LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნიკა მელია უკრაინაში ქართველ მებრძოლებთან ერთად – “ეს ისტორია იწერება გმირების სისხლით, მათ შორის, ქართველი გმირების სისხლით!”

“ჩემთვის დიდი პატივია ვიდგე იმ ბიჭების გვერდით, ვინც სიცოცხლის ფასად იცავს თავისუფლებას, ვინც უკრაინაში იბრძვის როგორც უკრაინის, ისე საქართველოს თავისუფლებისთვის”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია წერს სოციალურ ქსელში და უკრაინაში, ქართველ მებრძოლებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ამასთან, ნიკა მელია უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, სად იბრძვი თავისუფლებისთვის, ბოროტების დასამარცხებლად.

“თავისუფლებისთვის ბრძოლა არ ცნობს გრძედებს და განედებს. საამაყო და მისაბაძია ყველა მებრძოლი, რომელიც იბრძვის მტარვალების წინააღმდეგ და მე, ნამდვილად მეამაყება დღეს მათ გვერდით დგომა, თავად მმატებს მხნეობას მათი გამხნევება!

 

ჩვენი ბიჭები გმირულად, უკომპრომისოდ იბრძვიან ყველგან, სადაც კი მძიმე ბრძოლები მიდის, სადაც კი წყდება ომისა და მშვიდობის ბედი, სადაც იწერება ახალი ევროპის, ახალი მსოფლიოს ისტორია.

ეს ისტორია იწერება გმირების სისხლით, მათ შორის, ქართველი გმირების სისხლით!

ქედს ვიხრი ბრძოლის ველზე დაცემული ყველა მებრძოლის გმირობისა და მარადიული ხსოვნის წინაშე. ვიზიარებ მათი ოჯახების ღრმა მწუხარებას!”, – წერს ნიკა მელია.