6 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მუსიკოსი Nash Albert სტუმრობდა ახალი ალბომის Yet პრეზენტაციით.
– ნეშ, როგორ შეიქმნა კომპოზიციები, რომელთაც მეორე ალბომში მოუყარეთ თავი?
– 16 წლიდან ვუკრავ, 20 წლის ასაკში ჯგუფთან ერთად ამერიკაში წავედი, სადაც 6 წელი ვიყავი, მერე კი, ჯერ ინგლისში, მერე რუსეთში გავაგრძელე შემოქმედებითი მუშაობა. რამდენიმე წლის წინ ძველი მეგობარი შემეხმიანა თბილისიდან, რომელიც დიდხანს არ მენახა. ჩამოსვლა და საკუთარ სტუდიაში ალბომის ჩაწერა შემომთავაზა. სიამოვნებით დავთანხმდი, „ვაკის პარკის“ წევრებთან ირაკლი სანაიასთან და მინდია გაბაშვილთან ერთად დავიწყე მუშაობა, მცირე ექსპერიმენტები ჩავატარეთ, საკუთარი შესაძლებლობები მოვსინჯეთ და საბოლოოდ ალბომი ჩავწერეთ, რომელიც რამდენიმე ევროპულ მუსიკალურ ლეიბლს გავუგზავნეთ. 2020 წლის მარტში გერმანული კომპანია გამოგვეხმაურა, რომელსაც ძალიან მოეწონა ჩვენი ნამუშევარი. მართალია, ალბომი აგვისტოში უნდა გამოსულიყო, მაგრამ გლობალური პანდემიის პირობებში, როცა მთელი მსოფლიო ჩაიკეტა, ჩვენი ალბომის გამოშვებაც გადაიდო და მხოლოდ წელს, იანვრის თვეში გამოიცა.
– რამდენადაც ვიცი, ალბომი საკმაოდ შეზღუდული ტირაჟი გამოვიდა,
– ალბომის შეძენა მხოლოდ ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე შესაძლებელი, ქართველ მსმენელს კი, ონლაინ შეუძლია მისი მოსმენა.

– თქვენი აზრით, რამდენად კრიტიკულია ქართველი მსმენელი?
– ძალიან კრიტიკულია, რადგან მუსიკალური ერია, პრაქტიკულად ყველა მღერის და მუსიკაც კარგად ესმის.
– რა შთაგაგონებთ მუსიკის შექმნას?
– ყოველდღიური ცხოვრება, რომელიც ჯერ განწყობას ქმნის, მერე მუსიკაში აირეკლება.
– ახლო მომავალში კონცერტის მოწყობას ხომ არ გეგმავთ?
– ძალიან მიხარია, რომ ივნისის ბოლოს მუსიკალურ ფესტივალში Open Air მივიღებ მონაწილეობას.
– ხელოვანები ყოველთვის საკუთარი შემოქმედებით ეხმაურებიან რეალობას. მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, უკრაინელების მხარდამჭერი კომპოზიცია ხომ არ შეგიქმნიათ?
– ყველა სიმღერა, რომელიც ფესტივალზე შესრულდება, აუცილებლად უკრაინელ ხალხს მიეძღვნება.

– როგორ შეიქმნა კომპოზიცია Lost In Jerusalem?
– სინამდვილეში, სიმღერა 1993 წელს დაიწერა ამერიკაში, თუმცა იქ არ მოგვეცა მისი ჩაწერის შესაძლებლობა და მხოლოდ 30 წლის შემდეგ გამოვუშვით აღდგენილი და ოდნავ შეცვლილი ტექსტით.
– როგორ გაიცანით ცნობილი პროდიუსერი ტიმ პალმერი?
– პალმერი მეგობრის წყალობით გავიცანი, სწორედ მან შემომთავაზა გაგვეგზავნა ჩანაწერი ტიმისთვის და მისი შეფასება გაგვეგო, ძალიან მოეწონა და თვითონაც ჩაება მუშაობაში. მეტიც, სწორედ მან დამიქსა მთელი ალბომი.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– ცოტა ხნის წინ მესამე ალბომზე დავიწყე მუშაობა, თუმცა როდის გამოვუშვებ ჯერ არ ვიცი..

