LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი – ჩვენმა წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როდესაც ერთიანი ვართ და არა მაშინ, როდესაც ორ ან მეტ ბანაკად ვართ გაყოფილი

წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როდესაც ერთიანი ვართ და არა მაშინ, როდესაც ორ ან მეტ ბანაკად ვართ გაყოფილი – საჭიროა, ვუპასუხოთ საზოგადოებაში არსებული ეროვნული თანხმობის მოთხოვნას არა მხოლოდ მოწოდებებით და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით, არამედ ქმედებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში 9 აპრილთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს მიმდინარე პროცესმა ქვეყანა უნდა მიიყვანოს თანხმობის ერთობლივ დოკუმენტამდე, რომელმაც უნდა ასახოს საერთო ხედვა და ნება.

„9 აპრილი ჩვენთვის კიდევ სხვაგვარი მაგალითია – ეს ჩვენი უახლესი ისტორიის ის პერიოდია, როდესაც საზოგადოება შეკრული და ერთიანი იყო, ამიტომ დღეს საჭიროა, დავუბრუნდეთ ერთიანობის საფუძვლებს, ვუპასუხოთ საზოგადოებაში არსებულ ეროვნული თანხმობის მოთხოვნას არა მხოლოდ მოწოდებებით და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით, არამედ ქმედებით. ამ პროცესმა უნდა მიგვიყვანოს თანხმობის ერთობლივ დოკუმენტამდე, რომელმაც უნდა ასახოს ჩვენი საერთო ხედვა და საერთო ნება. სინამდვილეში საზოგადოება უკვე თანხმდება ყველაზე მთავარზე – ერთიანები ვართ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების არჩევანში, ერთიანები ვართ ევროინტეგრაციის გზის არჩევანში, კანონის უზენაესობის არჩევანში, ასევე ერთიანები ვართ უკრაინის მიმართ სოლიდარობაში, ჩვენს ერთობაზეა დამოკიდებული, რომ სხვამ ვერ შეძლოს ჩვენით მანიპულირება, ჩვენი პროვოკაციაში ჩათრევა და ჩვენ მიერ არჩეული გზიდან გადახვევა.

თუ ჩვენს თავში ვიქნებით დარწმუნებული, გაერთიანებული მთავარი პრინციპების ირგვლივ და შევძლებთ, რომ არსებული გამოწვევების წინაშე ერთიანი სახელმწიფოებრივი პოზიცია გვქონდეს და ბოლომდე დავიცვათ, ეს იქნება 9 აპრილის კიდევ ერთი გამარჯვება. 9 აპრილის მაგალითი სწორედ ამას გვასწავლის, რომ მხოლოდ ერთიანობით, ერთსულოვნებით და ერთიანი მომავლის ხედვით საქართველოს შეუძლია გაუძლოს ამ საუკუნის გამოწვევებს, როგორც გაუძლო მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში. ჩვენმა წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როდესაც ერთიანი ვართ და არა მაშინ, როდესაც ორ ან მეტ ბანაკად ვართ გაყოფილი, 9 აპრილი ამის დასტურია – როცა ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე იდგა, ერთად დგომით წნეხსაც გაუძლო და საბოლოოდ, გაიმარჯვა კიდეც“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით,” საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება მომავალში”.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ერთ მუშტად შეკრული საზოგადოება არ მარცხდება, ერთიანობა კი ვერც დაძალებით, ვერც სხვისი დამონებით ვერ მოიპოვება.

“საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება მომავალში, ეს ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა. ყველანი ვხედავთ, ომით მოპოვებული ტერიტორიები არაფრის მომტანია, არც განვითარების, არც თვითდამკვიდრების და არც იდენტობის დაცვის.

დღეს, საქართველოს პერსპექტივა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა – დაჩქარებული ევროპული ინტეგრაციის გზა, გვინდა ხელი გამოგიწოდოთ და ამ გზაზე დემოკრატიის, თვითდამკვიდრებისა და თავისუფლების გზაზე შემოგთავაზოთ, რომ ერთად ვიაროთ. ერთიანობა ვერც დაძალებით, ვერც სხვისი დამონებით მოიპოვება, ეს გზა განვლილი გვაქვს, მაშასადამდე, მრავალფეროვნება, მრავალაზროვნება, მრავალეთნიკურობა, ასევე მრავალ პარტიულობა ამ ერთიანობის განუყოფელი ნაწილია. ეს თავისთავად იმასაც ნიშნავს, რომ უნდა ვიცდოეთ დათმობაც, სხვისი აზრის გათვალისწინებაც, თუ არა, სულ ცოტა გაგება მაინც და ქვეყნის ინტერესების ჩვენ პირად, პარტიულ, თუ სხვა ინტერესებზე მაღლა დაყენებას. ამას ვუსურვებ სრულიად საქართველოს ამ 9 აპრილის დიდებულ დღეს, გაუმარჯოს საქართველოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.