29 აპრილს რადიოს „არ დაიდარდო“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი ირაკლი ფირცხალავა სტუმრობდა, რომელმაც თავის ახალ პროექტზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გადაცემაში სიმღერის „თბილისო“ პრემიერა შედგა.
-ირაკლი, როგორ ხარ, როგორი განწყობა გაქვს და სად იმყოფები ამჯერად?
-უკვე ორ წელზე მეტია საქართველოში ვცხოვრობთ, ჩამოვედით ესპანეთიდან, პანდემიას გამოვექეცით. ახლა ბათუმში ვართ, ისე ძალიან შეგვიყვარდა აქაურობა, რომ პანდემიის დასრულების მერე აღარც დავბრუნდით უკან. მსოფლიოში ძალიან ბევრი ლამაზი ადგილია, მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ საქართველოში მინდა დარჩენა, ბავშვებსაც აქ უფრო მოსწონთ.

–დღეს გვაქვს სიმღერის „თბილისო“ პრემიერა, რომელიც ჩვენს დედაქალაქს ეძღვნება. მოგვიყევი ამ სიმღერის ისტორია.
-დიახ, ეს არის ახალი სიმღერა და არის ჩემი ძველი სიმღერების გაგრძელება. რამდენიმე წლის წინ მე და მასტერმა გადავაკეთეთ სიმღერა „გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო“, სადაც კლიპის ბოლოს ეწერა „To be continued“ და ახალი ნამუშევარი გახლავთ ამ სიმღერის და ბათუმზე ჩაწერილი სიმღერის გაგრძელება. ეს ნამუშევარი გახლავთ კოლაბორაცია უცხოელ მუსიკოსებთან, კანადელ, უკრაინელ, ესპანელ, რუს და რა თქმა უნდა, ქართველ შემსრულებლებთან. სიმღერა დაბალანსებულია კანადაში. ამ ზაფხულს კლიპის გადაღებასაც ვგეგმავ და კლიპიც ძველი ნამუშევრის ერთგვარი გაგრძელება იქნება. ეს არის ჩემი პროექტი, რომელიც საქართველოში დავიწყე, რადგან ბავშვობიდან მახსოვს, რომ აქ ჯაზი, ფანკი, სოული ძალიან მოსწონს ხალხს, მეც ამ მუსიკიაზე გავიზარდე და ამიტომ მომწონს ასეთი მუსიკის შექმნა.

-მაინტერესებს, რამდენ სიმღერას მოიცავს ეს პროექტი და ახალ ნამუშევრებს თუ უნდა ველოდოთ სამომავლოდ?
-აუცილებლად იქნება ახალი სიმღერები, იქნება კოლაბორაციები სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსებთან. ახლა ახალ ალბომზე ვმუშაობ.
-რამე ღონისძიება ან კონცერტი თუ გაქვს დაგეგმილი?
-დაგეგმილი არ არის არაფერი მაგრამ, იმედია ზაფხულში ბათუმში იქნება აქტიურობა და როგორც ყოველთვის, წელსაც ჩავატარებ კონცერტს.
ირაკლი ფირცხალავა – თბილისო
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ირაკლი ფირცხალავა. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი
