LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გარბენი უკრაინისთვის“ – 5 ივნისს დაგეგმილი საქველმოქმედო აქცია „მგზავრების“ კონცერტით დასრულდება

გადაცემის ლაივი LIVE

31 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მუსიკოსი გიგი დედალამაზიშვილი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მანჩო ქავთარაძე სტუმრობდნენ, რომელთაც 5 ივნისს დაგეგმილ საქველმოქმედო აქციაზე „გარბენი უკრაინისთვის“ ისაუბრეს.

– მანჩო, კონკრეტულად რას ითვალისწინებს თქვენს მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიება?

– „გარბენი უკრაინისთვის“ ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიებაა, რომელიც უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად იმართება. უამრავი ადამიანისა თუ ორგანიზაციის მსგავსად, რომელთაც საომარ მოქმედებებში ჩაბმული ქვეყანას გამოუცხადეს სოლიდარობა, ჩვენც გადავწყვიტეთ ჩვენი წვლილის შეტანა. დიდხანს ვფიქრობდით რა გაგვეკეთებინა, რადგან ისეთი ღონისძიების მოწყობა გვინდოდა, რომელიც ყველას აჩვენებდა, რომ ქართველები მართლაც ერთსულოვნად უდგანან მხარში უკრაინელებს. ჩავთვალეთ, რომ სწორედ მარათონი იქნებოდა ის აქცია, რომელიც უამრავ ადამიანს გააერთიანებდა. მიხარია, რომ 100-მდე ორგანიზაცია გამოეხმაურა ჩვენს ინიციატივას,  განსაკუთრებული მადლობა კი, „მგზავრებს“ მინდა გადავუხადო, რომელთაც სიამოვნებით მიიღეს ჩვენი შეთავაზება. აქვე შევახსენებ ყველას, რომ მარათონში მონაწილეობის მსურველებს biletebi.ge-ზე შეუძლიათ დარეგისტრირება. 10-კილომეტრიანი გარბენი კახეთში, ლოპოტას მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს სტარტს  დღის 3 საათზე, მანამდე

მსურველები სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოსინჯავენ შესაძლებლობებს სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, მარათონის შემდეგ კი, „მგზავრების“ კონცერტით დატკბებიან.  ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გარბენში მონაწილეთა ტრანსპორტირება სრულიად უფასო იქნება თბილისიდან.

– გიგი, ალბათ თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამგვარ ღონისძიებაში მონაწილეობა,

– დიდი ხანია უკრაინელების სიძედ ვითვლები და ყველა ჩემთან აზუსტებს უახლეს ამბებს, რადგან მართლაც უახლოესი ადამიანებისგან, ჩემი მეუღლის ნათესავებისგან ვიღებ ინფორმაციას. ვფიქრობ, ნებისმიერი ჩვენი ინიციატივა განურჩევლად მასშტაბისა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვის. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი მანჩოს შემოთავაზებას, რადგან ერთის მხრივ, მის ფონდს ვცემ დიდ პატივს, მეორეს მხრივ, საკუთარ მოვალეობად ვთვლი მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას. რამდენიმე კონცერტი ჩვენც გავაკეთეთ. მართალია, თავიდან ცოტა მეუხერხულებოდა, რადგან როცა ადამიანები, მათ შორის ბავშვები იღუპებიან, უადგილოდ მომეჩვენა სიმღერა, მაგრამ ისევ ჩემმა მეუღლემ დამარწმუნა, რომ ერთადერთი რისი გაკეთებაც მუსიკოსებს შეგვიძლია – სწორედ კონცერტის მოწყობა და სოლიდარობის ამგვარი ფორმით გამოხატვაა.

– რა პროგრამით წარდგებით მსმენელის წინაშე?

– დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს, ამიტომ პროგრამაც მსგავსი განწყობით შევადგინეთ.

– თქვენი ოჯახი განსაკუთრებით მძიმედ განიცდის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. ახალი სიმღერის შექმნის და საკუთარი ემოციის ასე გამოხატვის სურვილი ხომ არ გაგიჩნდათ?

– ჯერ მხოლოდ ემოციურად განვიცდი, რადგან გარკვეული პერიოდი მჭირდება. 2008 წლის ომის შემდეგაც საკმაოდ დიდი დრო, 7-8 თვე გავიდა, სანამ ახალი სიმღერების შექმნა შევძელი. სხვათა შორის, მარტის დასაწყისში უკრაინაში ვგეგმავდით გამგზავრებას, მასშტაბური ტურნე გვქონდა დაგეგმილი, თუმცა, ყველაფრის გაურკვეველი ვადით გადადება მოგვიწია. მართალია, თვითონ არაფერი მიგრძვნია, მაგრამ ჩემს სიდედრი სულ შიშობდა, რომ რაღაც საშინელება მოხდებოდა. სამწუხაროდ, 24 თებერვალს მე მომიწია მეუღლისთვის თქმა, რომ უკრაინაში ომი დაიწყო. რა თქმა უნდა, საშინლად განიცადა, მეტიც, რამდენიმე დღე საერთოდ გათიშული იყო. სიდედრს, რომელიც კიევში ცხოვრობდა ვიდეოზარით დავუკავშირდით და სწორედ მან გვაჩვენა რა მდგომარეობაში იყო ქალაქი ომის პირველსავე დღეს. საბედნიეროდ, ისევ ჩემი მეუღლის პროექტმა გვიშველა, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოში, უკრაინაშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

– მანჩო, გეგმავენ თუ არა საქართველოში ჩამოსული უკრაინელები თქვენს ღონისძიებაში მონაწილეობას?

– აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას. მეტიც, უკრაინელმა ბავშვებმა საკუთარი ხელით დაამზადეს სუვენირები, რომელთაც ჩვენს ღონისძიებაზე გამოვფენთ. აქვე აღვნიშნავ, რომ მარათონის მონაწილეები აუცილებლად ლურჯი, ყვითელი ფერის მაისურებში იქნებიან გამოწყობილი და ერთგვარ დროშას შექმნიან სტარტის აღების წინ.

– გიგი, გაქვთ თუ არა რიტუალი, რომელსაც სცენაზე გასვლის წინ ასრულებთ?

– რიტუალი ნაკლებად, თუმცა მაქსიმალურად ვერიდები ნაცნობებს, რადგან ოჯახის, ბავშვების მოკითხვა და მსგავსი შეკითხვები ძალიან მიფანტავენ ყურადღებას კონცერტის დაწყების წინ.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– 17 ივნისს Underville-ში ვგეგმავთ გრანდიოზულ კონცერტს. მართალია, მთელი ოთხი წელია ალბომის ჩაწერა გვინდა, მაგრამ ჯერ პანდემიამ შეგვიშალა ხელი, მერე უკრაინის ომი დაიწყო და ისევ გადადება მოგვიწია, რადგან ძალიან სახალისო კომპოზიციებს მოვუყარეთ თავი, განწყობა კი, ნაკლებად ხალისიანი გვქვს.