LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველაზე სუფთა ელექტროენერგია არის ის, რომელიც იზოგება” – ბიზნესის რომელ სექტორებში დაიწყეს განახლებადი ენერგიის გამოყენება და რას მოიცავს საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის 5 წლიანი პროექტი / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა 5 წლიანი პროექტია, რომლის ბიუჯეტი 15,7 მილიონი აშშ დოლარია. პროგრამას „შპს დელოიტ ქონსალთინგი“ ახორციელებს, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

პროგრამის მთავარი მიზანი, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებაა. ის საქართველოს ეხმარება ენერგიის წყაროების დივერსიფიცირებაში და ხელს უწყობს სტაბილური, კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე და ინვესტორებისათვის მიმზიდველი ბაზრის ჩამოყალიბებას.

პროგრამის ფარგლებში, (USAID)  თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან, რეფორმების განხორციელებისა და ენერგეტიკული სექტორის მდგრადი განვითარების მიმართულებით, რომელიც ქვეყანას დაეხმარება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში.

შედეგად, პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს ოჯახების, ბიზნესისა და საჯარო დაწესებულებებს მდგრად ხელმისაწვდომობას ენერგიაზე, იცავს ქვეყანას მავნე ზეგავლენისგან და ხელს უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

საკითხს „ბიზნესკურიერში“ სტუმრად გიორგი კეპულაძესთან განიხილავს  ივანე პირველი – საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე.

 

 

– ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და ენერგეტიკული გამოწვევების ფონზე, ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას გულისხმობს პროექტი?

– ორ ძირითად მიმართულებას გამოვყოფდი, რაც საქართველოსთვის აქტუალურია.

ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება. ჩვენი პროექტის ხედვაა, რომ არათუ კლებულობს, არამედ მზარდია ენერგეტიკული უსაფრთხოების მაქსიმალურად დანერგვა, იმისთვის, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ენერგეტიკული უსაფრთხოება.

მეორე მიმართულება, ეს არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, მათ შორის ენერგეტიკაში, ინტეგრაციის ქვეყნის ზოგადი კურსი.

საქართველო არის ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი 2016 წლიდან, მიმდინარეობს რეფორმა და ამ რეფორმის ხელშეწყობა და მაქსიმალურად დაახლოება ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან არის ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება.

მიმართულებები 4 ძირითად საქმიანობად არის ჩაშლილი.

პირველი, ეს არის ენერგეტიკული სექტორის დაგეგმვა და ამ მიმართულებით პოლიტიკის შემუშავება.
ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ვეხმარებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ისინი არიან წამყვანი ამ პოლიტიკის შემუშავებაში და ამ ენერგეტიკულმა პოლიტიკამ მომდევნო 10 და 30 წლის განმავლობაში უნდა შეიმუშაოს ძირითადი მიმართულებები ქვეყნის განვითარების,  ბაზრების ლიბერალიზაცია იქნება ეს, თუ განახლებადი ენერგიის ათვისება. ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა და სხვა თემები.

მეორე მიმართულება ეს არის განახლებადი ენერგიის ინვესტიციების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით ძირითადად კერძო სექტორთან ვთანამშრომლობთ და ასევე ვცდილობთ, საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდეს და შესაბამისად ვმუშაობთ სახელმწიფო, თუ სხვა უწყებებთან.

მესამე მიმართულება ეს არის ენერგეტიკის ბაზრების განვითარება. ბაზრების განვითარება მიმდინარეობს და ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორში.

და მეოთხე ახალი მიმართულებაა, რომელიც ძალიან აქტუალურია, მით უფრო ჩვენს რეგიონში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ეს არის კიბერუსაფრთხოების გაძლიერება, ვინაიდან ენერგეტიკის გაციფრულება ხდება, შემოდის უფრო და უფრო ჭკვიანი მრიცხველები.

კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ენერგეტიკული უსაფრთხოების მიღწევისათვის.

ესაა, ის ძირითადი მიმართულებებია, რომელზედაც ჩვენი პროექტი მუშაობს და USAID-ის მთავარი მიზნების განხორციელებას უწყობს ხელს, ენერგეტიკის სექტორში, რომელიც ეხმიანება კლიმატის ცვლილების შერბილებას და მაქსიმალურად კერძო სექტორთან თანამშრომლობას, იმისთვის, რომ განახლებად ენერგეტიკაში ჩაიდოს მეტი ინვესტიცია.

– ინვესტიციები ახსენეთ და ამ მიმართულებით მინდა გკითხოთ, სამწუხაროდ ბოლო წლებში არ გვქონდა კარგი ტენდენცია. რამდენიმე პროექტი ვერ განხორციელდა და გაჩერდა, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტები და ენერგოდამოუკიდებლობა.

ვხედავთ რუსეთის აშკარა აგრესიას მეგობარი ქვეყნის მიმართ. ის იყენებს თავის ბერკეტებს არამხოლოდ საქართველოს და უკრაინასთან, არამედ ევროკავშირის და სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც.

რამდენად მნიშვნელოვანია, ენერგეტიკული უსაფრთხოება ზოგადად პოლიტიკური უსაფრთხოებისთვის?

–  ენერგეტიკულ უსაფრთხოებას რამდენიმე განზომილება აქვს. ის არის ეროვნული უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი, ვიცით, რომ ეს ბუნებრივი გაზი თუ ნავთობპროდუქტები, მნიშვნელოვანია არამხოლოდ ეკონომიკური განვითარებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში საზოგადოებრივი ცხოვრების დონისა და პირობების შენარჩუნებისთვის. ეს ინვესტიციები, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია. ეკონომიკური დარგების განვითარების პარალელურად იზრდება ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და შესაბამისად ამას ყველაფერს ფეხი უნდა აუწყოს ელექტროენერგიამ.

შესაბამისად ყველანაირი რესურსი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ადგილობრივი რესურსების განვითარებას, იქნება ეს მცირე ზომის სადგურები, საშუალო, თუ დიდი,  მთავარი პრიორიტეტია ქვეყნისათვის. გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ იმპორტის იმედად ყოფნა მართებული არ იქნება და შესაბამისად ის რესურსი, რაც ქვეყანას თავად გააჩნია, მიზანშეწონილია, რომ განვითარდეს.

რესურსების განვითარება გვაძლევს საშუალებას, რომ მეზობელ ქვეყნებთან ვივაჭროთ.

– ხშირად პრობლემა ამ მიმართულებით არის საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით თუ მუშაობს თქვენი ორგანიზაცია, რა ნაბიჯებს დგამთ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისთვის. რა გაქვთ დაგეგმილი?

– ვცდილობთ, საერთაშორისო გამოცდილება შემოვიტანოთ საქართველოში. იმის ალტერნატივა, რომ მოსახლეობას ვესაუბროთ და ავუხსნათ, რა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ელექტროჰესები, არ არსებობს.

 აუცილებელი პირობაა, რომ გარემოს დაცვითი პირობები იყოს შეთანხმებული და რასაკვირველია, ეს პროექტები ემსახურება ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

როცა ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზეა საუბარი, მისი განმარტებაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, ის მოიცავს რამდენიმე ძირითად ასპექტს. ეს არის ენერგიის უწყვეტობა და ხელმისაწვდომობა. ძალიან ძვირი და დაცული სისტემა შეიძლება იყოს, მაგრამ მომხმარებელმა შეიძლება, ვერ შეძლოს გადახდა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ეს ენერგია ხელმისაწვდომი იყოს.
ასევე აუცილებელია საზოგადოების მაქსიმალურად ჩართულობა და აუცილებელი პირობაა გარემოს დაცვაა.

საზოგადოების ჩართულობაზე ერთი ახალი ევროპული დირექტივა გვაქვს, განახლებად ენერგიებთან მიმართებით საკმაოდ დიდ ფსონს ვდებთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზე და მოსახლეობაზე, ვინაიდან მოსახლეობის ჩართულობის გარეშე დიდი მიზნების მიღწევა, რაც კლიმატის ცვლილებას შეარბილებს, შეუძლებელია და მგონია, რომ საქართველოც ამ მიმართულებით უნდა წავიდეს და მათთან ითანამშრომლოს.

ასევე უნდა ითანამშრომლოს მცირე და საშუალო ბიზნესებთან. იცით, რომ საქართველოში არსებობს ნეტო აღრიცხვის პროგრამა, ეს მზის სადგურებს ეხება და ამ მიმართულებიდან უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა. ენერგოეფექტურობა,  ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია და არსებობს გამონათქვამი, რომ ყველაზე სუფთა ელექტროენერგია არის ის, რომელიც იზოგება.

– მინდა, გკითხოთ კერძო სექტორის ჩართულობაზეც. არის თუ არა გამოკვეთილი სექტორები, რომლებიც ალტერნატივად უკვე იყენებენ ისეთ წყაროებს, როგორიცაა, ქარის და მზის ენერგია. ვიცით, რომ ყველა სექტორს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ამ წყაროებით ისარგებლოს. თუ არის გამოკვეთილი სექტორები, რომლებსაც კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს? 

– იცით, რომ ელექტროენერგიის კომერციული ტარიფები ორი წლის წინ გაიზარდა და მზის ელექტროსადგურები რენტაბელური გახდა იმ კუთხით, რომ უკუგების პერიოდი შემცირდა.
ჩვენი მანდატია, რომ საპილოტე პროექტები შევქმნათ.

ამ პროექტებმა შემდეგ უნდა შექმნას ცოდნა და გამოცდილება, იმისთვის, რომ სხვა კერძო სექტორმაც გამოიყენოს.
ახლა, რასაც ვაკვირდებით ეს იქნება ტურიზმის სექტორი იქნება თუ მეღვინეობა, ცდილობენ, რომ ქარხნებთან დაამონტაჟონ მზის სადგურები. ბოლო სტატისტიკით 10 მეგავატს გადააჭარბა მცირე სადგურების ჯამმა.

ეს ბევრი არაა, მაგრამ ტრენდი აღმავალია.