ქართულ ბაზარზე ახალი საკონდიტრო – სახელწოდებით André გამოჩნდა: „გვსურს, ყველამ შეძლოს ჩვენი ფრანგული დესერტებისა და ტკბილეულის დაგემოვნება“ – აცხადებენ კომპანიაში, რომლის მარკეტინგის ხელმძღვანელი ანი თარგამაძე იყო „ბიზნესნიუსის“ სტუმარი. მან კომპანიის მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე გადაცემაში ვრცლად ისაუბრა.
რატომ „ანდრე“ – ალბათ, ბევრს გაუჩნდება ეს კითხვა, როდესაც მსგავსი ჟღერადობის კომპანია ქართულ ბაზარზე უკვე წლებია არსებობს?
სახელი ძალიან მარტივად შეირჩა, ეს არის ჩვენი დამფუძნებლის შვილის სახელი – ანდრეა. აქედან გამომდინარე, გაჩნდა იდეა, რომ ყოფილიყო André და მხოლოდ და მხოლოდ ამ ფაქტს უკავშირდება ეს სახელწოდება. თანაც, André -ს წარწერა რადიკალურად განსხვავდება იმ კომპანიის წარწერისგან, რომელზეც თქვენ საუბრობთ. აბსოლუტურად სხვადასხვა წარწერაა, უბრალოდ, ქართულად ჟღერადობის ნაწილში მსგავსებაა. ამასთან, კონცეფციითაც აბსოლუტურად განსხვავებულები ვართ.
1 თვეა, რაც საქმიანობა დაიწყეთ – არ იყო სარისკო იმ მოვლენების ფონზე, რაც ჩვენ გარშემო ვითარდება, ბიზნესის წამოწყება?
რისკები ყოველთვის არსებობს, მათ შორის: მშვიდობიან პერიოდშიც. თუმცა, თუ სწორად წარმართავ ბიზნესს, სწორი მარკეტინგული სვლებით მართავ საქმეს, შესაძლებელია, რომ კარგი შედეგები გქონდეს და ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც ამ ერთი თვის განმავლობაში მიღებული შედეგები. ამ სეგმენტში კონკურენციაც ძალიან მაღალია, თუმცა გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ხარისხით, გემრიელი გემოებით და რაც მთავარია, განსხვავებული ვიზუალით, გავუწევთ კონკურენციას ძალიან ბევრ და კარგ საკონდიტროს საქართველოში. ჩვენი მთავარი ნიშანია ფრანგული გემო – ვისაც უყვარს ფრანგული გემოები, André არის ის ადგილი, სადაც ყველაფერი შეიძლება აღმოაჩინონ.
ნედლეულს ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობთ, თუ იმპორტს ახორციელებთ?
როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული ნედლეული გვაქვს. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვცდილობთ, ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასები გვქონდეს. ფრანგული დესერტები შედარებით უფრო ძვირია, მაგრამ იმდენად მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, არავის გაუჭირდება მისთვის მისაღები არჩევანის გაკეთება.
რამდენი დასახელების ნაწარმს სთავაზობთ ქართველ მომხმარებელს?
დაახლოებით, 30-ამდე პროდუქტს ვაწარმოებთ დღეისათვის. აქ არის ფრანგული ფუნთუშეული, ტორტები, მაკარუნები და სხვა. ყოველდღიურად ახალი გემრიელობები ემატება ჩვენს მენიუს და წლის ბოლომდე, აუცილებლად შევძლებთ ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი გვქონდეს. მაგალითად, ხვალაც ვაპირებთ ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ საერთოდ განსხვავებული გემო. ეს არ იქნება ფრანგული ხაზი, თუმცა იქნება, განსხვავებული დესერტები მათთვის, ვისაც არ უნდა მაინც და მაინც ფრანგული გემოები.
სად გაქვთ საკონდიტრო და მხოლოდ „თეიქ ევეი“ სერვისია, თუ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ჩამოჯდეს და დააგემოვნოს ადგილზე სასურველი პროდუქცია?
André ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარეობს. აქ არის დესერტების ძალიან პატარა მაღაზია, თუმცა მომხმარებელს სასურველი პროდუქციის დაგემოვნება ადგილზეც შეუძლია. გარდა ამისა, აქტიურად მუშაობს მიტანის სერვისი, André გლოვოსთან და ვოლტთან თანამშრომლობს.
რამდენ ადამიანს ასაქმებთ?
ჯერჯერობით, მხოლოდ 5 ადამიანი გვყავს დასაქმებული. ვცდილობთ, მცირე გუნდით ვიბრძოლოთ ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად.
სამომავლო გეგმები…
საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, გვინდა რომ საქართველოს ყველა რეგიონი დავფაროთ. გარდა ამისა, მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ განსხვავებული გემოს დესერტების. რაც შეეხება ფილიალების დამატებას, გვსურს, ჯერჯერობით, მოვიცვათ თბილისის ყველა უბანი და გავხსნათ პატარ-პატარა ობიექტები. ზაფხულამდე გვინდა, რომ ვაკეში გავხსნათ ახალი ფილიალი. შემდეგ, როგორც უკვე გითხარით, განვიხილავთ, რომ დავფაროთ საქართველოს სხვა რეგიონებიც. რეგიონებიდან ხშირად გვწერენ და ითხოვენ ჩვენს პროდუქციას, ამიტომ, იქაც უნდა ვიყოთ. თუ ყველაფერი კარგად წავა, ჩვენს გეგმებშია საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლაც.
ამავე დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ყოველთვის, ნებისმიერ საქმეში – არის სიკეთის კეთება. გვსურს, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, თუნდაც იშვიათად მაინც შეიძინონ ტკბილეული, მათაც შეძლონ „ანდრეს“ გემრიელობების დაგემოვნება. ჩვენ ვიქნებით ის პატარა ნათელი მაგალითი სხვა კომპანიებისთვისაც, ვინც დაეხმარება ჩვენ მოქალაქეებს. André-ს არსებობის მთავარი იდეაც არის ის, რომ ჩვენი არჩევანით ადამიანები აირჩევენ სხვების დახმარებასაც.
