5 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს მხატვარი ალისა იოფე სტუმრობდა, რომელმაც რუსეთში არსებულ მძიმე სიტუაციასა და პროტესტის საკუთარ ფორმაზე ისაუბრა.
– ალისა, როგორ გამოხატეთ პროტესტი არსებული სიტუაციის მიმართ და რატომ გადაწყვიტეთ რუსეთის დატოვება?
– ჯერ კიდევ 2017 წელს მოვაწყვე ვორონეჟში გამოფენა, რომელიც ციხეში წამებას მიეძღვნა. დღეს, ეს თემა ბევრად აქტუალურია, რადგან ომი არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც მიმდინარეობს. ნაციონალური გვარდია და პოლიცია ყველას აპატიმრებს, ვინც საპროტესტო აქციაში მონაწილეობს, ყოფილი პატიმრები კი, სულ უფრო ხშირად ჰყვებიან მუქარაზე, დაშინებასა და სამართალდამცავების სისასტიკეზე. როგორც ჩანს, ციხის ზედამხედველებს ძალიან მოსწონთ დაუცველი ადამიანების წამება, ფიზიკური და მორალური დამცირება. რუსეთში დიდი ხანია ცენზურას ექვემდებარება რელიგიის, პოლიტიკის და სექსის თემა, ამიტომ ნებისმიერი გამოფენა სახელმწიფო მუზეუმში ან მსხვილ კერძო გალერეაში ჯარიმით ისჯება. მხატვრებს ჩვენი მეთოდი გვაქვს, ზუსტად ისე ვაწყობთ გამოფენებს, როგორც საბჭოთა კავშირის ეპოქაში, როცა მხატვრები ე.წ. „შიდა ემიგრაციაში“ მიდიოდნენ და ქალაქგარეთ მართავდნენ საკუთარ პერფორმანსებს. მეც ამავე მეთოდს მივმართე, მურილებს ვაკეთებდი, რომელთაც გამოფენის შემდეგ სწრაფად ვღებავდი. ბოლო ნამუშევარი რუსულ ბიუროკრატიას მივუძღვენი, შავად შევღებე კედელი და მხოლოდ კარი დავხატე გისოსებით. ასე დავტოვე სახელოსნოში და ქვეყნიდან წამოვედი. თბილისში 5 მარტს ჩამოვედი, მანამდე კი, პუტინის განცხადება მოვისმინე, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკის მოწინააღმდეგეებს რუსეთის სასწრაფოდ დატოვებას ურჩევდა.
– რატომ დუმდა რუსი ხალხი 2008 და 2014 წლებში, საქართველოს და უკრაინის ტერიტორიის ოკუპირების დროს და რატომ ამოიღო ხმა მხოლოდ ახლა?
– მეც და ჩემი მეგობრებიც ყოველთვის ვაპროტესტებდით პუტინის რეჟიმს, პოლიტიკურ ნამუშევრებს ვქმნიდით და აქტიურად ვმონაწილეობდით საპროტესტო აქციებში, თუმცა მაშინ ასე სასტიკად არ გვსჯიდნენ. დღეს რუსეთში არგამოცხადებული, თუმცა ნამდვილი ომია, რადგან არა მხოლოდ პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეები იდევნებიან, არამედ უკრაინელები და ისინიც, ვისაც ნათესავები ჰყავს უკრაინაში. აქამდე შეიძლებოდა პეტიციაზე ხელისმოწერა და იმ ორგანიზაციების მხარდაჭერა, ვინც დაკავებულებს ეხმარებოდა, მაგრამ ახლა ყველა ანტისამთავრობო ორგანიზაცია დაიხურა მედიასაშუალებების ჩათვლით. რუსეთში დიქტატურა დამყარდა, ჩვენ კი, არჩევანის წინაშე აღმოვჩნდით – ან უნდა დავრჩენილიყავით და გავჩუმებულიყავით, ან ქვეყანა უნდა დაგვეტოვებინა. მე დატოვება გადავწყვიტე, რადგან ჩავთვალე, რომ არც პუტინს, არც მის რეჟიმს არ აქვს უფლება ამიკრძალოს ხატვა და საკუთარი აზრის გამოთქმა.

– როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას ახლობლები?
– ჩემი ერთადერთი ნათესავი დედაა, რომელიც ვერ დავტოვე და თან წამოვიყვანე, თუმცა რუსეთში დარჩა ჩემი ასისტენტი, რომელიც ძალიან განიცდის არსებულ სიტუაციას. რაც შეეხება მეგობრებს – სწორედ მათ მირჩიეს ქვეყნის დატოვება, რადგან თვითონ ბოლო წუთამდე ვორჭოფობდი. სამწუხაროდ, ვისაც ქვეყანაში მოუწია დარჩენა, იძულებულია გაჩუმდეს, რადგან სხვა შემთხვევაში ციხეში აღმოჩნდება. ყველა ძალიან განიცდის, ზოგს მძიმე დეპრესია აქვს, ზოგმა კი, მუშაობით სცადა რეალობისგან დისტანცირება. ხელოვნება პარალელური სამყაროა, რომელიც შენს გარშემო არსებული ჯოჯოხეთის დავიწყებაში გეხმარება. ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუშაობის გაგრძელება, რადგან ასე არა მხოლოდ საკუთარს, არამედ იმ მეგობრების სათქმელსაც ვამბობ, ვისაც ოჯახის წევრების და ახლობლების უსაფრთხოების გამო უწევს გაჩუმება. ჩვენ ვაღიარებთ საკუთარ დანაშაულს და ძალიან გვრცხვენია, რომ ვერ მოვერიეთ პუტინის რეჟიმს. ყოველთვის რთულია ტერორთან ბრძოლა, როცა მთავარი ტერორისტი ქვეყნის პრეზიდენტია.
– რას მიუძღვენით საქართველოში შექმნილი პირველი ნამუშევარი?
– იმ კატასტროფას, რომელიც რუსეთის გამო ხდება უკრაინაში. კომპოზიცია თვითმხილველთა ვიდეოების მიხედვით შევკარი, ჯერ აიფონში დავხატე, მერე კი, რამდენიმე ზეწრისგან შეკრულ ტილოზე გადავიტანე.
– როგორ ფიქრობთ, როდის შეძლებთ სამშობლოში დაბრუნებას?
– სამწუხაროდ, სამშობლო არ მაქვს. ტაშკენტში დავიბადე, თუმცა 2000-იანი წლების დასაწყისში, როცა უზბეკეთში რუსულად ლაპარაკი აიკრძალა ქვეყანა დავტოვე და რუსეთში გავემგზავრე, მაგრამ ვერც იქ ვიპოვე ჩემი ადგილი. უკვე შევეჩვიე მსგავს დამოკიდებულებას, ამიტომ საკუთარ თავს კოსმოპოლიტად მივიჩნევ, მხოლოდ იმ ადამიანებზე მწყდება გული, ვისთანაც დაშორება მიწევს. ვფიქრობ, რუსეთში მხოლოდ პუტინის რეჟიმის დამხობის შემდეგ შევძლებ დაბრუნებას, მანამდე კი, ჩემი ფერწერით, ნამუშევრებით გავაგრძელებ ბრძოლას.
