„სანქციებთან დაკავშირებით არაერთი მკაფიო განცხადება გაკეთდა მთავრობის მხრიდან. საქართველო არის ყველა იმ საერთაშორისო სანქციის ნაწილი, რომელიც მიღებულია კონსენსუსით, შესაბამისად, საქართველო მკაფიოდ იცავს შეთანხმებებს, რომლებიც გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალურ ეკონომიკურ სანქციებს დააწესებს, ეს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ დონეზე ნეგატიურად აისახება.
„თქვენ დაინახეთ საქართველოს ყველაზე მკაფიო პოზიციები, ყველა საერთაშორისო ფორმატში, სადაც დაგმობილია ომი და საქართველო არის ყველაზე მკაფიო მხარდამჭერი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. რაც შეეხება, ინდივიდუალურ ეკონომიკურ სანქციებს, რომელსაც საქართველო ცალსახად, ცალმხრივ რეჟიმში არ აწესებს; ამის ნათელი მაგალითი არსებობს ძალიან ბევრი ქვეყნის მხრიდან, მათ შორის ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ინდივიდუალურ სანქციებს თვითონაც არ აწესებენ.
საქართველოს თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, აქვს თავისი საფუძველი ამ გადაწყვეტილებების, ეს ბევრ ფაქტორს უკავშირდება და გვესმის ეს ფაქტორები, რაც არის ის, რომ საქართველოს მხრიდან ასეთი სანქციები არანაირი ეფექტის მომტანი შეიძლება არ იყოს რუსეთის ეკონომიკისთვის. საკმაოდ დამაზიანებელი შეიძლება იყოს ინდივიდუალურად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და შეიძლება, ისევ ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა დავამძიმოთ. ასე რომ, ვფიქრობ, ამ საკითხზე სპეკულირებას არანაირი საფუძველი არ აქვს,” – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.
