სოციალური საწარმო „ანინა“ სარეაბილიტაციო ცენტრის “მზის სივრცის” ბაზაზე ფუნქციონირებს. აქ დასაქმებული არიან ცენტრის ბენეფიციარების დედები. საწარმოს დაარსების მთავარი მიზანი იყო, შშმ ბავშვების დედებს ჰქონოდათ შესაძლებლობა ემუშავათ იმავე სივრცეში, სადაც მათი შვილები დღის უმეტეს ნაწილს ატარებენ, სოლიდარობის განცდამ, „ანინაში“ დასაქმებულ დედებს საშუალება მისცა, საკუთარი დამოკიდებულება იმ პატარების მიმართაც გამოეხატათ, რომლებსაც რუსეთის წამოწყებულმა აგრესიულმა ომმა კონკრეტული საჭიროებები გაუჩინა.
სულ ცოტა ხნის წინ თბილი ჰუდები ჯიბეებში იმედისმომცემი წერილებით სოციალური საწარმო „ანინასგან“ უკრაინაში გაიგზავნა, მთავარი მიზნით – მიეწვდინათ ხმა საქართველოდან და გამოეხატათ სიყვარული, მხარდაჭერა ომში მყოფი ადამიანებისთვის.
ინიციატივის შესახებ რადიო “ფორტუნას” გადაცემაში „ბიზნესკურიერი“, სტუმრად გიორგი კეპულაძესთან, ისაუბრა კატო მიქელაძემ, სოციალური საწარმო „ანინას“ თანადამფუძნებელმა.

– როგორც კი უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება დაიწყო, იმ მომენტიდან სოციალურ საწარმო „ანინაში“ გაჩნდა იმის სურვილი და მზაობა, რომ რაღაც ფორმით ჩვენც მიგვეღო ამ აქციებში მონაწილეობა და მხარდაჭერა გამოგვეხატა უკრაინელების მიმართ. გვინდოდა, დავხმარებოდით, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. გადავწყვიტეთ, შეგვეკერა თბილი ჰუდები ბავშვებისთვის და გაგვეგზავნა უკრაინაში.
შემდეგ მოგვინდა, რომ ცოტა უფრო მასშტაბური ყოფილიყო ჩვენი აქცია და გადავწყვიტეთ, ჰუდებზე, გულზე გაგვეკეთებინა წარწერა და ისე გაგვეგზავნა, რომ საჩუქარი რამე მესიჯის მატარებელიც ყოფილიყო.
ვიდეო ჩავწერეთ სოციალურ გვერდზე და ჩვენ მუდმივ და ერთგულ მომხმარებელს შევთავაზეთ, ფრაზის არჩევაში მიეღოთ მონაწილეობა, რასაც ამ ჰუდებზე დავაწერდით.
ვიდეოს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ გამოხმაურების გარდა ადამიანებს ჰქონდათ სურვილი, რომ თანხაც ჩაერიცხათ „ანინას“ ანგარიშზე და წერდნენ, „ერთი ჰუდის შესაკერ თანხას ჩაგირიცხავთ და ჩემი სახელით გააგზავნოთო“. ძალიან დიდი იყო სურვილი, რომ ფინანსურადაც ჩართულიყვნენ ამ აქციაში.

თუმცა ეს პროექტი თავიდან ბოლომდე თავის თავზე აიღო „ანინამ“, რადგან იმ მომენტისთვის გვქონდა ამის საშუალება, რომ ჰუდები ჩვენი ხარჯებით შეგვეკერა და ადამიანების ჩართულობისთვის მათ შევთავაზეთ, რომ დაეწერათ პატარა წერილები, რომელსაც ჩვენ ჩავაწყობთ ჯიბეებში და ჰუდებთან ერთად გავაგზავნიდით უკრაინაში.
თავიდან ვიფიქრეთ, რომ რამდენიმე წერილი მაინც მოვიდოდა და რეალურად, ჩვენი თანამშრომლები დაწერდნენ წერილებს, მაგრამ ზუსტად ერთ დღეში მივიღეთ უამრავი წერილი.
მოვახერხეთ, რომ ჩვენი მომხმარებლები ჩაგვერთო ამ აქციაში. იყო ძალიან ემოციური და ყველა წერილი იწყებოდა იმით, ვინ იყო ამ წერილის დამწერი და ადრესატს საქართველოში ეპატიჟებოდნენ, როდესაც ომი დასრულდება. იყო ძალიან ბევრი კეთილი სურვილი და იმედი, რომ აუცილებლად გაიმარჯვებდნენ.

– თქვენი საწარმოს ძირითადი საქმიანობა რა არის? რამდენი ადამიანია დასაქმებული და როგორ ფიქრობთ მომავალში განვითარებას?
– სოციალური საწარმოს ძირითადი იდეა არის, რომ მუშაობის საშუალება მიეცეთ ადამიანებს, კონკრეტულად შშმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც მას შემდეგ, რაც თავიანთი შვილების დიაგნოზი გაიგეს, არც უოცნებიათ, რომ ჰქონოდათ სამსახური, რადგან მათი მდგომარეობა რთულია და ძირითადად უწევთ თავიანთი შვილების გვერდში დგომა.
ეს საჭიროება არის და წარმოუდგენელია ისეთი დამსაქმებლის შოვნა, რომ დღეში რამდენჯერმე მოუწიოს დასაქმებულს სამსახურიდან წასვლა. ხშირ შემთხვევაში ესენი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახები და უფრო ხშირ შემთხვევაში ესენი არიან მარტოხელა დედები, სამწუხაროდ ასეთი რეალობაა ჩვენს ქვეყანაში.
შშმ ბავშვებს ძირითადად მარტოხელა დედები ზრდიან და „ანინას“ დაარსების მიზანი სწორედ ის იყო, რომ ქალების მიმართ გამოგვეხატა მხარდაჭერა. ეს რასაკვირველია, თავისთავად ბავშვების მხარდაჭერასაც გულისხმობს, მაგრამ მშობლების, კონკრეტულად დედების გაძლიერებით ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეძლიერებინა ეს ბავშვები და მათი ცხოვრება გაგვეხადა უკეთესი.
– რას აწარმოებთ?
– ვაწარმოებთ აქსესუარებს, ტანსაცმელს. ყოველთვის არის აქცენტი გაკეთებული ხარისხზე და თუ ვინმეს „ანინას“ პროდუქცია მოუხმარია, დამეთანხმება, რომ აქცენტი ყოველთვის არის ხარისხზე. ნელ-ნელა უფრო პოპულარული ხდება „ანინა“ და მისი საქმიანობა. ვფიქრობთ, რომ უფრო გავიზრდებით და გავძლიერდებით ახლო მომავალში.
– რა მიმართულებით გეგმავთ გაძლიერებას და მეტი ადამიანის დასაქმებას?
– ამ მომენტისთვის საწარმოში ხუთი თანამშრომელია. თუმცა დასაქმების ძალიან ბევრია მსურველია და არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც დიდი შეკვეთებია. ამ შემთხვევაში დროებით ვიმატებთ ხოლმე ადამიანებს, ვისაც აქვს სურვილი, რომ კონკრეტული შეკვეთის დამზადებაში მიიღოს მონაწილეობა.
განვითარების და გაზრდის გეგმები ძალიან დიდი გვაქვს. პირველ რიგში იმიტომ, რომ უფრო მეტ ადამიანებს მიეცეთ იმის საშუალება, რომ დასაქმდნენ.
საწარმო ფუნქციონირებს სარეაბილიტაციო ცენტრის „მზის სივრცის“ ბაზაზე, სადაც უკვე სამოცამდე ბენეფიციარი ჰყავთ სხვადასხვა შეზღუდვით და პირველ რიგში ამ საწარმოს გაზრდა გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ბენეფიციარის უფრო მეტი მშობელი იქნება დასაქმებული.
„მზის სივრცის“ დირექტორი და დამფუძნებელი არის ინგა ლოლაძე. მე და ინგა თანადამფუძნებლები ვართ „ანინას“ საწარმოს. ის თავად არის შშმ ბავშვის მშობელი, ჰყავს დაუნის სინდრომით ულამაზესი და უსაყვარლესი შვილი და მოგეხსენებათ, როდესაც ადამიანს პირადად ეხება რაღაც კონკრეტული პრობლემა, ის უფრო სხვანაირად უდგება საკითხს და უფრო მეტი ენერგიით და ენთუზიაზმით აკეთებს საქმეს. ზუსტად ამიტომ მჯერა „ანინას“ წარმატების. „ანინას“ აკეთებენ ადამიანები, ვისთვისაც ეს პრობლემა არ არის მოყოლილი, არამედ არის რეალური.
– ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და მე მხოლოდ წარმატებებს გისურვებთ. მიხარია, რომ ახერხებთ ჩვენს მეგობარ უკრაინელებსაც დაეხმაროთ, თქვენი ბიზნესით და თქვენი ნაბიჯებით.

