უცხოელებს შორის ქართულ ბანკებში ყველაზე მეტ თანხას რუსეთის მოქალაქეები ინახავენ.
2022 წლის მარტის მდგომარეობით, ქართულ ბანკებში უცხოელთა დეპოზიტები რეკორდულ ნიშნულამდე – 5.6 მილიარდ ლარამდე – $1.83 მილიარდამდე გაიზარდა, რაც წინა თვესთან შედარებით 330 მილიონი ლარით მეტია.
აქედან ყველაზე დიდი წილი, რუსეთის, შემდეგ კი ისრაელის და აზერბაიჯანის მოქალაქეებზე მოდის. თავად ფაქტი, რომ ქართულ ბანკებში არარეზიდენტების დეპოზიტები იზრდება, პოზიტიურია, თუმცა იმედია ეს რუსების ხარჯზე არ ხდება.
საკითხს „ბიზნესკურიერში“ სტუმრად გიორგი კეპულაძესთან განიხილავს ანი ალიბეგაშვილი – საბანკო პროდუქტების ექსპერტი.

– ანი, 2 მხარე აქვს საკითხს. ის, რომ არარეზიდენტების დეპოზიტები იზრდება და საქართველოს და ქართული სექტორის მიმართ ნდობა არსებობს, კარგია, მაგრამ არაა კარგი ის, რომ ძირითადი წილი მოდის რუსეთის მოქალაქეებზე. მათ შორის შესაძლებელია, იყვნენ ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქეები.
– ერთის მხრივ მართლაც მისასალმებელია, რომ ჩვენი ფინანსური სექტორი მყარად დგას და მისდამი ნდობა მზარდია, არამხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, არამედ არარეზიდენტი ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან. შეწონილად რუსეთის მოქალაქეებს აქამდე 14% ეკავათ და ახლა ჯერჯერობით ცნობილი არაა, კონკრეტულად რა წილი უკავია ახლა რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტებს ჩვენს საბანკო სექტორში. რადგან ინფორმაცია არ გვაქვს, შეგვიძლია, ვარაუდის დონეზე შევაფასოთ.
ამ ყველაფერს აქვს ორი მხარე.
ერთის მხრივ მისასალმებელია. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, დროებით, ან გარკვეული გარემოებით, ისინი ახდენენ კაპიტალის გამოდინებას რუსეთიდან და ჩვენ ქვეყანას ანდობენ თავის სახსრებს, რომლებიც სხვადასხვა ვალუტაში აქვთ დაგროვილი.
თუმცა თუ ეს არის რუსული კაპიტალი, რუსული რეზიდენტების კაპიტალი, არსებობს რისკი, რომელიც შემდგომ გადინებასთან არის კავშირში.
რა თქმა უნდა, როდესაც კომერციულ საბანკო სექტორს აქვს ფინანსურ რესურსებთან უფრო მეტი წვდომა, მისასალმებელია, ერთის მხრივ მსესხებლებისთვის იქნება ეს უფრო დაბალ პროცენტში მოზიდული სახსრები და შეძლებენ სესხების უფრო დაბალ პროცენტში აღებას.
თუმცა მეორეს მხრივ შესაძლებელია, რომ ეს შემოდინება იყოს დროებითი და მოკლევადიან პერიოდში ამან გამოიწვიოს გარკვეული გართულებები.
– რა თქმა უნდა კაპიტალის შემოდინება, ზოგადად, ქვეყანაში კარგია და წლების განმავლობაში რეზიდენტების დეპოზიტები საქართველოში იზრდებოდა. ანუ საშუალოდ ერთი მილიარდი დოლარი იყო ხოლმე და ეს ასევე განპირობებულია, რომ ჩვენთან ლარში საკმაოდ მაღალია საპროცენტო განაკვეთები. დოლარში ევროპულ ბანკებთან შედარებით უფრო მაღალია ჩვენთან საპროცენტო განაკვეთები.
– ლარში დეპოზიტებზე საკმაოდ მაღალი სარგებელი ერიცხებათ მომხმარებლებს, შესაბამისად ინტერესი უფრო მაღალია, რომ ლარში მოხდეს თანხების განთავსება. რამდენად ეხება ეს უცხოეთის რეზიდენტებს, ეს მეორე საკითხია, იმიტომ რომ ვალუტის რისკიც თან ახლავს.
არასტაბილური მოცემულობა ჩვენი ვალუტის კურსის, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მერყეობით გამოირჩევა, განპირობებულია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებით.
ცალსახად კარგია, რომ რეგიონში ვინარჩუნებთ ლიდერი საბანკო სექტორის პოზიციებს, სადაც საპროცენტო განაკვეთები ჯერ კიდევ მაღალია.
– მეორე მიმართულებითაც დაფიქსირდა ზრდა, საქსტატის მონაცემებით საქართველოში 9016 კომპანია დარეგისტრირდა, რაც წინა წელთან შედარებით 72 %-ით მეტია და ამ რაოდენობის ფირმები ჩვენს ქვეყანაში პანდემიამდეც არ რეგისტრირდებოდა.
2019 წლის მარტში 4620 ახალი სუბიექტი დარეგისტრირდა. შეიძლება მათ შორის იყვნენ ქართული კომპანიებიც, მაგრამ დიდი წილი ალბათ მაინც მოდის ე.წ. ტექნოლოგიურ კომპანიებზე, რომლებიც რუსეთიდან ბელარუსიდან ან უკრაინიდან საქართველოში გადმოვიდნენ.
– პროცესს თუ დავაკვირდებით, იზრდება რუსეთიდან შემოდინებული პირების ინტერესი, რომ დასახლდნენ საქართველოში საშუალო ან გრძელვადიანი პერიოდით, მათ გადმოაქვთ თავიანთი ბიზნესები და ისინი ადაპტირებას ახდენენ ახალ რეალობაზე და მოცემულობაზე, რომელიც მათ აქვთ.
ერთის მხრივ, სხვა თანაბარ პირობებში რამდენად მისასალმებელიც არ უნდა იყოს, რომ ქვეყანაში სხვა ქვეყნის მოქალაქეები მოდიან და მოაქვთ ახალი ტექნოლოგიები, თუ განათლების იმპორტი, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია, რადგან რუსეთის მოქალაქეები ზოგადად გამოირჩევიან, რომ მარტივად ადაპტირებას ახდენენ და დოვლათს, რომელსაც ისინი ქვეყანაში შექმნიან, დიდი ალბათობით, ისევ ქვეყნიდან გადინებას მოემსახურება.
ისინი ასაქმებენ თავიანთი ქვეყნის წარმომადგენლებს და ასეთი დასასაქმებელი მათ ბევრი ჰყავთ. სხვადასხვა სექტორს, რომელსაც ისინი მოედებიან, სადაც შეეცდებიან, რომ ფეხი მოიკიდონ, შეიძლება უბრალოდ შეცვალონ თამაშის წესები.
იგივე IT სპეციალისტებს, კაფე-რესტორნების ქსელს და სხვა მომსახურების სექტორს, შეიძლება აბსოლუტურად სხვა მოცემულობა შეხვდეთ ახლო პერიოდში. ამიტომ მეტი სიფრთხილეა საჭირო. ამ კომპანიების რეგისტრაციასთან ერთად მნიშვნელოვანი იქნება, რომ გაითვალისწინონ კომერციულ სექტორში დასაქმებულმა საქართველოს მოქალაქეებმა, რომ ეს თამაშის წესებს აუცილებლად შეცვლის.
– ეს როგორ შეიძლება, რომ შეიზღუდოს? სახელმწიფოს მხრიდან პოზიციაც უნდა ჩანდეს, თუმცა თუ ჩვენი ხელისუფლების პოზიციას დავაკვირდებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ბარიერების შექმნას არ მგონია აპირებდნენ. რა შეზღუდვა შეიძლება, ამ შემთხვევაში არსებობდეს, რომელიც სამომავლო რისკებისგან (არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ სამოქალაქო უსაფრთხოების რისკებისგანაც) დაგვიცავს.
– ძალიან სპეციფიკური სამუშაოების ჩატარება მოუწევს მთავრობას, ვფიქრობ, რომ ეს სამუშაო რთულიც იქნება. ერთის მხრივ ქვეყანა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ უერთდება და მათი შეზღუდულად მომსახურება არ იქნება სწორი და მეორეს მხრივ, შეიძლება მიიღოს ისეთი კანონი, რომლითაც გრძელვადიანი ინვესტიციით გარკვეული სარგებლის საშუალება მიეცემა საქართველოს.
თუმცა მთლიანობაში ჩემი პირადი პოზიცია არის ის, რომ საქართველო გარკვეულ სანქციებს უნდა შეუერთდეს და საფრთხე არ უნდა არსებობდეს, რომ ქვეყანაში მოხდეს სანქცირებული ქვეყნის კაპიტალის შემოდინება, რადგან ეს მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული.
– საუბრის პირველ ნაწილში თქვენ ახსენეთ, თანხის გადინება. ერთია, როდესაც შემოდის არარეზიდენტების თანხები და ქართულ ბანკებში აკუმულირდება, მაგრამ მეორეა, რომ შესაძლებელია, ასევე სწრაფ ტემპში გავიდეს, მაგრამ ეს სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მალე არ მოხდება. თუმცა ესეც ერთგვარი რისკია.
– რა თქმა უნდა, ეს არის რისკი, რადგან განვითარებად ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა სუსტია, ძალიან ელემენტარული ფაქტორებიც კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სიტუაციაზე. ამან შეიძლება მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში გამოიწვიოს იმის ილუზია, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და ეკონომიკა იზრდება.
თუმცა თუ სურათი შეიცვლება და ამ კაპიტალის გადინება მოხდება ქვეყნიდან, ეს ბევრად უფრო რთულ პოზიციებში ჩააყენებს საქართველოს როგორც ფინანსური კუთხით, ასევე მომსახურების სექტორის მხრიდან, სადაც ეს ადამიანები დასაქმდებიან და თავიანთი შრომის ჩადებას დაიწყებენ.
ამ სიტუაციაში შეიძლება აბსოლუტურად შეიცვალოს თამაშის წესები. იქნება ეს აიტისპეციალისტები, იქნება ეს სარესტორნო ბიზნესი, თუ ეს იქნება ტურისტული მომსახურება.
ინფორმაცია პერიოდულად გვხვდება, რომ მათ დაიწყეს გარკვეული დაწესებულებებისა და სამსახურების შექმნა, სადაც მხოლოდ რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის არის მომსახურებისა და სერვისების მიღება.
– სიფრთხილე, რა თქმა უნდა, საჭიროა, ამაზე პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს და კერძო სექტორს ვერ მოვთხოვთ ეროვნული უსაფრთხოებაზე იზრუნონ.
ყველამ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, მაგრამ წამყვანი როლი ამ შემთხვევაში აქვს მთავრობას და შესაბამის უწყებებს.
