LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლობიო – სამკურნალოდ, განწყობისთვის და კოსმეტოლოგიაში

ლობიო უკვე 7 000 წელია ცნობილია ადამიანისათვის. მისი სამშობლოა ინდოეთი და სამხრეთ ამერიკა, საიდანაც ის გავრცელდა მსოფლიოში. დღეს სწორედ ამ მარცვლეულ კულტურაზე გაგესაუბრებით, რომელმაც წლების განმავლობაში უამრავი ერი გადაარჩინა შიმშილისგან და დღემდე უყვართ საქართველოშიც.

ლობიოს ნაყოფი შეიცავს 56% ნახშირწყლებს და 20% ცილებს, რომლებიც ცხოველური წარმოშობის ცილებისაგან განსხვავებით ადვილად შეითვისება ადამიანის ორგანიზმის მიერ. ლობიო ასევე შეიცავს ვიტამინების კომპლექსს: C, K, PP, B ჯგუფის ვიტამინები და მინერალურ ნივთიერებებს – იოდს, ფოსფორს, ნატრიუმს, რკინას, მაგნიუმს, კალიუმს და კალციუმს. ლობიო სასარგებლოა დაკონსერვებული სახითაც, რადგან იგი ტექნოლოგიური დამუშავების მიუხედავად, მაინც ინარჩუნებს ვიტამინების 70%-ს. ლობიო ასევე შეიცავს ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ნივთიერებებს – ცელულოზას, ლიმონმჟავას და ლიზინს.

ლობიო სასარგებლოა სამედიცინო თვალსაზრისითაც – ფოსფორული ნაერთების შემცველობის წყალობით, ლობიო წმენდს ნაწლავებს და გამოაქვს ორგანიზმიდან რადიოაქტიური ნივთიერებები. თუთია და სპილენძი ყველა სხვა მარცვლეულ კულტურაზე უფრო მეტი რაოდენობით არის ლობიოში. თუთია აძლიერებს თავის ტვინის უჯრედებს, ხოლო სპილენძი მონაწილეობას იღებს ჰემოგლობინის სინთეზში და დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე. ლობიოს პარკში კალიუმის დიდი რაოდენობით არსებობის წყალობით, ექიმები მას ხშირად რთავენ გასტრიტით, დაბალი მჟავიანობით და ათეროსკლეროზით დაავადებული ადამიანების კვების რაციონში.

ლობიო გამოიყენება როგორც შარდმდენი საშუალება. მისი პარკები გამოიყენება შარდკენჭოვანი დაავადებების, რევმატიზმის, ეგზემის, წყლულების და კანის სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ. ლობიოს ნაყოფი შეიცავს ინსულინის მსგავს ნივთიერებას, რისი წყალობითაც ლობიო ამცირებს შაქრის დონეს სისხლში და გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის წინააღმდეგ. ლობიო ფართოდ გამოიყენება როგორც დიეტური პროდუქტი. მისი მიღება სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს ღვიძლის და თირკმელების დაავადებები. გარდა ამისა, ლობიოს პარკები, დამაწყნარებლად მოქმედებს ნერვულს სისტემაზე, ხსნის სტრესს და დაღლილობას, ამაღლებს განწყობას და ზრდის შრომისუნარიანობას.
ლობიო გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც. წვრილად დაქუცმაცებული ლობიოს და ლიმონის წვენისგან დამზადებული ნიღაბი აქრობს ნაოჭებს, კვებავს და ახალგაზრდულ იერს უბრუნებს სახის კანს.