2022 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 261.4 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც 4.2-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.5 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა, – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 216.2 ათასი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 3.7-ჯერ მეტია.

საკითხს „ბიზნესკურიერში“ სტუმრად გიორგი კეპულაძესთან განიხილავს გოგა ქუცნიაშვილი – ვოიაჟერის დამფუძნებელი.
– გოგა, სტატისტიკიდანაც ჩანდა, რომ ცოტა ამოძრავდა ხალხი. საზღვარგარეთ დასვენებაზეც უფრო აქტიურად დაიწყო ხალხმა ფიქრი. რა მდგომარეობაა თქვენს სექტორში?
– გასულ წლებთან შედარებით 2022 წელი ბევრად უფრო კარგია. რეალურად ახლა იწყება სეზონი და სტატისტიკა წელს მზარდი იქნება.
ტურიზმის სექტორში კარგი მოლოდინი შეინიშნება გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ქვეყნების ნაწილი უარს ამბობს კოვიდრეგულაციებზე, რომელიც ბოლო 2 სეზონის განმავლობაში იყო დაწესებული.
აქედან გამომდინარე, წელს ბევრად მეტი იქნება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საქართველოდან სამოგზაუროდ წავლენ.
– ჩანს უკვე პრიორიტეტული მიმართულებები? ზაფხულში მაინც ზღვაზე დასვენება უყვარს ბევრს. დაინიშნა ჩარტერული რეისები?
ვიცით, რომ წინა 2 წელი ძალიან მძიმედ გადაიტანეთ, რამდენად მომზადებულები ხვდებით გააქტიურებას?
– განსაკუთრებით 2020 წელი რთული იყო ტურიზმის სექტორისთვის. მოგვიწია, რომ საქართველოს დამსვენებლებზე გვემუშავა.
მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი ტურისტული კომპანიაა, მოვახერხეთ და 2020 წელს ვადაპტირდით და ვიმუშავეთ შიდატურიზმის მიმართულებით.
21 მაისს შესრულდა პირველი ჩარტერული რეისი თურქეთის მიმართულებით და რაც შეეხება სხვა რეგულარულ ჩარტერულ რეისებს, ნელ-ნელა, ეტაპობრივად დაიწყება.
მიმდინარე წელს არ გვაქვს კონკრეტული გამოკვეთილი მიმართულება, რომელიც უფრო მეტად გატრენდილია ქართველი დამსვენებლებისთვის.
თურქეთი, რა თქმა უნდა, დარჩება ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად, გამომდინარე იქიდან, რომ ახლოს არის და ორსაათნახევარში უკვე ადგილზე ხარ. ფასი წინა წლებთან შედარებით ოდნავ მეტია, მაგრამ მაინც ადეკვატურია.
თანაბარი დაინტერესებაა ყველა მიმართულებით, პოპულარულია საბერძნეთი, ასევე იტალიის კუნძულები და ბევრი სხვა მიმართულება მსოფლიოში.
– იმედი ვიქონიოთ, რომ ზაფხულიდან აღარ შეიცვლება და აღარ გვექნება რეგულაციები და სხვა პანდემია არ დაგვატყდება თავს. რამდენად უშლის ხელს საომარი ვითარება უკრაინაში და გეოპოლიტიკური გამოწვევები თქვენს სექტორზე?
– ომის დაწყების პირველ დღეებში ტურიზმის სექტორს სამწუხარო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში, რა თქმა უნდა შეეხო.
ძალიან ბევრი ჯავშანი გაგვიუქმდა, თუმცა სამი თვის თავზე, რაც ომი დაიწყო, ეს ყველაფერი ნაკლებად უშლის ხელს, რაღაცნაირად მთელ მსოფლიოს მიავიწყდა თითქოს ის პროცესები, რაც უკრაინაში მიმდინარეობს.
საწყის ეტაპზე ნამდვილად შეეხო ტურიზმის სექტორს, მაგრამ მიმდინარე სეზონზე მგონია, რომ დიდად ხელშემშლელი ფაქტორები აღარ იქნებოდა.
– დაახლოებით როგორ ზრდას ელოდებით უკვე ამ სეზონზე. 2019 წლის მაჩვენებელზე როდის იქნება შესაძლებელი დაბრუნება?
– ტურიზმის სექტორი იმაზე მეტად მზარდია მიმდინარე წელს, ვიდრე ეს იყო 2019 წელს.
ხალხი მონდომებულია, მონატრებულია და ძალიან უნდა საზღვარგარეთ წასვლა. აქედან გამომდინარე არ მგონია, რომ ძალიან ბევრი დრო დასჭირდეს იმას, რომ პანდემიამდელ ნიშნულს დავუბრუნდეთ.
მიმდინარე წელს თუ არა, მომდევნო წელს იმედი მაქვს, ტურიზმის სექტორი ფეხზე დადგება და ვიქნებით იმავე რელსებზე, როგორზეც ვიყავით პანდემიამდე. პოზიტიური მოლოდინები ნამდვილად შეიმჩნევა ტურიზმის სექტორში.
– წარმატებებს გისურვებთ და ველით ახალ მიმართულებებს და ახალ შემოთავაზებებს როგორც თქვენგან, ასევე სხვა კომპანიებისგან.
