LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფექციური საავადმყოფო არ შეგვიმოწმებია და არც ვაპირებთ: ჯანდაცვის მინისტრი

“ბატონი ცერცვაძე არის ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი, ყველაზე კვალიფიციური სპეციალისტი, ინფექციონისტი ქვეყანაში და აქედან გამომდინარე მასთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მას ხშირად უწევს კონსულტაციას და ფიქრობს, რომ ეს “ამ ტემპში გაგრძელდება”.

“ბატონი ცერცვაძე არის ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი, ყველაზე კვალიფიციური სპეციალისტი, ინფექციონისტი ქვეყანაში და აქედან გამომდინარე მასთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია. ის ინფექციის კონტროლის კუთხით, თავის თანამშრომლებთან ერთად, ჩართულია კონტროლის იმ წესის შემუშავებაში, იმ პროექტის შექმნაში, რითაც ჩვენ მივყვებით და კლინიკებს ვამოწმებთ. და ის უშუალოდ ჩართულია, თუ რომელ კლინიკაში რა სიტუაციაა ამ კუთხით და აქედან გამომდინარე მადლობა მინდა გადავუხადო მას ასეთი აქტიური ჩართულობისთვის”, – განაცხადა აზარაშვილმა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო არ გეგმავს ინფექციური საავადმყოფოს შემოწმებას კოვიდკლინიკებში თანხების არამიზნობრივად გახარჯვასთან დაკავშირებით.

“ცალკე აღებული, ინფექციური საავადმყოფო ჩვენ არ შეგვიმოწმებია და არც ვაპირებთ იმიტომ, რომ ვფიქრობთ, იქ არიან ისეთი მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, რომლებიც პირიქით, თვალსაჩინო მაგალითები არიან სხვადასხვა კლინიკებისთვის, თუ როგორ უნდა მართონ ადგილზე ინფექციები და კლინიკა სწორად”, – განმარტა აზარაშვილმა.