LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის ბოლომდე „მოგო“ კიდევ 4 ახალ ქვეყანაში შევა, მალე შემოგთავაზებთ იმ ახალ პროდუქტებსაც, რომლებიც თითქმის 2 წელია მუშავდება – ზუკა გაფრინდაშვილი

გლობალური სალიზინგო კომპანია Mogo წლის ბოლომდე კიდევ 4 ქვეყანაში შევა. კომპანია ახალი პროდუქტების დანერგვაზეც მუშაობს – „მოგოში“ მიმდინარე სიახლეებზე, კომპანიის სამომავლო ხედვებზე, ასევე ქართულ ბაზარზე არსებულ ვითარებაზე სალიზინგო მიმართულებით, „ბიზნესნიუსის“ ეთერში საქართველოში „მოგოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა ზუკა გაფრინდაშვილმა ისაუბრა.

-ზოგადი სიტუაცია როგორია ქართულ ბაზარზე სალიზინო კომპანიების მიმართულებით, რამდენად დიდი და ჯანსაღია კონკურენცია?

ვიდრე კონკურენციის თემას შევეხები, გეტყვით, რომ ლიზინგით ბევრი რამის შეძენა შეიძლება, დაწყებული ქარხანა-დანადგარებით, გაგრძელებული მძიმე ტექნიკით და დასრულებული ავტომობილებით, რომელ ვიწრო პროფილურ მიმართულებასაც ვახორციელებთ ჩვენ, ანუ კომპანია „მოგო“. გამომდინარე იქიდან, რომ ვართ საერთაშორისო ჰოლდინგი, ჩვენი სათავო ოფისი მდებარეობს ლატვიაში, ვართ 14 ქვეყანაში წარმოდგენილი, ერთ-ერთი არის სწორედ საქართველო, შესაბამისად, მენეჯმენტი აწყობილი გვაქვს მთლიანად ევროპულ სტანდარტებზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კომპანია ნამდვილად შედის იმ ბრენდების რიცხვში, რომლებიც ცდილობენ, მოერგონ მომხმარებელს ყველანაირად. ფაქტობრივად, არ ვიღებთ არცერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას კვლევების და მომხმარებლის აზრის გათვალისწინების გარეშე. შესაბამისად, ყველანაირი სოციალური ფენისთვის ღია ვართ.

რაც შეეხება კონკურენციას, ბაზარზე მოთამაშეები გადანაწილებულია მყარად. ბაზრის წილი, ფაქტობრივად, ათვისებულია მთლიანად, თუმცა, შემოდიან ახალი კომპანიებიც, რაც მხოლოდ და მხოლოდ გვახარებს, ვინაიდან, კონკურენცია პირველ რიგში – ჩვენ გვზრდის როგორც კომპანიას, გვამყოფებს მუდმივ ტონუსში და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მომხმარებელზე აისახება.

-ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი რომელია თქვენი კომპანიის მაგალითზე და რა მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?

გლობალური კომპანია Mogo საქართველოში 2014 წლის მაისიდან ოპერირებს. საკმაოდ მრავალფეროვანი პროდუქტები გვაქვს, თუმცა უფრო მარტივია რომ ის ასე დავყოთ: ლიზინგი და უკულიზინგი. ლიზინგის შემთხვევაში, მომხმარებელი მოგვმართავს იმ დროს, როდესაც სურს ავტომობილის შეძენა და აკლდება თანხა. ხოლო, უკულიზინგის შემთხვევაში, მომხმარებელი მოგვმართავს მაშინ, როდესაც ფლობს ავტომობილს და სჭირდება რაღაც რაოდენობის თანხა, ცხადია, ავტომობილის უზრუნველყოფით.

ჩვენი ბრენდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ის არის, რომ მომხმარებელს კარგად გავაგებინოთ, რა არის ლიზინგის მთავარი „მუღამი“ და როგორი კომფორტულია ხშირ შემთხვევაში, მომხმარებლისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ვართ ვიწროპროფილური კომპანია და ვმუშაობთ კონკრეტული მიმართულებით, ჩვენი სერვისიც შედარებით უფრო დახვეწილია და მომხმარებელზე ორიენტირებული. მაგალითად, ავტომობილის მაქსიმალური შეფასება არის ჩვენთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც მაინც და მაინც კარგად ვერ ერკვევა ავტომობილებში და არ უნდა, რომ დარჩეს მოტყუებული. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენთან უსწრაფესად მიმდინარეობს აპლიკაციების მიღება და დამუშავება, შეთავაზების გამზადება. ასევე, გვაქვს მაქსიმალური დაფინანსება – ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია, რომელიც ლიზინგის შემთხვევაში, 100 პროცენტამდე ვაფინანსებთ, თანხის გადარიცხვა მომხმარებელთან ხდება უსწრაფესად, ნახევარ საათში.

ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ჩვენთან არის ლიზინგი, მაგრამ ერთ-ერთმა კვლევამ, რომელიც ცოტა ხნის წინ გავაკეთეთ, აღმოგვაჩენინა, რომ მომხმარებლის ფაქტობრივად ორი მესამედი მიმართავს უკულიზინგს იმ შემთხვევაში, თუ ერთხელ მაინც ისარგებლა ამით. ანუ, ფაქტია, რომ კმაყოფილები არიან ამ მომსახურებით.

აღსანიშნავია, რომ ბევრი კლიენტი გვყავს ისეთი, რომლის შემოსავლის ერთადერთი წყარო არის ავტომობილი და თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, უჭირს ამ შემოსავლების დადასტურება და ჩვენ, ასეთი მომხმარებლებისთვისაც ღია ვართ, მათაც ვუჭერთ მხარს, რომ შეიძინონ ავტომობილები.

-სად ფლობთ კლიენტთა მომსახურების ოფისებს და რამდენ ადამიანს ასაქმებთ?

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელი გვაქვს საქართველოში. მოვიცავთ მთლიან ქვეყანას. ამ ეტაპზე, კლიენტთა მომსახურების ოფისები გახსნილია თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში. ამ წუთის მონაცემებით, ჩვენთან საქართველოში, „მოგოში“ 86 ადამიანი მუშაობს, მათგან უმრავლესობაში არიან მდედრობითი სქესის წარმომადგენლები.

-პანდემია და „მოგო“ – ბოლო წლებში არსებულმა გაურკვევლობამ და არასტაბილურობამ ბაზარზე, რაც კორონავირუსმა გამოიწვია, ასევე ახლა უკვე ომმაც უკრაინაში, თუ იქონია გავლენა „მოგოს“ საქმიანობაზე?

როგორც ყველაზე, ასევე ჩვენზეც აისახა პანდემია, მოგვიწია რაღაც ცვლილებები, მაგრამ პროდუქტის დიზაინის ჭრილში არ გვქონია ძირეული ცვლილება. დროებით, ახალი პროდუქტების დანერგვა გადავდეთ, თუმცა ძალიან მალე, შემოგთავაზებთ იმ პროდუქტებს, რომლებიც უკვე თითქმის 2 წელია მუშავდება და ერთი სული გვაქვს, როდის გამოვიტანთ დღის სინათლეზე. რაც ყველაზე მთავარია, პანდემიის მიუხედავად, მაქსიმალურად შევინარჩუნეთ ჩვენთან დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. ვისარგებლებ ამ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი თითოეულ ჩვენს თანამშრომელს იმ პერიოდისთვის, იმიტომ, რომ საოცარი გვერდში დგომა გამოავლინეს. იყო პერიოდი, როდესაც დისტანციურ მუშაობაზე გადავედით, მაშინ მართლა მაქსიმალურად იხარჯებოდნენ. შემდეგ, როდესაც დავბრუნდით, ოფისის შეცვლა მოგვიწია იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაგვეცვა რეგულაციები. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ წარმატებით გავართვით თავი ამ პროცესს და აბსოლუტურად ყველა რეგულაცია დავიცავით, რაც პერიოდულად ახლდებოდა, იცვლებოდა.

რაც შეეხება მომხმარებლების ნაწილს – აქაც საამაყოდ გვაქვს საქმე. სრული ლოქდაუნის დროს, თითქმის ყველა ფინანსურმა ინსტიტუტმა რაღაც შეღავათები გააკეთა მომხმარებლისთვის, ჩვენც ვეცადეთ მინიმალური დისკომფორტი შეგვექმნა მომხმარებლისთვის და იმ 3 თვის განმავლობაში, როცა ქვეყანა მთლიანად ჩაკეტილი იყო, ის პროცენტიც არ დავუანგარიშეთ, რაც ჩვეულებრივად უგროვდებოდა და პირდაპირ გადავიტანეთ 3 თვის შემდეგ ჩვენი ანგარიშსწორება. ვეცადეთ, ლოქდაუნისგან გამოწვეული წნეხი, საკუთარ ზურგზე გადაგვეტანა და ეს არ ეგრძნო მომხმარებელს.

– არსებობის 8 წლის მანძილზე, განვითარების  რა ეტაპები განვლეთ და როგორია სამომავლო გეგმები?

11 თანამშრომელი იყო თავიდან კოპანიაში, 2014 წელს და ამ 8 წლის განმავლობაში უამრავი ექსპერიმენტი ჩატარდა, უამრავი ტესტირება… ჯამში, 70 ათასზე მეტი ადამიანი გვყავს უკვე დაფინანსებული. უნდა აღნიშნოს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში საკმაოდ გამორჩეული ვართ მომხმარებლის ქცევიდან გამომდინარე და ლატვიამაც ბევრი ისწავლა ჩვენგან და ბევრი შესძინა თავის საერთაშორისო გამოცდილებას, რასაც დღეს იყენებენ სხვა ქვეყნებთან მიმართებით. რაც შეეხება გეგმებს – წლის ბოლომდე, „მოგო“ კიდევ 4 ახალ ქვეყანაში შევა, მათ შორის – ერთი ახალი კონტინენტი გვემატება. მოკლედ, ვვითარდებით, ვერგებით საერთაშორისო გამოწვევებს, სტანდარტებს და ვპასუხობთ ყველა ისეთ კითხვას, რაც ინდუსტრიიდან გამომდინარე, ბიზნესიდან გამომდინარე და მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე, იბადება ყოველდღიურად.