24 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას ,,არტ-FM” ,,პეგას ტურისტიკის“ კომერციული დირექტორი, სალომე ბერაია სტუმრობდა, რომელმაც არსებულ ტურებზე და შეთავაზებებზე ისაუბრა.
სალომე, რა არის „პეგას ტურისტიკის“ მთავარი პრიორიტეტი, როგორ მოხდა თქვენი შეთავაზებების აღდგენა, კოვიდ პანდემიით გამოწვეული 2 წლიანი პაუზის შემდეგ და ამ ეტაპზე კიდევ თუ არის რაიმე შეზღუდვა?
ძალიან მიხარია, რომ ამ ორ წლიანი პაუზის შემდეგ, შემიძლია თამამად ვისაუბრო, ჩვენს გეგმებზე, საქმიანობაზე, იმაზე თუ რას ვაკეთებთ და რა ხდება ტურიზმის სფეროში. 2022 წლის ზაფხულის სეზონი გახსნილად გამოგვიცხადებია, ჩვენ ვიყავით პირველი ნაკადი, რომელიც საქართველოდან წავიდა თურქეთში, კონკრეტულად ანტალიის რეგიონში. მოვაწყვეთ პატარა მედიატური, რომ ჩვენი კოლეგებისთვის გვეჩვენებინა, რამდენად უსაფრთხო და რამდენად სასიამოვნოა პანდემიის შემდეგ დასვენება.
რატომღაც ჩვენს საზოგადოებაში არის შემდეგი სტერეოტიპები: „სად მცალია დასვენებისთვის“, „რა დროს დასვენებაა“, „ისედაც 2 წელი ვისვენებდით“ და ა.შ. ამ ყველაფერს არ ვეთანხმები, მართალია პანდემიის პერიოდში მოდუნებული ვიყავით და ხელ-ფეხი გვქონდა შეკრული, მაგრამ ამას დასვენებას ნამდვილად ვერ დავარქმევ, რადგან ძალიან დიდი სტრესის გადატანა მოგვიწია ყველას. იყო ძალიან დიდი ეკონომიკური კრიზისი, რაც დღემდე გრძელდება. იმის ფონზე, რომ უკვე გამარტივდა მიმოსვლა და შემსუბუქდა კოვიდ შეზღუდვები, ვფიქრობ, იდეალური დროა ადამიანებმა საკუთარ თავს მისცენ დასვენების საშუალება და უფლება, რომ შემდგომ ორმაგი ენერგიით დაიწყონ თავიანთი მიზნების მიღწევა.
პირველი რეისი ანტალიის რეგიონში 21 მაისს შესრულდა და ქართველ დამსვენებელს სექტემბრის ბოლომდე ექნება საშუალება დაისვენოს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ჩვენ 28 წლიანი ისტორიის მქონე ტუროპერატორი გახლავართ, „პეგას ტურისტიკი“ არის თურქული კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. მოგეხსენებათ უკვე 9 წელია ბაზარზე ვართ და არ ვართ ახლები, თუმცა პანდემიის შემდეგ, ძველ კომპანიებსაც დასჭირდათ ძალების აღდგენა და ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ყველაფრის თავიდან დაწყება, გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. რეისები შარშანაც გვქონდა, თუმცა არ იყო ასეთი ხმაურიანი, გამომდინარე იქიდან, რომ მოგზაურობის პროცესში ძალიან ბევრი შეზღუდვა იყო. მოგეხსენებათ, აუცილებელი იყო ვაქცინის 2 დოზა, ბუსტერი და PCR ტესტი, როგორც ჩაფრენის, ისე გამოფრენის დროს, რაც, რა თქმა უნდა, ფინანსურად უფრო ზრდიდა ხარჯებს. იყო მთელი რიგი პრობლემები, რამაც შეგვიშალა ხელი წარმატებული სეზონის ჩატარებაში. გარდა ამისა, შიშის ფაქტორიც ძალიან დიდი იყო, რადგან არც თურქეთი იყო მწვანე ზონა და ძალიან დიდი რაოდენობა იყო კოვიდინფიცირებული ადამიანების. საბედნიეროდ, წელს იკლო კოვიდინფიცირებულების რაოდენობამ და შემსუბუქდა გარკვეული წესებიც. ახლა ან აცრილი უნდა იყოთ ან PCR ტესტი უნდა წარადგინოთ და აღსანიშნავია, რომ თურქეთის საზღვრის გადაჭრის შემთხვევაში სწრაფი ტესტიც კი მოქმედებს.

ვისაუბროთ თქვენს ტურებზე. რა განსხვავებული და გამორჩეული შეთავაზებები გაქვთ?
9 წელია, რაც ტურიზმის სფეროში და ამ კომპანიაში ვარ და დავაკვირდი იმ ფაქტს, რომ ქართველი მომხმარებლისთვის ანტალიაში დასვენება მხოლოდ აუზში ბანაობასთან და გარუჯვასთან ასოცირდება, რა თქმა უნდა, არის გამონაკლისებიც, თუმცა მასიურად ასე აღიქმება თურქეთში დასვენება. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ იქ არსებული სასტუმროები „All inclusive” კონცეფციით მუშაობენ, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელს ერთ სივრცეში შეუძლია მიიღოს მაქსიმალური კომფორტი და არ დასჭირდეს ამ სივრციდან გასვლა. ჩვენ გვაქვს სურვილი, ქართველ მომხმარებელს უფრო საინტერესო, დატვირთული ტურები შევთავაზოთ და მივახვედროთ იმას, რომ ანტალია არ არის მხოლოდ ზღვის სანაპირო. ჩ
ვენ გვქონდა 6 დღიანი მედიატური და ამ 6 დღეში მაქსიმალურად ჩავატიეთ ყველაფერი და მაქსიმალურად ვისიამოვნეთ, მთელი ეს პერიოდი უდიდეს კომფორტში ვიყავით. დავისვენეთ, გავერთეთ გვქონდა სათავგადასავლო ტურები და სხვა მრავალი აქტივობა. გადავწყვიტეთ ჩვენს დამსვენებელს მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია და გავაცნოთ მთელი რიგი ტურებისა, რომელიც ჩვენს პორტფოლიოშია. თურქეთი ტურიზმის განხრით უდიდესი რესურსის მქონე ქვეყანაა, აქვს ულამაზესი ადგილები. დაინტერესებულ მომხმარებელს შეგვიძლია შევთავაზოთ ჯომარდობა, ჯიპ ტურები და მსგავსი აქტივობები. იმდენად მაღალი მომსახურების დონეა სასტუმროებში, მესმის, რომ იქ ჩასულ დამსვენებელს შეიძლება არ ჰქონდეს სასტუმროს დატოვების სურვილი, თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც მთელი დასვენების პერიოდი ერთ სივრცეში ყოფნა ჰბეზრდებათ, ამიტომ ასეთი დამსვენებლისთვის ჩვენ რამდენიმე ალტერნატიული შეთავაზება გვექნება. დამსვენებლებს მთელ რიგ საინტერესო ტურებს შევთავაზებთ.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ძველი ქრისტიანული ადგილია, რომლის დათვალიერებაც შესაძლებელია და რომელიც ძალიან ხიბლავს ჩვენს დამსვენებელს. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თურქეთში, კონკრეტულად ანტალიაში დასვენება ძალიან მრავალფეროვანი გახდება. უნდა აღინიშნოს თურქეთში არსებული მომსახურების მაღალი დონე, იქ ყველა თვალებში გიყურებს, ყველა ფეხის ნაბიჯზე გრძნობ, რამდენად მნიშვნელოვანი ხარ შენ, როგორც სტუმარი და დამსვენებელი. ჩვენი განრიგიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეუძლია დასასვენებლად წასვლა როგორც 2 ღამით, ისე მთელი 1 თვით. იქნება თითქმის ყოველდღიური რეისები. საზოგადოებას შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ეს ყველაფერი, რადგან ამდენ ტურს და საუკეთესო მომსახურებას ვპირდებით მათ და მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი სეგმენტის დამსვენებელს, ბიუჯეტიდან გამომდინარე მოვარგოთ ტურპაკეტები. ჩვენს ბაზაშია როგორც 3 ვარსკვლავიანი სასტუმროები, ისე ძალიან მაღალი დონის ე.წ. „Luxury” სასტუმროები. მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული დამსვენებლის მიზნები, სურვილები და ბიუჯეტი.

თავად რომელ ქალაქს და რომელ კურორტს ანიჭებ უპირატესობას?
ეს სუბიექტური იქნება, რადგან ვსწავლობდი იზმირში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე და ჩემთვის შეუცვლელია ბოდრუმის რეგიონი. თუ ანტალიაზე ვისაუბრებ, ანტალია ჩემი მეორე სახლია. ძალიან ხშირად მიწევს ანტალიაში ჩასვლა, ჩვენი სათავო ოფისიც იქ არის.

