“ჩვენ ნებისმიერ ბრალდებაზე ვერ მოვიცლით და ვერ გვექნება რეაგირება, მაგრამ სარჩელები კიდევ უფრო მეტი შევა იმ ტყუილებთან დაკავშირებით, რასაც ყოველდღიურად კადრულობენ, “– ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებზე და ასევე განიხილეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვაც.
„უმრავლესობის სხდომაზე რამდენიმე საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. იყო საუბარი არჩევნებზე რუსთავსა და ბათუმში, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ნორმებზე. მოვისმინეთ, თითქოს ეს ცვლილება შეეხება კომპეტენციების ნაწილში გარკვეულ საკითხებს, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ცვლილება შეეხება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს საშუალება, კომპეტენციების გამიჯვნის შესახებ იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ყველამ იცოდეს თავისი კონკრეტული ფარგლები. ასევე, შევეხეთ ძალიან უცნაურ საკითხს. დღეს ვნახეთ, რომ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოგვმართა და ის მოგვიწოდებს, აღარ მივმართოთ სასამართლოს სარჩელებით, რაც წარმოუდგენელია, უპრეცენდენტო მოვლენაა. არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს ქმედება არის კოორდინირებული, ანუ სასამართლოში შედის სარჩელები იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენელს ვიღაცამ ტყუილი დააბრალა. მე ვპირდები ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელიც გადაწყვეტს, რომ „ნაცმოძრაობას“ ამგვარად დაუჭიროს მხარი, ეს ქმედებები კიდევ უფრო კოორდინირებული იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ნებისმიერ ბრალდებაზე ვერ მოვიცლით და ვერ გვექნება რეაგირება, მაგრამ სარჩელები კვლავ კიდევ უფრო მეტი შევა იმ ტყუილებთან დაკავშირებით, რასაც ისინი ყოველდღიურად კადრულობენ. ნურავის ექნება ილუზია, რომ ყველა მათი ტყუილი ასე უბრალოდ გატარდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
