LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მშვიდობის და ომის პერიოდშიც ჩვენ მეგობრებად ვრჩებით“ – ზელენსკის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა ფილარმონიაში შეკრებილ ქართველ მაყურებელს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა კომუნიკაციის საკითხებში დაშა ზარივნაიამ ფილარმონიაში შეკრებილ ქართველ მაყურებელს მიმართა.

„რუსები ყოველთვის მოდიან, რომ გაგთავისუფლონ მშვიდობისგან, თავისუფლებისგან და თავად სიცოცხლისგან.

იცით რას ნიშნავს, როდესაც აგრესორის წინაშე მარტო ხარ? 2008 წელს მსოფლიომ თითქოს თვალები დაიბრმავა. რა მოხდა მერე? 2014 წელს მსოფლიომ კიდევ ერთი შეშფოთება გამოთქვა, როდესაც იგივე უკრაინას დაემართა, მაგრამ 2022 წელს მსოფლიო განზე ვერ გადგება, იმიტომ, რომ თუ ჩვენ რუსეთს ახლა ვერ შევაჩერებთ, ის არასოდეს შეჩერდება.

ფრთხილად იყავით, რუსული პროპაგანდა მოქმედებს და ეს მათი იარაღია.

უკრაინა ხშირად ეხმარება საქართველოს და საქართველო ხშირად ეხმარება უკრაინას. მშვიდობის და ომის პერიოდში ჩვენ მეგობრებად ვრჩებით.

მოვითხოვთ რომ მსოფლიომ იმოქმედოს”, – თქვა დაშა ზარივნაიამ.

“უკრაინისთვის”  – ამ  სახელწოდებით აქცია-კონცერტი ფილარმონიაში მიმდინარეობს. ღონისძიებაში ქართველი და უკრაინელი მუსიკოსები მონაწილეობენ.

უკვე საქართველოში იმყოფება ლვოვის საერთაშორისო სიმფონიური ორკესტრი.  ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, “სუხიშვილები”, უკრაინელი მომღერალი ჯამალა, ნინო ქათამაძე და სხვები.