროექტირებისას დიდი ყურადღება ეთმობა საპროექტო არეალის შემადგენელ კომპონენტებს, გარემო პირობებს, არსებულ და ისტორიულ კონტექსტს.

„სტუდია 9“ წარმატებით თანამშრომლობს როგორც ბიზნესსექტორთან, ასევე კერძო პირებთან. მაღალი კლასის სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი, გამართული ინფრასტრუქტურისა და ეფექტური მენეჯმენტის მეშვეობით, წარმატებით ართმევს თავს ნებისმიერი სირთულის პროფესიულ გამოწვევას. ამჟამად, დაახლოებით 30 ადამიანია დასაქმებული „სტუდია 9“-ში. ბატონო მამუკა უფროსი თაობის წარმომადგენელია, ძალიან დიდი გამოცდილებით და სულ ცდილობს, რომ ახალგაზრდა კადრები მოიზიდოს, რომლებსაც გაუზიარებს თავის გამოცდილებას. შესაბამისად, ჩვენთან ძალიან საინტერესო სამუშაო პროცესი მიდის. ახალგაზრდა თაობის ხედვების და უფროსი თაობის გამოცდილების შეჯერება ქმნის გამორჩეულ პროდუქტს.

-„წისქვილის“ გარდა, კიდევ სხვა რომელ პროექტებს გამოარჩევდით, რომლებიც „სტუდია 9-ს“ ეკუთვნის?

„სტუდია 9“-ს დაპროექტებული აქვს არაერთი წარმატებული ბიზნესობიექტი – სასტუმროების, რესტორნების, საზოგადოებრივი და საცხოვრებელი კომპლექსების სახით როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

მრავალბინიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების დაპროექტებისას კომპანიის პრიორიტეტია დამკვეთს შესთავაზოს კომპლექსური მომსახურება, რაც გულისხმობს პროცესის დროში მკაფიოდ გაწერილ მართვას, პროექტის კონცეფციის შემუშავებიდან მშენებლობის დასრულებამდე. ვცდილობთ, ვითანამშრომლოთ საერთაშორისო ბრენდებთანაც, არის ასეთი იტალიური კომპანია – D73, რომელიც ინტერიერის დიზაინის მიმართულებით საქმიანობს. ამჟამად, მათთან ერთად ვმუშაობთ მახინჯაურში, „ქრაუნ პლაზას“ ბრენდის სასტუმროზე. გარდა ამისა, ვაჟა-ფშაველას გამზირზე „ჰოლიდეი ინნ“-ის სასტუმრო შენდება, რომელიც ასევე ჩვენი პროექტია; თელავში ძალიან დიდი სასტუმრო კომპლექსი შენდება, მცხეთაში ღვინის მუზეუმი კეთდება – მოკლედ უამრავი მიმდინარე პროექტი გვაქვს… ცხადია, საკმაოდ ვრცელი და შთამბეჭდავია უკვე დასრულებული პროექტების სიაც: გამოვყოფდი, მაგალითად – ბორჯომის „ქრაუნ პლაზას“, რომელიც გამორჩეულად ლამაზი შენობაა საქართველოში და ძალიან უხდება ბორჯომის პარკს, იმ ლანდშაფტში ჯდება.