რამდენიმე დღის წინ, მცხეთის რაიონის სოფელ ნიჩბისში, მოქალაქემ დასუსტებული ბატკანძერი (Gypaetus barbatus) იპოვა, რომელსაც ფრენა არ შეეძლო. მან თბილისის ზოოპარკის მიმართა, რის შემდეგაც ფაქტის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს აცნობეს. ზედამხედველობის თანამშრომლებმა ფრინველი თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს.
„ზოოპარკში მიყვანის პირველი დღეების შემდეგ, ფრინველი დამშვიდდა და მისთვის დამატებითი გამოკვლევების ჩატარება ნაკლებად სტრესული და სახიფათო გახდა, ზოოპარკის თანამშრომლებსა და ჩვენი გუნდის სხვა წევრებთან ერთად, ვეწვიეთ ვეტერინარულ კლინიკას „ვეტექსი“. აღმოჩნდა, რომ ბატკანძერს გადაყლაპული ჰქონდა საკანცელარიო დანა, რის გამოც, საჭირო გახდა საკმაოდ რთული და ამბიციური ოპერაციის ჩატარება, რომელსაც ვეტექსის გუნდი საოცარი გამოცდილებით გაუმკლავდა.
ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ვიმედოვნებთ, ფრინველი სარეაბილიტაციო კურსსაც გაივლის წარმატებით და სრულიად გამოჯანმრთელებული დაუბრუნდება ველურ ბუნებას. ამ საქმეზე კი თბილისის ზოოპარკი და მისი თანამშრომლები იზრუნებენ. გამოკვლევებისა და მკურნალობის ხარჯებს მთლიანად დაფარავს ჩვენი ორგანიზაცია – ბუნების კონსერვაცია საქართველო. გახსოვდეთ, რომ ყველა გაყიდვიდან თუ შემოწირულობიდან შემოსული თანხა ყოველთვის ხმარდება და მოხმარდება ველურ სახეობათა კონსერვაციასა და საგანმანათლებლო საქმიანობებს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში – „ბუნების კონსერვაცია საქართველო“.
ბატკანძერს გლობალურად საფრთხესთან მიახლოებულის (Near threatened) სტატუსი აქვს.



