LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუკი რამეს ვმღერი, ის ყოველთვის გულიდან ამოსულია” – ინგა ხელაშვილი

27 მაისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ კომპოზიტორ-შემსრულებელი გიორგი შალვაშვილი და მომღერალი ინგა ხელაშვილი სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერის „შემიყვარე“ პრემიერა შედგა. გიორგიმ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და დაგეგმილი კონცერტიც დააანონსა.

გიორგი, დღეს ინგასთვის ერთგვარი დებიუტია. როგორც ვიცი, შენ მიეცი სტიმული და უბიძგე, რომ ფართო საზოგადოების წინაშე გამოჩენილიყო.

გიორგი: კი, მე ზოგადად ასე ვარ მეგობრებთან, ჩვენ ერთმანეთის სტიმული ვართ. უკვე ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვართ მე და ინგა. ინგა სულ ამბობს, რომ არ არის მომღერალი, მაგრამ ისეთ კარგ სიმღერებს მღერის, გულიდან წამოსულს, რომ მე ვუთხარი, რას ნიშნავს არ ხარ მომღერალი-მეთქი. სიმღერა უკვე დიდი ხანია დაიწყო, მაგრამ ასეთი თავმდაბალი ადამიანია. ინგას ბევრი არაჩვეულებრივი სიმღერა დაუწერა ქეთი ხუციშვილმა და რამდენიმე რომ ჩაწერა, ვკითხე, ახლაც არ ხარ მომღერალი-მეთქი და წამოვიყვანე „არ დაიდარდოში“.

ინგა, როგორც გიორგიმ დაგახასიათათ, საკმაოდ თავმდაბალი ადამიანი ხართ, თუმცა მაინც გარისკეთ და  საჯაროდ ამღერდით.

ინგა: კი ასე გამოვიდა. თუკი რამეს ვმღერი, ის ყოველთვის გულიდან ამოსულია, თითოეული სიტყვა, თუმცა როგორც გიომ აღნიშნა, ყოველთვის ვამბობ, რომ არ ვარ პროფესიონალი მომღერალი, მაგრამ მიყვარს და მომწონს ის, რასაც ვაკეთებ.

გიორგი: წუხელ მთელი ღამე არ ეძინა, რადგან „არ დაიდარდოში“ მოდიოდა.

ინგა: ძალიან ემოციური ადამიანი ვარ (იცინის).

რა ასაკიდან დაიწყეთ სიმღერა, თავად თუ წერთ ლექსებს, მუსიკას?

ინგა: ლექსებს ვწერდი, მაგრამ, სამწუხაროდ, თავი დავანებე

გიორგი: აქტიური სიმღერა მაშინ დაიწყო, როდესაც 42 წლის ასაკში ულამაზესი ბებია გახდა.  ინგას ჩემი დაწერილი სიმღერაც აქვს, რომელსაც თავის შვილიშვილს უმღერის. არაჩვეულებრივი გამოვიდა ეს ნამუშევარი და სამომავლოდ ამ სიმღერითაც გესტუმრებით.

ინგა, საერთო ჯამში რამდენი სიმღერა გაქვთ?

ინგა: 13-14 სიმღერა მაქვს და ვაპირებ კიდევ გავაგრძელო. გიოსთან ერთადაც მაქვს 4 დუეტი.

გიორგი: ჯერ არა, არას იძახდა და ახლა, რომ დაიწყო, სულ იმას კითხულობს ახალი სიმღერა როდის ჩავწეროთო.

ძირითადად რომელ სტუდიასთან თანამშრომლობთ?

გიორგი: ზაზა გოჩიტაშვილი სტუდიასთან.

ინგა: ასევე ვთანამშრომლობ აჩი ოშხერელთან.

გიორგი, როგორც ვიცი, ძალიან საინტერესო სამომავლო გეგმები გაქვს და მინდა ამ თემაზეც ვისაუბროთ.

გიორგი: პანდემიის პერიოდში, უცებ გადავწყვიტე ემიგრანტებზე გადაცემის გაკეთება, რამეთუ ჩვენ, ქართველ მომღერლებს, მსახიობებს თუ რამე „გამონათება“ გვაქვს, ეს ყველაფერი ემიგრაციაში კეთდება და ძირითადად ემიგრანტები ესწრებიან. აქედან გამომდინარე, მინდოდა მადლობა მეთქვა ამ ადამიანებისთვის, ემიგრანტებისთვის. გადაცემას „გაფანტული მარგალიტები გიორგი შალვაშვილთან ერთად“ ჰქვია და  ყოველ პარასკევს „ქართული TV“ – ს და „GNS”-ს ეთერში გადის. სხვათა შორის, ინგა ამ გადაცემის ვიზაჟისტია.

ალბათ, საკმაოდ რთული და ემოციურია ემიგრანტების ისტორიების მოსმენა.

გიორგი: ურთულესია, ერთია როცა ინტერვიუს ვწერთ, მაგრამ როცა კადრს მიღმა ვსაუბრობთ, გაცილებით მძიმე მოსასმენია ყველაფერი. ძალიან ჰგავს მათი ისტორიები ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ზოგი 60-80 წლისაა, როგორც ჩემს შვილებს და პატარა ბავშვებს ისე ვუყურებ, არ ვიცი რატომ, ალბათ, გადაცემიდან გამომდინარე. ძალიან დიდი სიყვარული აქვთ ამ ადამიანებს ჩემს მიმართ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. უკვე ორჯერ ვიყავი საბერძნეთში ჩასული ამ გადაცემით, ახლა მესამედ მივფრინავ, შემდეგ იტალიაში გადავალთ და მერე ბელგიაში. რა თქმა უნდა, იქნება სხვა ქვეყნებიც და ახალი სეზონისთვისაც დავიწყებთ მზადებას.

სიმღერების მხრივ რა ხდება, როდის იქნება შენი ახალი ნამუშევარი?

გიორგი: არის სამი ახალი სიმღერა, რომლის პრემიერაც ჯერ არ ყოფილა და რა თქმა უნდა, ამ სიმღერასაც ისევ და ისევ „არ დაიდარდოში“ მოვიტან. სულ გზაში, სულ გადაღებებზე ვარ, ძალიან გადავერთე ამ სფეროზე, მაგრამ რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, საღამოს მაინც გავრბივარ ხოლმე სტუდიაში, სადაც ბევრჯერ გამითენებია კიდეც, რადგან იქ იქმნება ჩემი საყვარელი რეპერტუარი. სექტემბერში იგეგმება ჩემი ძალიან დიდი კონცერტი. თუ სად გაიმართება კონცერტი, ამას ჯერჯერობით არ ვიტყვი.

დღეს გვაქვს სიმღერის „შემიყვარე“ პრემიერა. როგორია ამ სიმღერის ისტორია?

ინგა: ეს სიმღერა რამდენიმე წლის წინ უნიჭიერესმა ქეთი ხუციშვილმა მომასმენინა. თავისთვის წაიღიღინა და ვუთხარი, რომ ძალიან მომეწონა. გავიდა 2-3 წელი და ერთ დღესაც დამირეკა და მითხრა, შენთვის სიურპრიზი მაქვს, სიმღერა, რომელიც ოდესღაც ძალიან მოგეწონა შენიაო. „შემიყვარე“ აჩი ოშხერელის სტუდიაში ჩაიწერა.

 

ინგა ხელაშვილი – შემიყვარე

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ინგა ხელაშვილი – დავიჯერე. Live

 

გიორგი შალვაშვილი & ინგა ხელაშვილი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

 

გიორგი შალვაშვილი – უცნაურად მოგეჩვიე. Live

ფოტოები