აშშ რუსულ ენერგომატარებლებზე უარს ამბობს. ის აღარ იყიდის რუსულ ნავთობს, გაზს და ქვანახშირს. 2022 წლის ბოლომდე ეტაპობრივად იმავეს გაკეთებას გეგმავს დიდი ბრიტანეთიც. ევროპა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია რუსულ ენერგიაზე, თუმცა იმპორტის შემცირებას მაინც გეგმავს. ამ დროს კი რას შვრება საქართველო და რამდენად აქვს შანსი რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვების?
„ბიზნესკურიერის“ სტუმარია მურმან მარგველაშვილი – ენერგეტიკოსი, „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორი
– სანქციები ენერგომატარებლებზეც დაწესდა. აშშ-მ მისთვის მტკივნეული ნაბიჯი გადადგა, რომელიც სავარაუდოდ ნავთობზე ფასების მომატებას გამოიწვევს. თუმცა პრეზიდენტიც და სენატორებიც აცხადებენ, რომ ეს ერთგვარი ფასია, რაც უნდა გადაიხადოს ამერიკელმა მოქალაქეებმა და მთელმა მსოფლიომ თავისუფლებისთვის.
რამდენად დაარტყამს ეს რუსეთის ექსპორტს, ნავთობის ექსპორტს და მთლიანად მის ეკონომიკას.
– რუსეთისთვის ამერიკის ბაზარი არაა ყველაზე დიდი. ევროკავშირის ბაზარი ბევრად უფრო დიდია და მთლიანი მოცულობა დაახლოებით 3%-ია. რა თქმა უნდა, სანქციები მტკივნეული დარტყმა იქნება რუსეთისთვის. გარე დარტყმა უკვე მიყენებულია, სვიფტიდან გათიშულია ბანკები და შესაბამისად, ნავთობის ფასის გადახდა, ტანკერების დაზღვევა და ყველა თანმდევი პროცესი შენელებული და გართულებულია.
რუსეთის ნავთობ-პროდუქტების გაყიდვაზე, უკვე არის დარტყმა მიყენებული. ბოლო სანქციებიც, რა თქმა უნდა, დამატებითი დარტყმა იქნება.
მოსალოდნელია, რომ ეს კიდევ უფრო გაძლიერდება ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებებით.
– რას აკეთებს ამ დროს საქართველო, რომელიც შეიძლება, რუსულ ნავთობზე და გაზზე ნაკლებად, მაგრამ იგივე ენერგომატარებლებზე დამოკიდებული ვართ და რუსული ექსპორტი გვჭირდება იმისთვის, რომ ელემენტარულად შუქი გვქონდეს.
– რუსეთთან საკმაოდ რთული ენერგოდამოკიდებულება გვაქვს. თურქმენეთის მერე ნავთობპროდუქტების მეორე მომწოდებელია რუსეთი. შედარებით დივერსიფიცირებულია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზარი და უმტკივნეულოდ შეიძლება, სხვა ქვეყნებისგან მივიღოთ.
ჩვენზე გადის რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტი და ჩვენზე გადის ამ წუთში ელექტროენერგიის გაყიდვა რუსეთიდან თურქეთში, სადაც საკმაოდ მაღალი ფასებია. ამასთან ერთად ჩვენ ვართ დამოკიდებული აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებით და ნაწილობრივ ჩვენკენაც გადმოედინება დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ ეს დამოკიდებულებები არის საკმაოდ კომპლექსური.
ჩვენ ვართ დამოკიდებული იმაზე, რომ რუსეთის მფლობელობა არის საკმაოდ დიდი. არაჯანსაღად ზედაპირული დამოკიდებულებაა. ბევრი კონტრაქტი საჯარო არაა. არც ტრანზიტის ფასები ვიცით. საჯაროდ გაცხადებული არაა, როგორია პირობები.
აქ არის ბევრი ერთმანეთთან დაკავშირებული ურთიერთინტერესები. საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება.
შეიძლება არ იყოს საჯაროდ გაცხადებული, რომ ენერგეტიკულად სუსტი ქვეყანა ვართ და პირდაპირ საჯაროდ დეკლარაციულად გამოვაცხადოთ, რომ რუსეთს ემბარგოს ვუწესებთ, რუსეთისთვის ჩვენი ბაზარი დიდი არაა და არც მნიშვნელოვანია, მაგრამ ეტაპობრივად, სფეროში გამჭვირვალობის დანერგვით და მეტი საზოგადოებრივი ჩართულობით, გარკვეული შეზღუდვების დაწესებით, დამოკიდებულებებიდან უნდა გამოვიდეთ ისე, რომ დიდი ზიანი არ მივიღოთ.
მომხმარებლებისთვის სინათლისა და გაზის ჩაქრობა თუ მოგვიწია, ეს მთლად სწორი არ იქნება. მაგალითისთვის, ზამთარში პიკის საათებში შეიძლება იყოს ისეთი მდგომარეობა, რომ აზერბაიჯანიდან მიღებული გაზი არის არასაკმარისი. ამიტომ კვლავ მოგვიწევს ისევ რუსეთიდან მიღება.
ასევე უმნიშვნელოვანესი საკითხია ენგურჰესის. მოგეხსენებათ, ენერგოობიექტივში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი, აფხაზეთის ტერიტორიაზეა. ამიტომ იქ შეიძლება ბევრად უფრო მეტი მნიშვნელოვანი საკითხები დადგეს.
გასაგებია, ერთი მხრივ ჩვენი სახელმწიფოს და მთავრობის სიფრთხილე, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს იმის საბაბი, რომ ჩვენ ღირსება დავკარგოთ ურთიერთობებში.
– თქვენ როგორც საუბრობთ, არსებობს გარკვეული რისკები. ელემენტარულად უცებ ვერ ჩავეხსნებით. ამ რისკების მინიმიზაციისთვის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ელექტროენერგიის წარმოების ზრდა, თავისთავად დივერსიფიცირება იმპორტის ბაზრების, რომელიც ჩვენ შეგვიმსუბუქებს იმ დანაკარგს და იმ რისკებს, რაც რუსული ბაზრიდან მთლიანად ჩახსნას გულისხმობს.
– რა თქმა უნდა, ჩვენი ადგილობრივი გენერაციის განვითარებაზე დიდი ხანია ბევრს ვლაპარაკობთ. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება არ არის საკმარისად ინფორმირებული და იმედია, რომ ახლა მაინც დავფიქრდებით, რომ ჩვენ თუ არ გვექნება ჩვენი საკუთარი გენერაცია, არ გვექნება ჩვენი საკუთარი ქვეყანა. ვიქნებით გარეწყაროებზე და გარეპოლიტიკებზე დამოკიდებული, ასევე კორუფციულ ინტერესებზე დამოკიდებული და ვერ შევდგებით როგორც ქვეყანა.
ამიტომ ჩვენ გვჭირდება გამჭვირვალობა. ღია ინფორმაციის ქონა ყველა ხელშეკრულებაზე, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებაზე, რაც კორუფციული რისკებისგან დაგვიცავს.
რადგან მოგეხსენებათ, რუსეთი რითაც არის გამორჩეული, ეს არის კორუფციული გავლენები. რამაც შეიძლება შემდეგ პოლიტიკაზეც იმოქმედოს. დაწყებული გერმანიიდან მთელ ევროპაში ცდილობენ, ასეთი რაღაცების გაკეთებას და ჩვენც, რა თქმა უნდა, ამაში მოწყვლადები არ ვართ.
აუცილებელია ადგილობრივი წყაროების განვითარება და დივერსიფიცირება გარემოწოდების წყაროებზე.
ეს სამი მთავარი მიმართულებაა, რაც მაქსიმალურად უნდა განვავითაროთ. ამაში საზოგადოებამ როგორმე ცოტა მეტი დრო დახარჯოს, ცოტა მეტი ყურადღება მიაქციოს და პირველი მიდგომებით, რისი მოწმეებიც აქამდე ვართ, სასიკეთო შედეგს ვერ მივიღებთ.
– თქვენ ახსენეთ პოლიტიკურ პროცესში ჩარევაც. რა თქმა უნდა რუსეთი თავის პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სხვა ყველ ბერკეტს, იყენებს იმისთვის, რომ არ დაიწყოს ღია აგრესია. პირობითად საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ გამოიყენოს ეს ბერკეტები, იმისთვის, რომ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა მოახდინოს და პრინციპში ამის მოწმეც ვართ ჩვენ, რომ საქართველოს მთავრობას ხელები აქვს მოჭრილი, ღიად დაუწესოს სანქციები და ღიად ჩაერთოს ამ სანქციების მუშაობის, საერთაშორისო სანქციებზეა საუბარი სწორედ, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით ჩვენი გამოწვევა.
– გეთანხმებით, მთავარია უსაფრთხოება. იმის პროვოცირება, რომ ჩვენთანაც დაიწყოს საომარი მოქმედებები არასწორია. აქამდე, რა თქმა უნდა, არ უნდა მივიდეთ და ამავე დროს, ღირსეული სახე უნდა შევინარჩუნოთ, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობით და უკრაინელებთან ურთიერთობაში. ის მაინც უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ რაღაცას ვცდილობთ, რომ არ ვართ ცალსახად მიუმხრობელი.
არ შეიძლება ასეთ სიტუაციაში იყო მიუმხრობელი, როდესაც ამდენი ადამიანი იღუპება და ასეთი არაპროვოცირებული აგრესიაა, რომლის შემდეგი ეტაპი შეიძლება უკვე ჩვენ გავხდეთ.
აქ რაღაც მინიმუმ უნდა ჩანდეს მობილიზება, ურთიერთობა და საზოგადოებასთან მეტი ინფორმაცია ენერგეტიკულ საკითხებზე, თუ რას ვფიქრობთ და როგორი მიზნები გვაქვს. ამ ყველაფერს ბევრი მუშაობა სჭირდება იგივე მთავრობის მხრიდან.
