აპრილში წლიურმა ინფლაციამ 12.8% შეადგინა. ფასები განსაკუთრებით გაიზარდა სურსათზე, საწვავზე და კომუნალურ გადასახადებზე. მიუხედავად პროგნოზისა, რომ მეორე კვარტალიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებდა, რუსეთის აგრესიამ უკრაინაში ვითარება შეცვალა და ფასები კვლავ იზრდება.
როგორი პროგნოზი აქვთ სპეციალისტებს? – საკითხს გიორგი კეპულაძის გადაცემაში „ბიზნესკურიერი“ ოთარ ნადარაია „თიბისის“ მთავარი ეკონომისტი განიხილავს.

– სამწუხაროდ, წელს ინფლაცია დიდი გამოწვევაა, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოში. რუსეთ-უკრაინის ომამდე იგეგმებოდა ინფლაციის შემცირება, თუმცა ვხედავთ, რომ ინფლაცია გაიზარდა და წლიურ ინფლაციასთან ერთად ყოველთვიური ინფლაციაც ძალიან მაღალია. მოსალოდნელია ფასების ზრდა. რთულია ამ ვითარებაში საბაზო სცენარის განსაზღვრა და ძალიან ბევრია იმაზე დამოკიდებული, რა იქნება ნავთობის ფასი წლის ბოლოს.
ჩვენი შეფასებით, თუ ვითარება მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა და ერთი ბარელი ნავთობის ფასი ჩამოვა 85 დოლარზე, დაახლოებით რვა-ნახევარი შეიძლება იყოს წლის ბოლოს ინფლაცია. თუმცა ბუნებრივია ნავთობის ფასთან დაკავშირებით რთულია, ოპტიმისტური იყო. იმედი გვაქვს, რომ აქტიური საომარი მოქმედებები წლის განმავლობაში უფრო მსუბუქ ფაზაში შევა.
თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან აქტიურად განიხილება დამატებითი სანქციების დაწესება და ენერგომატარებლების ექსპორტზე რუსეთისთვის, რაც ბუნებრივია, ფასის ზრდას გამოიწვევს.
გაურკვევლობის გათვალისწინებით, დღევანდელი ფასია 95 დოლარი და იმედი გვაქვს, რომ ფასის მცირე კორექცია შემცირებისკენ წავა.
ბუნებრივია, სხვა სასაქონლო ფასებიც მნიშვნელოვანია. ისევე როგორც ლარის კურსი. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ლარის კურსის მნიშვნელოვან ცვლილებას ექნება ადგილი და ამ დაშვებების გათვალისწინებით, სამწუხაროდ მაინც მაღალი ინფლაცია გვექნება.
ასევე მნიშვნელოვანი კითხვაა, დასრულდა თუ არა მთელი რიგი პროდუქციის კუთხით რუსეთის და უკრაინის იმპორტის გარკვეული ჩანაცვლება შედარებით უფრო ძვირი ბაზრებით – აქაც შერეული სურათი გვაქვს და გარკვეულ პროდუქტებზე შეიძლება ითქვას, რომ ეს სახეზეა, თუმცა არის გარკვეული პროდუქტები, რომელიც დარჩენილია და კიდევ არის გარკვეული პროდუქტები, რომლის ფასებიც არსებული მარაგების ხარჯზე იყო დარეგულირებული და ამ შემთხვევაში, ფასების ზრდას არ გამოვრიცხავ.
– რა ახდენს ინფლაციაზე ძირითად გავლენას? მესმის, რომ საგარეო ფაქტორები ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. ლარის კურსიც ახსენეთ, ესეც ალბათ მნიშვნელოვანია.
თუ შემოსავლები ტურიზმიდან და სხვა სექტორებიდან გაიზრდება, არის მოსალოდნელი, რომ ლარის კურსის გამყარებაში ინფლაციური წნეხი შემცირდეს?
– ინფლაციაზე ძირითადად ორი ფაქტორი ახდენს ხოლმე გავლენას, პირველ რიგში ლარის კურსი და საერთაშორისო სასაქონლო ფასები, (ნავთობი, ხორბალი და სხვა ფასები).
დღეს ჩვენ რაც შეგვიძლია ვთქვათ, უკვე ბოლო თვეებში არის ის, რომ ამ მაღალ ინფლაციაში ლარის კურსის ცვლილება ნამდვილად არ არის დიდი. ფასები ძირითადად გაზრდილია სასაქონლო ფასების გამო და იმის გამო, რომ გარკვეული პროდუქტების შემოტანა ხდება სხვა ბაზრებიდან. უმთავრესი მაინც არის სასაქონლო ფასები, რომელიც ბუნებრივია, ომთან კავშირშია.
ლარის კურსის პროგნოზს რაც შეეხება, ჩვენ ისევ და ისევ საბაზო სცენარით არ ვთვლით, რომ მნიშვნელოვანი გაუფასურება ან გამყარება შეიძლება გვქონდეს. თუ დოლარზე ვსაუბრობთ, კიდევ უფრო მეტი ფაქტორი ახდენს ზეგავლენას და აქ პროგნოზის გაკეთება კიდევ უფრო რთულია. ჩვენ ვთვლით, რომ მიუხედავად ომისა, საგარეო ბალანსი წელს გაუმჯობესდება და ეს მოხდება ძირითადად ტურიზმის ხარჯზე, თუმცა ექსპორტის მხრივაც თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი ექსპორტი მდგრადობას ინარჩუნებს და აქაც ფასების კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
მართალია იმპორტული პროდუქცია გაძვირდა, მაგრამ ასევე გაძვირდა ექსპორტი.
ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება იგივე გაგვაქვს ტონობით, მაგრამ დოლარის ექვივალენტით მეტ შემოსავალს ვიღებთ.
გზავნილებს რაც შეეხება, აქ ჩვენი პროგნოზია, რომ დაახლოებით უცვლელი იქნება წელს. ველოდებით, რომ რუსეთიდან გზავნილები შემცირდება.
ტურიზმს რაც შეეხება, ცოტა უფრო მეტი ოპტიმიზმით ვართ, რადგან ვხედავთ, რომ ტურიზმის აღდგენა გაძლიერდება მიგრაციის ეფექტის ჩათვლით.
ჩვენ თუ დავამატებთ მიგრაციის ეფექტს ტურიზმის შემოსავლებს, აქ იანვართან შედარებით მარტში და აპრილში გვაქვს უკეთესი დინამიკა.
შემოდინებები ლართან მიმართებით პოზიტიურად აისახება.
ლარის კურსი ძალიან მნიშვნელოვანია რუბლთან, ლირასთან და ევროსთან მიმართებით. აქ, უკვე ობიექტურად უნდა ითქვას, რომ საშუალო კურსი არ არის ლარის მხარდამჭერი. ანუ ცოტა უფრო საშუალოდ გამყარდა ლარი, ვიდრე სხვა სავაჭრო პარტნიორების საშუალოდ. ეს ნიშნავს, რომ ის აუცილებლად გაუფასურდება.
ბუნებრივია, იმ ქვეყნებში, სადაც მაღალი ინფლაციაა, გაუფასურებაც დიდია, თუმცა მოკლევადიან პერიოდში ამ წლის განმავლობაში, რაც გვაქვს, მაღალი ინფლაციის მოლოდინი ნიშნავს იმას, რომ მონეტარული პოლიტიკა იქნება მკაცრი, საპროცენტო განაკვეთი იქნება მაღალი, რაც ბუნებრივია, ლარის მხარდამჭერი ფაქტორია.
ამ „ლაბირინთში“ საერთო დასკვნა არის ფრთხილი, ვიწროდ ნეიტრალური ვართ ლარის შეფასების კუთხით. (განსხვავებით წინა პერიოდისგან, როდესაც ცალსახად ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული, ან ხანდახან ზედმეტად გამყარებული. გახსოვთ ასეთი პროგნოზებიც გვქონია). წელს უფრო ნეიტრალიური შეფასებებისკენ ვიხრებით.
– ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საკმაოდ ოპტიმისტურია. მთავრობას არ აქვს ასეთი ოპტიმისტური პროგნოზი, როგორსაც „თიბისი კაპიტალი“ აცხადებთ, დაახლოებით 5,2 პროგნოზზეა საუბარი, რით შეიძლება იყოს ეს ზრდა გამოწვეული და განპირობებული?
– ჩვენი პროგნოზი არამარტო მთავრობასთან შედარებით, არამედ სხვა ორგანიზაციებთან შედარებითაც გამოირჩევა თავისი ოპტიმიზმით. შარშანაც ასე იყო მეორე კვარტალთან შედარებით გვქონდა 10.5 პროგნოზი და საბოლოო ჯამში ასე გამოვიდა. წელსაც იმ ინდიკატორებზე დაყრდნობით, რაც გვაქვს, პროგნოზი ოპტიმისტურია.
რა თქმა უნდა, მსმენელს ეჭვი არ ეპარება, რომ ობიექტურები ვართ, იმიტომ რომ ცუდი პროგნოზების გაკეთებაც გვიწევს ხანდახან. ჩვენ პროგნოზზე მოქმედებს ის ფაქტორები, როგორიცააა ტურიზმისა და ექსპორტის ფაქტორები, გზავნილების დაკრედიტება, საბანკო ეკონომიკა.
ვფიქრობთ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი ცოტათი უფრო მაღალი იქნება, პირადად ჩემი აზრით, ეს განსაკუთრებით გაზრდილი სოციალური საჭიროებების გამო მოხდება. ინფლაცია ყველაზე მოწყვლად ფენებზე მოქმედებს.
ამ ფაქტორების ერთობლიობა და „თიბისი კაპიტალის“ მარტის მაჩვენებლებიც მიუთითებს უფრო მეტ ზრდაზე, ვიდრე 5.5 პროცენტია, რა თქმა უნდა, აქ ორი ფაქტორია.
ერთი ე.წ. საბაზო ეფექტი. როდესაც მთელი წლის ზრდის პროგნოზზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, წინა წელს რა იყო, 5.5 სცენარი ასევე ითვალისწინებს აპრილში ეკონომიკის შემცირებას წინა წელთან შედარებით. წინა აპრილი გახსოვთ, რომ ძალიან მაღალი იყო ზრდა.
უარყოფითი ზრდაც რომ მივიღოთ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 5.5 ზრდა აღარ არის ძალაში.
– დამაიმედებელია, რომ ჩვენი ძალიან მოკლევადიანი პერიოდის ზრდის მოდელი სექტორულ ბრუნვაზე დაყრდნობით, ჯერჯერობით მკვეთრ ვარდნას არ მიუთითებს.
მეორე ფაქტორი, რასაც ვითვალისწინებთ, არის ის, რომ ასეთი კრიზისის ზეგავლენა ერთ თვეში არ ამოიწურება და მას განგრძობითი ეფექტი აქვს. რაც შემდეგ თვეებში შეიძლება, კიდევ უფრო გამოჩნდეს.
მიუხედავად ამისა, ზრდის ფაქტორის გათვალისწინებით, რაც ჩვენ გვაქვს, ვფიქრობთ, რომ 5.5. ნახევარი პროცენტი არის საკმაოდ რეალისტური. დღევანდელი გადასახედიდან ვიტყოდი, რომ უფრო მეტიც კი შეიძლება გვქონდეს.
რა არის მთავარი? მთავარი ისაა, რომ ჩვენ ვართ ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანა და ტურიზმს თუ დავუმატებთ მიგრაციის ეფექტს, პრაქტიკულად ჩვენ გვაქვს ტურიზმის შემოსავლების გაორმაგება 2021 წელთან შედარებით. აქედანაც მოდის მარტივი ლოგიკა, რომელიც ასეთ ტურიზმზე დამოკიდებულ ეკონომიკაზე, როგორიც აქვს საქართველოს, გაორმაგება იქნება ტურიზმის. 38 % აღდგენა იყო ტურიზმის 2021 წელს და წელს უკვე ვფიქრობთ 70-75 %-იან აღდგენას.
ბუნებრივია, ეკონომიკის ზრდის ტემპი იქნება მაღალი. მიუხედავად იმისა, რომ გზავნილები სავარაუდოდ იმავე ნიშნულზე დარჩება და იმპორტი გაგვიძვირდა, მაგრამ ექსპორტიც გაძვირდა, რაც ჩვენთვის შემოსავლების კუთხით არის დადებითი.
მთავარი გამოწვევა წელს არის, რაც ხდება უკრაინაში, მაგრამ წმინდა ეკონომიკური კუთხით მაინც ვიტყოდი, რომ მთავარი გამოწვევა არის ფასების ზრდა და ამ ფასების ზეგავლენა ჩვენი მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ფენებზე.
