რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოსკოვი იძულებული გახდა, უკრაინაში დონბასში მომხდარი ,,ტრაგედიის” გამო, ,,სამხედრო ოპერაცია” დაეწყო.
ამის შესახებ მან კრემლში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მალე დონბასში ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.
„სამწუხაროდ, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ცუდი მიმართულებით. რადგან მთელი ეს რვა წელი იქ გრძელდებოდა დაბომბვები, საარტილერიო დარტყმები და საბრძოლო მოქმედებები. რა თქმა უნდა, ადამიანების ძალიან უჭირდათ. სხვანაირად ვითარდებოდა ხალხის ცხოვრება ყირიმში, სევასტოპოლში – ეს ცხადია. თუმცა იმ ტრაგედიამ, რომელიც ხდებოდა დონბასში, მათ შორის ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში, აიძულა რუსეთი, დაეწყო ეს სამხედრო ოპერაცია, რომელზეც დღეს ყველამ კარგად იცის. უპირველეს ყოვლისა, მე ამის შესახებ სულ თავიდანვე ვთქვი, ამ ოპერაციის მიზანი დონბასში მცხოვრები ჩვენი ხალხის დახმარებაა.
ვიმოქმედებთ თანმიმდევრულად და მივაღწევთ ისეთ მდგომარეობას, რომ იქაც ცხოვრება თანდათან ნორმალიზდება და შეიცვლება უკეთესობისკენ, როგორც სევასტოპოლში“, – განაცხადა პუტინმა არაკომერციული ორგანიზაციის „რუსეთი – შესაძლებლობების ქვეყანა“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
