“იმ დღის საშინელება წარმოუდგენელია, იყო აფეთქების ხმა, გასროლა, უკანა საქარე მინა ჩაიმსხვრა, ქმარმა დაიყვირა – გადი მანქანიდან”, – ასე იწყებს BBC-სთან ინტერვიუში ვიქტორია კოვალენკო მოყოლას საკუთარი მძიმე ისტორიის, რომელიც რუსული სისასტიკის გამო უკრაინაში გადახდა თავს.
ვიქტორიას, რომელმაც ომის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ ოჯახთან ერთად ქვეყნის ჩრდილოეთით გაქცევა გადაწყვიტა, ოკუპანტებმა ქმარი და შვილი თვალწინ მოუკლეს.
12 წლის ვერონიკა ვიქტორიას პირველ ქორწინებაში შეეძინა, ხოლო მეორე შვილი ვარვარა მხოლოდ ერთი წლისაა.
ჩერნიგოვის რაიონის სოფელ იაჰიდნეს მახლობლად, გზაზე ქვები დახვდათ. მისი ქმარი მანქანიდან გადავიდა და მათი გზიდან გაყვანა დაიწყო. რამდენიმე წუთში მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

“ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა ვერონიკამ ყვირილი დაიწყო, რადგანაც გატეხილი შუშის ნამსხვრევმა თავი გამიჭრა და სისხლისგან ვიცლებოდი.
ვერონიკამ ყვირილი დაიწყო, ხელები უკანკალებდა, ამიტომაც მის დამშვიდებას ვცდილობდი. მანქანიდან გადავიდა და უკან გავყევი. გადასვლისას დავინახე, როგორ დაეცა. როდესაც შევხედე, თავი აღარ ჰქონდა”, – ჰყვება ვიქტორია გამოცემასთან.

როგორც BBC წერს, ვიქტორიას პეტრო აღარ უნახავს, თუმცა სიჩუმით მიხვდა, რომ ქმარი დაიღუპა.
ვიქტორიას ახსოვს ის დღე, როცა ცხედრები მოიტანეს.
“12 მარტი იყო. დამირეკეს და მითხრეს: წამოდი, ნახავ, სად დაკრძალავენ.
ერთი ყუთი შედარებით დიდი იყო, მეორე – შედარებით პატარა და ორი ჯვარი ნიშნებით. დავრჩით და ყუთების მიწით დაფარვა დავიწყეთ, მაგრამ სროლა დაიწყო და გავიქეცით ისე, რომ დამარხვა ვერ მოვასწარით. ძალიან საშიში იყო”.

ამჟამად, ვიქტორია და ვარვარა ლვოვში უსაფრთხოდ არიან, თუმცა ამავე ინტერვიუში უკრაინელი ქალი იხსენებს, რომ ის და მისი ერთი წლის შვილი რუსებს 24 დღის განმავლობაში სარდაფში ჰყავდათ დატყვევებული და დიდი ხნის განმავლობაში საპირფარეშოში გასვლის უფლებასაც არ აძლევდნენ.
“რომ მოეცათ საშუალება პუტინისთვის მესროლა, ხელიც არ ამიკანკალდებოდა “, – ამბობს ვიქტორია BBC-სთან.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
