ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისის რამდენიმე უბანი დაიტბორა. ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
Fortuna.ge დედაქალაქში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას შესაბამის უწყებებთან ცდილობს, მასალა განახლდება მათგან მიღებული უახლესი ინფორმაციით.
ერთ-ერთი ვიდეო გამოქვეყნდა ფეიჯზე – ჩემი ქალაქი მკლავს. კადრებში ჩანს დატბორილი მტკვრის მარცხენა სანაპირო, სადაც მანქანებს გადაადგილება სავალ ნაწილზე მომდინარე წყალში უწევთ. „მტკვრის მარცხენა სანაპირო ამ წუთებში, ნუ გახვალთ ამ გზით“, – წერია ვიდეოს აღწერაში.
წყალდიდობაში მოყვა ჟურნალისტი მაიკო ლომაძეც, რომლის ვიდეოშიც ჩანს, სავალ ნაწილზე მომდინარე ნიაღვარი და გაძნელებული გადაადგილება. „მილიონიანი ურნების ყიდვას, ვერეს კოლექტორები გაწმინდეთ, თორემ 13 ივნისს ბევრი კი არ უკლია“ – წერს ლომაძე.
„წინამძღვრიშვილზე თერგი რბის, თერგი ღრიალებს“- ამ მინაწერით აქვეყნებს ვიდეოს გირჩის წევრი ჰერმან საბო წინამძღვრიშვილის ქუჩიდან, სადაც ასევე, დიდი ნიაღვარი დის.
მორიგი ვიდეო გიორგი ნამორაძეს ეკუთვნის, სადაც მიმდინარე გზის სამუშაოების დროს გაკეთებული თხრილები წყლით აივსო და ქუჩაც დაიტბორა.
