უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ნინო წილოსანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
წილოსანი აღნიშნავს, მანიპულირების არანაირი ფორმა არ უნდა ათავისუფლებდეს დამნაშავეს პასუხისმგებლობისგან.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობა მის ხელშია და გამოცხადებული თვითდაზიანების რეჟიმი ვერანაირად ვერ გახდება მისი გათავისუფლების წინაპირობა:
“როგორც ადამიანი არავის, მათ შორის არც პატიმარ სააკაშვილს, არ ვუსურვებ ჯანმრთელობის პრობლემებს.
მაგრამ, როგორც ადამიანს, უდიდესი თანაგრძნობა მაქვს მისი რეჟიმის მსხვერპლთა მიმართ და ვისურვებდი ყველა დამნაშავემ სათანადოდ მოიხადოს სასჯელი.
როგორც პოლიტიკოსი კი, სრულიად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს, სამართლის წინაშე და ვთვლი, რომ მანიპულირების არანაირი ფორმა არ უნდა ათავისუფლებდეს დამნაშავეს პასუხისმგებლობისგან.
სააკაშვილის ჯანმრთელობა მის ხელშია, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომელთა უფლებები მისი რეჟიმის დროს სრულიად უგულებელყოფილი იყო.
პატიმარ სააკაშვილის მიერ გამოცხადებული თვითდაზიანების რეჟიმი ვერანაირად ვერ გახდება მისი გათავისუფლების წინაპირობა – ეს მსუბუქად რომ ვთქვათ, არასწორია.
აქედან გამომდინარე, ნებისმიერი გარე პირისგან (არა მისი თანაპარტიელებისგან – გასაგებია რა მოტივებით ხელმძღვანელობენ ისინი) სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა არის სახელმწიფოსა და საზოგადოების უპატივცემულობა. რაც მთავარია, სისხლიანი რეჟიმის მსხვერპლთა უფლებების ფეხქვეშ გათელვა.
პ.ს. სანამ პეტრე ცისკარიშვილის მსგავსი და მისი თანამოაზრეები საზოგადოების უმრავლესობას “ქოცურ პატარა წრეს “ უწოდებენ, მანამ არ ეღირსება ამ პოლიტიკურ ჯგუფს რეაბილიტაცია”, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
