LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არავითარი კონსულტაცია არ ყოფილა, უცბად, მეხივით გავარდა ინფორმაცია” – გაზის გაზრდილი ტარიფი რამდენი თეთრით გააძვირებს პურს? / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

2022 წლის 1-ლი ივლისიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი, რეგიონების პარალელურად, თბილისშიც იზრდება.

ბიზნესისთვის ბუნებრივი აირის გაძვირებას, სავარაუდოდ, გარკვეულ პროდუქციაზე და მომსახურებაზე ფასების ზრდა მოჰყვება.
ამის ვარაუდი უკვე გამოთქვეს მწარმოებლებმა.

შეეხება თუ არა გაძვირება პურსაც?

საკითხს „ბიზნესკურიერში“ სტუმრად გიორგი კეპულაძესთან  მალხაზ დოლიძე, პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი განიხილავს.


– მართალი გითხრათ, ძალიან ხისტი გადაწყვეტილებაა. პურს ყოველთვის ჰქონდა დაწესებული, არ მინდა ეს სიტყვა გამოვიყენო, შეღავათები.
მაგალითად, როდესაც იყო ტარიფი 1.15 წარმოებისთვის რომელიც მასიურ პროდუქციას აწარმოებდა, იყო 85 თეთრი.
რა თქმა უნდა, ეს ფასწარმოქმნაზე მოქმედებდა. მესმის, რომ ეს გადაწყვეტილება დღეს მთელ მსოფლიოშია, ფასები ყალიბდება საკვები პროდუქტებისა და ნავთობის ფასებიდან გამომდინარე.

ჩვენ მაინც მშვიდად ვიყავით, რადგან ვიცით, რომ ბუნებრივი აირის ნაწილი აზერბაიჯანიდან შემოდის და ნაწილი რუსეთის ტრანზიტიდან რჩებოდა აქ.

დავით ნარმანია აცხადებდა, რომ 2022 წლის ბოლომდე არაფერი არ შეიცვლებაო და ახლა მიიღეს ეს ხისტი გადაწყვეტილება. ქართული პურის პატარა მწარმოებლებს,  ამ ტარიფის გადახდა ძალიან გაუჭირდებათ. საუბარია 1. 38 თეთრზე, რაც საკმაოდ მაღალი ტარიფია პურისთვის.

ახლა ალაობაა, მოსავლის აღების პერიოდი და ვფიქრობდი, ამ პერიოდს წყნარად გავივლიდით და საბოლოო პროდუქტი არ გაძვირდებოდა.

– ახლა რა პირი უჩანს ამ ყველაფერს?

– ძალიან დიდი ბოდიში, თქვენი რადიოს ეთერი უნდა გამოვიყენო და ვთქვა, თითქოს ამ ჟურნალისტებს უხარიათ ეს ამბები.

– არ მგონია, უხაროდეთ. უბრალოდ ინტერესი გაჩნდა ამ თემის მიმართ…

– ისეთი აჟიოტაჟია ატეხილი… თქვით, რომ ძვირდებაო, მაგრამ, რატომ ვთქვათ, ბატონო, რომ ძვირდება? გვაცალეთ, ჯერ უნდა ვიანგარიშოთ. ეს მარტივი პროცესი ნამდვილად არაა.

მე დავაყენე საკითხი სამინისტროს წინაშე, ხელმძღვანელების წინაშე, მესმის ეს შეიძლება ფირმამ გადაწყვიტოს, მაგრამ ყაზტრანსგაზი როცა იყო, იყო ასეთი ხელმძღვანელი სანზან შოკატაევი, გეფიცებით, ასეთი კაცი სანატრებელი გაგვიხდა.

კაცი, რომელიც ამბობდა, მესმის ყველა წარმოება, მაგრამ პურისთვის უნდა იყოს განსხვავებული მიდგომებიო. ვფიქრობ, რომ ასეთი მიდგომები უნდა იყოს დღესაც, თუ ჩვენ პირველად მოხმარების საგნებზე ვსაუბრობთ.

– გავიგეთ, რომ წინასწარ თქვენთან არც კონსულტაცია ყოფილა…
– არა, ბატონო, არავითარი კონსულტაცია არ ყოფილა. უცბად მეხივით გავარდა ინფორმაცია.

 

 

– ახლა თუ ცდილობთ კონტაქტებზე გასვლას და რამე შეღავათზე საუბარი თუ არის?

– არ დაგიმალავთ, სამინისტროს ხელმძღვანელები ჩავაყენე საქმის კურსში.  საქმის კურსი მყავს ჩაყენებული, ვისთანაც ხმა მიმიწვდება. მირეკავდნენ ბათუმიდან თელავიდან, ქობულეთიდან, ძალიან ბევრმა მეწარმემ დამირეკა გორიდან და მეკითხებოდნენ, როგორ იქნება და რა იქნებაო.

ჩვენ ასე თუ ისე გვეგონა, რომ ტარიფები არ შეიცვლებოდა და წყნარად ვიყავით ამ მიმართულებით და დღეს ეს საკითხი რომ დადგა, ბევრი საფიქრალი გაგვიჩნდა.

– ანუ თქვენ ვარაუდობთ, რომ პროცესი ფასზე გავლენას მოახდენს?

– რა თქმა უნდა, გაზის გადასახადი რომ მოგივა, ხომ უნდა გადაიხადო. მით უფრო აღრიცხვის სისტემებია. ყველას ხომ არ აქვს აღნიშვნის სისტემები. ზაფხულში გადასახადი სხვა არის, ზამთარში – სხვა. არ აქვს ეს კოეფიციენტური სისტემა და კორექტული მრიცხველები ყველას არ უდგას.

ბევრი რამ არის დასახვეწი. მაგალითად დიდ წარმოებას რომ უნდოდეს, გაიგოს საათობრივი ხარჯი, ის მხოლოდ მეორე დღეს იღებს ამ მონაცემს. მრიცხველები ყველგან დახურულია და უნდობლობაა მის მიმართ.

როცა ტარიფი იზრდება, მომსახურებაც უნდა გაიზარდოს. ვთვლი, რომ გაზრდილი ტარიფი ქართულ მეწარმეობას ძალიან დაარტყამს.

–  ზაფხულის პერიოდი შეიძლება სწორედ იმიტომ შეირჩა, რომ მოხმარება ნაკლებია და ტარიფის ზრდა ადვილად გადაიტანოს ბიზნესმა.

– კი, მაგრამ როდესაც პირველადი მოხმარების პროდუქტზეა საუბარი, ძნელი იქნება მეწარმისთვის.

– გეთანხმებით, შეიძლება მოსახლეობამ ეს თავიდან ვერ იგრძნოს, მაგრამ მოგვიანებით ეს აუცილებლად აისახება და მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ფაქტობრივად ორნიშნა ინფლაცია გვაქვს…

– გასაგებია, რეგიონში ომია და სიტუაცია დაიძაბა. ეს ყველას გვესმის, მაგრამ ძალიან სამწუხარო მომენტებია. ჩვენამდე ეს ტალღები ასე ადრე თუ მოვიდოდა, ნამდვილად არ მეგონა.

– თუ შეგიძლიათ, დაახლოებით ივარაუდოთ, რამდენით შეიძლება, ფასი გაიზარდოს?

– მოვისმინე განმარტება, რომ ზოგადად მსოფლიოში შესაფუთი მასალა 12%-ით აძვირებს პროდუქციას. მე რომ ვიანგარიშე, ჩვენთან შესაფუთი მასალა დაახლოებით 15-16 %-ია, რადგან მთელი შესაფუთი მასალა უცხოეთიდან შემოდის.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს და მის 50%-იან მატებას, ეს სულ ცოტა 15 თეთრია.

მე ასე ვფიქრობ, დღევანდელი გადასახედიდან.

– იმედი ვიქონიოთ, რომ რაღაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამ მიმართულებით. მიდგომები პურკომბინატების მიმართ მაინც უნდა იყოს.

ეს ყველაფერი საბოლოოდ ფოკუსირდება ფასში და ადამიანების სოციალურ მდგომარეობაში.