LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოს პორტებზე ინტერესი 250%-ით გაიზარდა, ეს რა თქმა უნდა, გაზრდის შემოსავლებსაც” – რა ახალი შესაძლებლობები იხსნება ქვეყნისთვის და რამდენად არის მზად საქართველო მოემსახუროს მასშტაბურ ტვირთბრუნვას / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ამ ქვეყნების შავი ზღვის პორტები ფაქტობრივად გაჩერებულია. რამაც განსაკუთრებით გაზარდა მოთხოვნა ქართულ პორტებზე. ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის მიმართ, ინტერესს ამძაფრებს.

მეორე საკითხია, რამდენად არის საქართველო ამისთვის მზად, ინფრასტრუქტურულად და ლოჯისტიკურად. ტრანსციმბირული დერეფნის ტვირთების თუნდაც ნაწილის ჩვენს რეგიონში გადმოსვლა მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს შემოსავლებს.

„ბიზნესკურიერის“ სტუმარია ირაკლი დანელია – Sealand MAERSK-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი შავი ზღვის რეგიონში.

– ირაკლი, რეალურად რამდენად არის გაზრდილი მოთხოვნა ქართულ პორტებზე?
– ქართულ პორტებზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, რადგან კორიდორი, რომელიც აკავშირებს დასავლეთს და აღმოსავლეთთან და პირიქით, მხოლოდ ჩვენს ტერიტორიაზეა შესაძლებელი.

მოგეხსენებათ, რუსეთი სანქციების ქვეშ არის და რუსეთის ძირითადი კორიდორი ტრანსციმბირული კორიდორი ფაქტობრივად ჩამოშლილია.
აქედან გამომდინარე ყველა ის მნიშვნელოვანი ნაკადები, რომელიც აქამდე ტრანსციმბირული კორიდორით გადაიზიდებოდა, ჩინეთისა და ევროპის მიმართულებით აღარ არსებობს და ყველა განიხილავს შუა კორიდორის ალტერნატივას.

– ჩვენ რამდენად ვართ მზად, რომ თუნდაც ამ ტვირთების ნაწილი მივიღოთ. თავად გადამზიდავებისთვის ალბათ ძვირდება, რადგან რამდენიმე ტრანსპორტის შეცვლა იქნება საჭირო, მარტივად რომ ავხსნათ. ეს თავისთავად აძვირებს ტვირთის გადაზიდვას.

– ცალსახად უნდა ითქვას, რომ ვერანაირად ვერ მოვახერხებთ იმ ტვირთნაკადების გადმოზიდვას, რომელიც აქამდე ტრანსციმბირულ კორიდორზე დადიოდა, ამას მარტივი მიზეზი აქვს –  კორიდორის მასშტაბურობა. საუბარია მულტიმოდალურ გადაზიდვაზე, რომელიც მხოლოდ რუსეთს მოიცავდა.

აქედან გამომდინარე მისი პირდაპირ ჩანაცვლება ვერ მოხერხდება.  ფაქტობრივად ჩვენი კორიდორი არის სიახლე, მაგრამ ერთადერთი შესაძლებლობა.

– პრინციპში, ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგია, რადგან ჩვენი როლი იზრდება. ალბათ ახალი ლოჯისტიკური აუცილებლობა დგება. იმაზე საუბარი, რომ სამწუხაროდ კიდევ არ გვაქვს მნიშვნელოვანი ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენს სანაპიროზე, ხელს შეგვიშლის.
შემოსავალი რამდენად შეიძლება, რომ გაიზარდოს და აისახოს ჩვენს ეკონომიკაზე?

– ცხადია შემოსავალთა ზრდას ექნება ადგილი, უბრალოდ ციფრობრივი გამოხატულების პროგნოზირება გამიჭირდება. თქვენ ახსენეთ არამხოლოდ გადაზიდვიდან მიღებული შემოსავალი, არამედ ლოჯისტიკური ცენტრების მოწყობაც, რაც ცოტა გრძელვადიანი საკითხია და ამის პროგნოზირება საკმაოდ რთულია.

რაც შეეხება უშუალოდ გადაზიდვიდან მიღებულ შემოსავალს, მე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს პორტებზე 250 %-ით მოთხოვნა უკვე გაზრდილია. შესაბამისად ეს მნიშვნელოვან შემოსავლებს დააგენერირებს.

– ჩვენს მზადყოფნასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, გარდა იმისა, რომ პორტი არ გვაქვს, რკინიგზა და სახმელეთო ნაწილი რამდენად მზადაა, რომ 250 %-იანი მოთხოვნის ზრდა დააკმაყოფილოს?

– ამ შემთხვევაში მე ვერ ვიტყოდი, რომ უკვე ათვისებულია როგორც ბათუმის, ისე ფოთის პორტი, მათ გააჩნიათ დამატებითი რესურსები იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი ტვირთი დაამუშაონ. სამწუხაროდ ჩვენთან არაა ისეთი ექსპორტი, რომ მთლიანად დაიკავოს არსებული პორტის ინფრასტრუქტურა. მაგრამ ცხადია, მას აქვს ლიმიტები და ეს ლიმიტები როდესაც შეივსება, მერე ალბათ იქნება მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, პირველ რიგში იმისათვის, რომ ეს ჩანაცვლდეს.

რკინიგზაზეც გვაქვს გარკვეული შეზღუდვები. არსებობს გარკვეული რაოდენობის ლიანდაგები და გარკვეული რაოდენობის შემადგენლობა და პლატფორმები, რომელიც მთლიანად ვერ მოემსახურება იმ მოთხოვნას, რაც ფიქსირდება.

მაგრამ აქ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენს ტერიტორიაზე დივერსიფიკაციის საშუალება. ჩვენი ტერიტორიიდან ევროპის მიმართულებით შესაძლებელია ორი მეთოდით:

  • ერთი არის ჩვენი პორტების მიმართულება,
  • მეორე არის ჩვენივე რკინიგზის გამოყენება. ვგულისხმობ ბაქო, თბილისი ყარსის ნაწილს.

ამ შემთხვევაში შესაძლებლობა გვეძლევა, რომ ორივე მიმართულება თანაბრად იქნეს ათვისებული, ეს თავისთავად ჩვენი ქვეყნის შემოსავლების მაპროვოცირებელი იქნება.

– მესმის, რომ ძალიან რთულია პროგნოზირება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ ომი მიმდინარეობს, რუსეთისადმი დაწესებული სანქციების მოხსნის ალბათობა უახლოეს პერიოდში ფაქტობრივად არ არსებობს, რამდენხნიანი შეიძლება იყოს ეს პერსპექტივა, რომელიც საქართველოს როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის ზრდის.

– როდესაც ჩვენს ირგვლივ ხდება გარკვეული ცვლილებები, ამ დროს შესაძლებელია, რომ გარკვეული შესაძლებლობები გაჩნდეს.

ამის ნათელი მაგალითი იყო ირანის მიმართ სანქციების დაწესება. როდესაც ირანული პორტი ჩაიკეტა, ამან გარკვეული ეფექტი მოახდინა ჩვენი პორტების უტილიზაციაზე, რადგან გაცილებით მეტი ტვირთი მოიმართა ქართულ პორტებზე.

იგივე ხდება რუსეთის შემთხვევაშიც. ნოვოროსიისკის პორტი,  იყო მნიშვნელოვანი კონკურენტი. შექმნილი სიტუაცია დადებით ეფექტს ახდენს ჩვენს ტვირთბრუნვაზე.

რამდენი ხანი შეიძლება ეს გაგრძელდეს?

თუკი შევხედავთ სანქციების პერიოდიკას ირანის მიმართულებით, იქ უკვე გრძელდება დაახლოებით 4 წელი. შესაბამისად ვფიქრობ, რომ სანქციები რუსეთის მიმართ, არ ჩამოუვარდება და აჭარბებს კიდეც ირანულ სანქციებს, შესაბამისად ვფიქრობ, რომ 5 წელი ასეთი სტატუსქვო შენარჩუნდება, რაც თავის მხრივ კარგია, იმისთვის, რომ გავიგოთ ვინ არიან ჩვენი  ძირითადი კონტურები, ქვეყანაში და რეგიონში, გავიგოთ, რისი განვითარებაა ქვეყანაში  პრიორიტეტული.

აქ მხოლოდ ტრანსპორტირებაზე არაა საუბარი და არც უნდა იყოს. აქ უნდა იყოს საუბარი დამატებითი ღირებულების შექმნაზე ქვეყანაში. ამ დროს უფრო მეტად შემოსავლიანია მობილური მიწოდების ჯაჭვი ნებისმიერი ქვეყნისთვის, ვიდრე ის რომ ტვირთი წავიდეს ა პუნქტიდან ბ პუნქტში.

-თქვენ წარმოადგენთ უზარმაზარ კომპანიას, რომელიც მთელს მსოფლიოში ოპერირებს და რომელმაც რუსეთის ბაზრიდან გამოსვლის შესახებ განაცხადა და შესაბამისად გაქვთ საინვესტიციო პოტენციალი, რომელიც შეიძლება წამოვიდეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავააქტიურებთ თუნდაც იგივე ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხს, რადგან ეს მხოლოდ საქართველოსთვის კი არა, ფაქტობრივად ჩინეთისთვის და ყაზახეთისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
თავისთავად დასავლეთის ქვეყნებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

რამდენად აქტიური უნდა იყოს მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო იმ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვლინდეს ახალ ტენდერში გამარჯვებული და რაც შეიძლება სწრაფად გვქონდეს ჩვენ შავ ზღვაზე ღრმაწყლოვანი პორტი.?

– საინვესტიციო მიმართულებით სახელმწიფო და ქვეყანა ყოველთვის უნდა იყოს აქტიური, ჩვენს მეზობლებში გარკვეულ გამოწვევებს მოჰყვება შესაძლებლობები თავად ჩვენს ქვეყანაში.

შესაბამისად ეს არის ის მომენტუმი, რომელიც შეიძლება, მოხდეს. ამიტომ ამ შესაძლებლობის გამოყენება იგივე სატრანზიტო მიმართულებით, ისევ და ისევ ინდუსტრიაში და ასევე ინდუსტრიაში მომიჯნავე სექტორებშიც ცხადია, პრიორიტეტული უნდა იყოს.  კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი. რადგან რესურსები შეზღუდულია და ის ახდენს რესურსების მობილიზებას.

– იმედი ვიქონიოთ, რომ ამ მომენტუმს ჩვენი ქვეყანა არ გამოტოვებს და ჩვენ ისევ ძველი გზით არ წავალთ.