LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მივიღებთ, დავაბინავებთ და დავეხმარებით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, სანამ საკუთარ სახლებში მშვიდობიანად დაბრუნებას შეძლებენ” – Geo Hoteliers Group / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

უკრაინასთან საჰაერო მიმოსვლის შეჩერების გამო, საქართველოში მყოფი უკრაინელების ნაწილი სამშობლოში დროებით ვერ ახერხებს. ქართველები კი მათ უფასოდ სთავაზობენ დარჩენას სხვადასხვა სასტუმროებში, თუ კერძო სახლებში.

ინიციატივა სპონტანურად წამოვიდა რუსული აგრესიის დაწყების დღიდანვე და მას უკვე შეუერთდა რამდენიმე სასტუმრო. მათ შორისაა სასტუმროების ქსელი, Geo Hoteliers Group-ი, რომელიც თბილისში 4 სასტუმროს აერთიანებს.

გამოთქვეს, თუ არა უკვე სურვილი მათთან დარჩენის უკრაინელმა სტუმრებმა და ზოგადად, რა მოლოდინია ტურიზმის სექტორში, ამ თემაზე „ბიზნესკურიერი“ Geo Hoteliers Group-ის გენერალურ დირექტორს, რამაზ ბიჭიაშვილს ესაუბრა.

– რამაზ, შეგეხმიანნენ თუ არა უკრაინელი ტურისტები და აქვთ თუ არა სურვილი, გარკვეული პერიოდი თქვენს სასტუმროებში გაატარონ ?

– პირველ რიგში მინდა, კიდევ ერთხელ ღიად დავაფიქსირო, სრული მხარდაჭერა ჩვენი მეგობრების, დების და ძმების, უკრაინელების მიმართ.

ჩვენს მეგობრებს, რა თქმა უნდა, ვუსურვებ ძალიან მალე და ისე დასრულდეს ყველაფერი, რაც დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს გვსურს და იმედი მაქვს, ასეც მოხდება და ძალიან მალე.

დღიდან ამ ამბების დაწყებისა, ჩვენმა კომპანიამ და არამარტო ჩვენმა, გამოთქვა უკრაინელი ტურისტების დახმარების სურვილი. ძალიან მიხარია, რომ ბევრი სასტუმრო ჩაერთო ამ ინიციატივაში.

არ ყოფილა შეთანხმება თუნდაც სხვა სტრუქტურებთან, ან ერთმანეთთან. ეს როგორც აღვნიშნე, სპონტანურად გადავწყვიტეთ და დავაფიქსირეთ სურვილი, რომ გაგვეწია დახმარება, ვინც აქ ჩარჩა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე და ვერ ახერხებს საკუთარ სამშობლოში დაბრუნებას.

იყო, და ხორციელდება ზარები კერძო კომპანიებიდან. არის კითხვები და ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ მზაობას, რომ ჩვენს მეგობრებს მივიღებთ და დავაბინავებთ და გავუწევთ მათ დახმარებას, მანამ სანამ შეძლებენ საკუთარ სახლებში მშვიდობიანად დაბრუნებას.

– ნამდვილად ძალიან კარგი ინიციატივა იყო. ქართულ საზოგადოებას, მათ შორის ბიზნესსაც ახასიათებს ასეთი გაერთიანება და ინიციატივების გამოჩენა, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი კრიზისია, ან ჩვენ ქვეყანაში, ან ჩვენი ქვეყნის ირგვლივ.

– რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე რაც ყველაზე ძალიან გამიხარდა, არის ის, რომ ამ ყველაფრის გაცხადება დაგეგმილი სახით არ ყოფილა.

დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად ყველა სასტუმროს მხრიდან იგივე დამოკიდებულებაა.

ყველას თვითნებურად გაუჩნდა ის სურვილი, რომ ვისაც როგორ შეგვიძლია, ჩართული ვიყოთ ამ მოვლენებში და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ყველაფერი მალე და ისე დასრულდეს, როგორც გვსურს ცივილიზებულ სამყაროს.

– სხვა მხრივ რა მდგომარეობაა თქვენს ბიზნესში? იყო პროგნოზები, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი აისახებოდა საქართველოს ეკონომიკაზე, მათ შორის ტურიზმის სექტორზე. რადგან რუსეთიდან და უკრაინიდან ჩვენთან შემოდიან ყველაზე მეტი ტურისტი, მართალია პანდემიის შემდეგ, ზოგადად შემცირდა ტურისტების რაოდენობა, მაგრამ ხომ არ აისახა ეს ჯავშნებზე.

სხვა ბაზრებიდან დაბალანსების საშუალება რამდენად არის ამ ეტაპზე. როგორი პროგნოზი გაქვთ?

– ნელ-ნელა იღვიძებს არამარტო ეს სფერო, არამედ მთლიანად მსოფლიო. პოსტპანდემიურ პერიოდს ვგულისხმობ და ვფიქრობ, რომ შეგვიძლია, ნელ-ნელა გამოღვიძების პერიოდი დავარქვათ დღევანდელ დღეს.

განსაკუთრებით მტკივნეულია ამ პერიოდში მსგავსი მოვლენების განვითარება უკრაინაში.

არ შეიძლება რომელიმე სფეროს, რომელიმე დროში რაიმე სახით აწყობდეს, უკრაინაში ხდება. უბრალოდ ეს არ უნდა გაგრძელდეს დიდხანს.

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, ომი, მით უფრო ფრთხილი იქნება დამოკიდებულება და უფრო მეტი კითხვები გაჩნდება. მაგრამ  გავლენა მოახდინა და განსაკუთრებულად თვალშისაცემი ცვლილებები წამოვიდა, პროცენტულობას ვგულისხმობ და რიცხვებში გამოხატულს იმ შემოდინებებს, რაც ჩვენ გაგვაჩნია და არამარტო ჩვენ.

დღეს და ხვალის რეჟიმში ვერ გეტყვით, რომ კატასტროფული ცვლილებებია, მაგრამ რა თქმა უნდა, არაა სასურველი და იქნება უფრო მეტად ფრთხილი დამოკიდებულება თუ ეს პროცესები გაგრძელდა.

– თქვენი ქსელის სეგმენტში რა პროცენტული წილი აქვს რუს და უკრაინელ ტურისტებს და კონკრეტულად თქვენს ქსელზე რამდენად შეიძლება აისახოს და როგორ ცდილობთ ამის დაბალანსებას სხვა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტებით?

– ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რა დამოკიდებულებაა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან დაკავშირებით ტურიზმს ვგულისხმობ. გვინდოდა თუ არა, იყო ძალიან დიდი წილი ამ საქმეში რუსეთის და მეტ-ნაკლებად დამოკიდებულები ვიყავით რუსეთიდან შემოდინებებზე.

ბოლო რამდენიმე წელმა გვაჩვენა, რომ ყოველთვის არსებობს გამოსავალი და სასურველი იქნებოდა, ეს ყველაფერი ძველ რეჟიმში რომ ყოფილიყო, მაგრამ ჯერ ყველაფერი ისე უნდა დამთავრდეს, როგორც ცივილიზებულ სამყაროს გვსურს და შემდეგ ვისაუბროთ რუსეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობაზე.

რაც შეეხება ბალანს და სხვა ბაზრებს, ბიზნესი ყოველთვის პოულობს და იპოვის გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან, ნებისმიერი სირთულის მქონე სიტუაციიდან და ვფიქრობ, რომ ბოლო რამდენიმე წელმა გვაჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დოზით შეიძლება ვიღაცებზე ვიყოთ დამოკიდებული, საბოლოო ჯამში მაინც მოვედით და აქამდე ვარსებობთ და მგონია, რომ კიდევ უფრო განვვითარდებით და კიდევ უფრო მეტად მიმზიდველები გავხდებით. არამარტო ჩემს მიერ ჩამოთვლილი ქვეყნის ტურისტებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვის.

– ძალიან კარგი, მომწონს ოპტიმიზმი და რა თქმა უნდა, ომი აისახება ტურისტულ სექტორზე, მაგრამ არ იქნება მნიშვნელოვანი დარტყმა საქართველოს ტურიზმისთვის.

– ყველაფერი დამოკიდებული იქნება მე ვფიქრობ, ხანგრძლივობაზე.
დღეს და ხვალის რეჟიმზე დასკვნებს ვერ გავაკეთებთ. არსებული სიტუაცია დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა, რადგან გამოღვიძების პერიოდს დაემთხვა ეს ყველაფერი, მაგრამ ამ პროცესის ხანგრძლივ პროცესში გადასვლა, რასაკვირველია, ბევრ პრობლემას გააჩენს ამ მიმართულებით.