დღეს მთელ მსოფლიოში პროგრამისტების დეფიციტია. გამონაკლისი არც საქართველოა.
საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებზე მოთხოვნა მზარდია და დასაქმების პრობლემა ამ სფეროში ფაქტობრივად არ არსებობს.
კომპანია „ორიენტ ლოჯიკმა“ ამ ყველაფრის გათვალისწინებით აიტი აკადემია შექმნა, სადაც სწავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
„ბიზნესკურიერი“ ოთარ ტაბატაძეს – „ორიენტ ლოჯიკის“ საოპერაციო დირექტორს ესაუბრა.
– გასაგებია მიზეზი, რატომაც შექმენით აიტი აკადემია. თქვენს კომპანიას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით მუშაობის. როგორია მოთხოვნა სწავლაზე. სპეციალისტების დეფიციტია, ალბათ ნაკლებად ვასწავლით ახალგაზრდა თაობას პროგრამირებას, აიტი ტექნოლოგიას და ა.შ.
– რეალურად მოთხოვნა არის საკმაოდ მაღალი, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ თვითონ არ არიან ჩამოყალიბებული, რა მიმართულებით სურთ განვითარება.
მიუხედავად იმისა, რომ არის ბევრი პროგრამული ენა, მოთხოვნა არის დიდი, მაგრამ ეშინიათ, რადგან პროგრამულ ენებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის ხარისხი ძალიან დაბალია და გარდა ამისა, დამოკიდებულება, რომ პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულება არის რთული ასათვისებელი და ამისთვის განსაკუთრებული უნარებია საჭირო, ამ მიმართულების განვითარებას ხელს უშლის.
– უსწავლელად და ადვილად არაფერი არ მოდის. მით უფრო როდესაც გინდა, მაღალი ანაზღაურება. მით უფრო რომ მათზე მოთხოვნა მაღალია. ბევრი ქართველი უცხოურ კომპანიაში მუშაობს…
რა მიზნებს ისახავს თქვენი აკადემია?
– აკადემიის მიზანია, ერთი მხრივ, ინფორმირებულობის გაზრდა, რომ საბაზისო პროგრამებზე მათი შემოყვანა მოხდეს და შემდეგ უკვე დაინტერესების შემთხვევაში, კონკრეტული პროგრამული ენებისა და უსაფრთხოების სხვადასხვა მიმართულებით მოხდეს მათი მომზადება. რაც ჩვენს აიტი ეკოსისტემას განავითარებს და გააუმჯობესებს.
ჩვენ ერთი მხრივ დაინტერესებული ვართ, რომ მეტი კომპეტენტური ადამიანი იყოს ჩვენს ბაზარზე. თითქმის 27 წელია, ტექნოლოგიების კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და კარგი დამსაქმებელი ვართ და მეორე მხრივ – მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი პარტნიორი მეგობარი კომპანიების დასაქმებაზეც ვზრუნავთ.
– რუსეთის აგრესიამ უკრაინაში ბევრი რამ შეცვალა. გამოჩნდა, რომ კიბერმიმართულებას ომშიც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
2008 წელს კიბერთავდასხმაც მივიღეთ, საჰაერო და სახმელეთო თავდასხმასთან ერთად.
ძალიან შეიცვალა ვითარება და აჩვენა, რომ მნიშვნელოვანია საინფორმაციო ტექნოლოგიური კუთხით ბრძოლაც. უკრაინელებმა ძალიან კარგად წარმოაჩინეს ამ ბრძოლაში თავი და რუსეთს, სადაც არანაკლებს იყო ეს მიმართულება განვითარებული, შეიძლება ითქვას, ეს ბრძოლა მოუგეს.
ანუ უკრაინელებს თავიდანვე კარგი სკოლა ჰქონდათ, როგორც ჩანს.
– ნამდვილად კარგი სკოლა ჰქონდათ, ისევე როგორც რუსებს, თუმცა აქ უკრაინელებს ეხმარება საერთაშორისო თანამეგობრობა და ცივილიზებური სამყარო.
რუსეთმა აირჩია სტრატეგია, რომ საინფორმაციო ომი აწარმოოს თავისი მოქალაქეების ტვინში. ხვდებიან, რომ ვერ მოხდება ამ ომის მოგება თავისი მოქალაქეების გარეთ.
უკრაინას რაც შეეხება, პროფესიული საინფორმაციო სამსახური საკმაოდ კარგად მიჰყავთ, მაგრამ ამაში მათ საერთაშორისო თანამეგობრობა ეხმარება და რუსეთი აგებს საინფორმაციო ომს.
საინფორმაციო უსაფრთხოების ტექნოლოგიების მუშაობა ახლა საკმაოდ კარგად გამოჩნდა. ვნახეთ, რომ შეიძლება უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს საინფორმაციო ომს, რომელსაც ახლა ცალსახად იგებს უკრაინა.
ძველი, ტექნიკურ-მათემატიკური სკოლები საკმაოდ კარგია რუსეთშიც და უკრაინაშიც, მიიჩნევა, რომ სამჭედლოა მომავალი ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტებისთვის.
ასეთივე იყო საქართველოშიც, თუმცა უკრაინაში და რუსეთში ყოველთვის უკეთესი იყო.
– ახლა, როდესაც რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან ტექნოლოგიების კომპანიები გადმოდიან საქართველოში, რამდენადაა ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ ის დანაკლისი, რაც ამ მიმართულებით გვაქვს, შევივსოთ იგივე უკრაინელი სპეციალისტების დახმარებით, რომლებიც რაღაც პერიოდი თავიანთ ქვეყანაში მუშაობას ვერ მოახერხებენ.
უკეთესი ხომ არ იქნება, რომ მათთვის შევქმნათ გარკვეული სივრცე, მივცეთ დასაქმების საშუალება, ისევე როგორც ცხოვრების საშუალება და მათი გამოცდილება ამ მიმართულებით გამოვიყენოთ, რომ შემდეგ ამაზე დავაშენოთ სკოლები და აკადემიები და კიდევ უფრო მეტი სპეციალისტი გავზარდოთ.
– სწორ ჭრილში სვამთ კითხვას… ერთის მხრივ ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ, ისინი მსხვილი, დიდი და მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათით სარგებლობენ და ერთი მხრივ ეს ლოკალურ კომპანიას შეიძლება უქმნიდეს მძიმე გამოწვევებს, მაგრამ მეორე მხრივ, ეს გრძელვადიანად ძალიან კარგია ქვეყნისთვის. არამხოლოდ იმიტომ რომ ამ საერთაშორისო კომპანიებში დასაქმებულები არიან ქართველები.
არაერთ ქართველს ვიცნობ, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებში მუშაობდნენ და გარკვეული პერიოდის მერე გადაწყვიტეს, მათ გამოყოფოდნენ და კარგი სტარტაპები გააკეთეს.
რაც შეეძლება შემოსვლას უცხოური, თუნდაც ბელარუსი და უკრაინელი აიტი სპეციალისტების.
ისინი თავისდაუნებურად ჩვენი ქვეყნის ადგილობრივ აიტი ქომუნითიში ერთიანდებიან და აკეთებენ საკუთარი გამოცდილების გაზიარებას.
ეს ამ კუთხითაც ძალიან კარგია. გარდა ამისა, რუსი, უკრაინელი თუ ბელარუსი აიტი სპეციალისტი იცხოვრებს თუ არა საქართველოში, ეს დიდს არაფერს ცვლის მისი მუშაობის თვალსაზრისით, ისინი საერთაშორისო პლატფორმაზე მუშაობენ, საერთაშორისო კომპანიებისთვის. თუ ვინმეს აქვს შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი აიტი ტექნოლოგიების სფეროდან არიან და შეიძლება, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დააზიანონ… არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ლოკაციაზე იქნებიან ეს ადამიანები. მათ აქვთ შესაძლებლობა მისწვდნენ შესაბამის ტექნოლოგიებს და სერვერებს. (ეს ჩემი აზრია).
რაც შეგვეხება ჩვენ, „ორიენტ ლოჯიკი“ ჩვენი კუთხით ვფიქრობ, რომ ახლაც კარგად ვმუშაობთ.
ძალიან ბევრი უკრაინელი გვიკავშირდება ჩვენი სფეროდან, მათ შეეზღუდათ გარკვეული პროდუქტები, რომელზეც უკრაინაში მუშაობდნენ.
უკრაინაში რაიმე მოქმედი აიტი პროექტი ვერ იქნება, ისეთი წარმატებული, როგორიც იყო და გვთხოვენ დახმარებას შემოსავლების მიღების კუთხით, რომ რაღაც პროექტებში ჩავრთოთ. ამ კუთხით, საკმაოდ აქტიურად ვეხმარებით.
ვფიქრობ, მათი კომპეტენცია ჩვენც გამოგვადგება და მათაც დავეხმარებით თუ ქართულ პროექტებში ჩავრთავთ.
