ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება და რადიკალური ოპოზიცია გეგმებში ვერ ემთხვევა.
ამის შესახებ მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა – ხომ არ სჯობდა, ხელისუფლებას და ოპოზიცია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში საერთო ინტერესით ემოქმედათ:
“ჩვენი გეგმა არის საქართველოს დასავლური მომავალი და მათი გეგმა არის ამ ქვეყანაში არეულობა და ყველაფრის ხარჯზე, საქართველოდან მეორე ფრონტის გახსნა. ეს გეგმები როგორ შეიძლება დაემთხვეს ერთმანეთს, ისინი ხომ მხოლოდ პოპულისტურად ამბობენ იმას, რომ – “ჩვენ ვცადეთ”. რა სცადეს? ის “ფეიქკამპანია” იყო ომის დაწყების პირველი დღიდან, რომ დაგეგმეს და ახორციელებდნენ.
ამას ამბობენ დღეს და აბსოლუტურად სხვა რაღაცას აკეთებდნენ. არ იყვნენ მარტოები, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები იგივე ნარატივს ახმოვანებდნენ და ბოლოს თქვეს, დაადასტურეს ომის ფაქტორი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ევროპულ პერსპექტივას დაუკავშირეს ომის ფაქტორი. ეს ადრე გაბედეს უკრაინის ცალკეულმა წარმომადგენლებმა და თქვეს, რომ ეს არ არის ის ხელისუფლება, რომელიც ვერ იომებს. საქართველოსთვის რომ დამღუპველია ეს, ხომ ყველა ვთანხმდებით და ამ გეგმაში მონაწილეებზე გაქვთ საუბარი, რომ საერთო გეგმაზე უნდა შევთნხმებულიყავით?
ორი გეგმაა, სადაც ერთია, ქვეყნის დაღუპვა, ომი, მეორე გეგმა არის მშვიდობა, ევროპული გზა და მომავალი, ეს ორი გეგმა ერთმანეთს არ ემთხვევა, ამდენად, ვერ ვემთხვევით ჩვენ და რადიკალური ოპოზიცია გეგმებში”, – განაცხადა მდინარაძემ.
