LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება 2 ცალკეული დოკუმენტისგან შედგებოდეს – ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სავარაუდო გარანტი ქვეყნები დაასახელა

რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება შედგებოდეს ორი ცალკეული დოკუმენტისგან, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ორი დოკუმენტიდან ერთი უნდა ეხებოდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, მეორე კი უშუალოდ მის ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან.

ზელენსკი: თუ რუსეთი გაანადგურებს მარიუპოლის დამცველ უკრაინელ სამხედროებს, შემდგომი სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელი გახდება

ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები, იტალია და თურქეთი გამოხატავენ მზადყოფნას გახდნენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტი ქვეყნები, მაგრამ საბოლოო პასუხი ჯერ არავისგან მიუღია.

„ყველას არ სურს რუსეთთან „ერთ სუფრაზე“ მოხვედრა. მათთვის უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ერთი საკითხია, ხოლო რუსეთთან შეთანხმება საერთოდ სხვა საკითხია. რუსეთს სურს, რომ ყველაფერი ერთ დოკუმენტში იყოს, მაგრამ მას ეუბნებიან, უკაცრავად, მაგრამ ვნახეთ რაც მოხდა ბუჩასა და ბოროდიანკაში, ამიტომ გარემოებები იცვლება“, – აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინას არ ექნება პრობლემა იარაღის მიწოდების ან აგრესორი ქვეყნისთვის სანქციების დაწესების მხრივ, მაგრამ შეკითხვები იქნება სამხედრო კომპონენტთან დაკავშირებით, რაც უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.