LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი მიზანია არ იარსებოს სიტყვამ „შეუძლებელი“ – ბაზარზე „ჰაბინეტი“ გამოჩნდა, რომელიც სასტუმროს მართვაში დაგეხმარებათ

ქართულ ბაზარზე ახალი კომპანია სახელწოდებით „ჰაბინეტი“ გამოჩნდა. ის აერთიანებს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მოღვაწე პრაქტიკოს პროფესიონალებს, რომლებიც მუდამ ზრუნავენ განვითარებაზე, აქვთ სიახლეებთან წვდომა და ბოლო ტენდენციებს ნერგავენ. „ჰაბინეტი“ დაინტერესებულ პირებს უზიარებს ცოდნას და სრულად მართავს სასტუმროს შექმნის თუ პოზიციონირების ყოველ ეტაპს.

ახალი ქართული კომპანიის საქმიანობის და მისი სამომავლო გეგმების შესახებ „ფორტუნა“ „ჰაბინეტის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს,  ნინო ხურცილავას ესაუბრა.

-როგორ გაჩნდა „ჰაბინეტის“ შექმნის იდეა, როგორ შეირჩა სახელი და რა არის მისი მთავარი მიზანი?

სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესში ჩართული ადამიანებისგან ხშირად გვესმოდა, თუ რამდენად საჭიროებდნენ სხვადასხვა დეპარტამენტულ ჩარევა-დახმარებას. სწორედ აქედან, გაჩნდა იდეა, შექმნილიყო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფდა ხარისხიანი და საჭირო, ცალკეული და სრული სერვისის მიწოდებას. კომპანია „ჰაბინეტი“ არის ერთგვარი ჰაბი/სივრცე, სადაც დამკვეთი მარტივად პოულობს მისთვის საჭირო სერვისის მიმწოდებელს, რომელსაც აქვს მრავალწლიანი, პრაქტიკული ცოდნა. ეს საბოლოო ჯამში ყველა მხარისთვის ზოგავს დროს, ენერგიას, ამარტივებს თანამშრომლობის პროცესს და აუმჯობესებს სტუმარმასპინძლობის სფეროს.

-რა ტიპის სერვისს სთავაზობს „ჰაბინეტი“ დაინტერესებულ პირებს?

საკონსულტაციო კომპანია „ჰაბინეტი“ მოიცავს ყველა ტიპის სერვისს, რაც შეიძლება დასჭირდეს სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესს, იდეის დაბადებიდან მის შემდგომ გაუმჯობესებამდე, როგორებიცაა:

სასტუმროს გახსნა (Pre-Opening);

ბრენდინგი & პოზიციონირება;

კვება & სასმელები;

მართვის სისტემები;

გაყიდვები & მარკეტინგი;

IT და ტექნიკური მომსახურება;

ფინანსური მომსახურეობა;

რეკრუტინგი, კადრების გადამზადება;

ფოტო – ვიდეო გადაღება, ინტერიერის დიზაინი;

აუდიტი, ხარისხის კონტროლი  და ა.შ.

-სად და როგორ არის შესაძლებელი თქვენი მომსახურების მიღება?

ჩვენთან ურთიერთობა ძალიან მარტივია, რადგან ვიცით ამ სფეროში დროის და ეფექტური კომუნიკაციის ფასი. ჩვენი ვებგვერდიდან განაცხადის შევსებისთანავე თავად ვუკავშირდებით დაინტერესებულ პირს და ვუწევთ პირველად, უფასო კონსულტაციას, რათა უკეთ გავიცნოთ და გავიგოთ დამკვეთის სურვილები.

-როგორ შეირჩა და დაკომპლექტდა თქვენი გუნდი – ვის აქვს შესაძლებლობა, რომ გახდეს „ჰაბინეტის“ წევრი?

ჰაბინეტის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, პირველ ეტაპზე, ჩვენი მათთან მუშაობით მიღებული გამოცდილებით შევარჩიეთ და შევთავაზეთ თანამშრომლობა. ჩვენი გუნდის წევრი შეუძლია გახდეს ნებისმიერ სპეციალისტს, ვინც ჩართულია სტუმარმასპინძლობის სფეროში და აქვს გამოცდილება. ვფიქრობთ, რომ ამ სფეროში დასაქმებული ყველა კარგი სპეციალისტი ქვეყნის სიმდიდრეა.

-ბაზარზე თუ გყავთ კონკურენტები და რითი გამოირჩევა „ჰაბინეტი“ მათგან?

დიახ, არიან კონკურენტი კომპანიები, თუმცა საკონსულტაციო კომპანია „ჰაბინეტი“ გამოირჩევა იმ გუნდით, რომელიც დაკომპლექტებულია ბრენდული (და არამარტო) სასტუმროების სხვადასხვა დეტარტამენტებში მოღვაწე სპეციალისტებისგან, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ განვითარებაზე და აქტიურად არიან ჩართულნი სფეროში სიახლეების დანერგვის პროცესში.

– უახლოესი წლების გეგმებში რა შედის?

გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია ახალია და საკმაოდ რთული პერიოდი ავირჩიეთ წამოწყებისთვის, პირველ რიგში, გვსურს უფრო მეტად გავზარდოთ და განვავითაროთ ჩვენი გუნდი. გავაფორმეთ კონტრაქტი სასტუმროსა და რესტორნის მართვის თანამედროვე ევროპულ სისტემებთან, რომ ბაზარზე არსებული გადაწყვეტილებების გარდა კიდევ უფრო დიდი არჩევანი გვქონდეს მათთან მუშაობის პროცესში. ჩვენი მიზანია არ იარსებოს სიტყვამ შეუძლებელია და დამკვეთის ნებისმიერი იდეისა და სურვილის განხორციელება შევძლოთ.