საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაცია 13.3% იყო.
წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 1.1%-ით გაიზარდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი (20%-იანი ზრდა);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (22%-იანი ზრდა);
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი (16.1%-იანი ზრდა).
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე კი – ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი (6.2%-იანი ზრდა);
ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (1.3%-იანი ზრდა) და
რესტორნები და სასტუმროები (1.5%-იანი ზრდა).
საკითხს „ბიზნესკურიერში“ სტუმრად გიორგი კეპულაძესთან ერთად განიხილავს სოსო ბერიკაშვილი – კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი.

– ძირითადი ახსნა იმის, თუ რატომ გვაქვს ასეთი ინფლაცია და რატომ იზრდება ფასები შარშანდელთან შედარებით, არის ის, რომ საგარეო ფაქტორები პირველადი მოხმარების საგნებზე გაიზარდა.
მათ შორის ნავთობის ფასებზე, ხორბალზე და სურსათზე. ეს ძირითადი მიზეზია, თუ სხვა მიზეზებიც შეგვიძლია, რომ ვთქვათ?
– ცხადია, ეგ არის ძირითადი მიზეზი. მთავარი მდგენელი ინფლაციაში, რომელიც ჩვენთან ძალიან მაღალია, არის საერთაშორისო ფაქტორებიდან გამოწვეული, ანუ ფასები იზრდება ყველაფერზე.
ჩვენ ხშირად გვქონია ხოლმე სხვა წლებში ინფლაცია, რისი მიზეზიც ლარის გაუფასურება იყო. ახლა ინფლაციის მიზეზი ლარის გაუფასურება არაა, პირიქით. ლარი ბოლო პერიოდში უფრო მყარდება, ვიდრე უფასურდება, მაგრამ ფასები მაინც იზრდება, რადგან საერთაშორისო ბაზარზე ფასები იზრდება.
ინფლაცია მთელი მსოფლიოს პრობლემაა.
ევროპაშიც სარეკორდოდ მაღალი ინფლაციაა, 8-9 %-იანი. უფრო მაღალი ინფლაციაც აქვთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.
– ესტონეთში, თუ არ ვცდები, 18% წლიური ინფლაცია დაფიქსირდა…
– ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროკავშირში. პრობლემა ისაა, რომ ჩვენზე, როგორც ღარიბ ქვეყანაზე, ინფლაცია ძალიან მძიმედ აისახება. რადგან ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიური ხარჯების დიდი ნაწილი კვების პროდუქტებზე და პირველადი მოხმარების ნივთებზე აისახება.
გაზრდილი ფასების პირობებში და არგაზრდილი შემოსავლის პირობებში ამ ხალხს აღარ ჰყოფნის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი პროდუქტებისთვის თანხები. ინფლაციას რომ ჩავუღრმავდეთ, 13%-იან ინფლაციაში, რაც ბოლო პერიოდში გვაქვს, განსაკუთრებით დიდი წილი აქვს კვების პროდუქტებს.
პურზე და პურკომბინატებზე ფასები საშუალოდ გაზრდილია 34 %-მდე. ბოსტნეულზე 50%-ზე მეტით და ა.შ. ესაა მთავარი პრობლემა. თევზზე, პურზე, ზეთზე და ცხიმზე რომ გაიზარდა ფასები.
ასევე გაზრდილია ფასები ტრანსპორტზე. ამის მიზეზია ნავთობზე ფასების ზრდა. კომუნალურ ხარჯებზეც გაიზარდა ფასები.
მოსახლეობისთვის ბევრი რამ გაძვირდა.
– სხვადასხვა პროგნოზით წლიური ინფლაცია ორნიშნა იქნება, 9-10 პროცენტს ეროვნული ბანკი და მთავრობაც პროგნოზირებს. მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის ფასების ყოველთვიური ზრდა, რაც ამ ეტაპზე შეინიშნება და შეიძლება, მოგვიანებით დაღმავალი ზრდაც ვნახოთ.
თუმცა მინდა, მსმენელებს კარგად ავუხსნათ, რომ ეს არ ნიშნავს, რომ პროდუქტი გაიაფდება, ან ფასი დაიკლებს. ეს ნიშნავს, რომ ფასი მეტად აღარ გაიზრდება.
– რა თქმა უნდა, გაიაფების მოლოდინი ამ ეტაპზე არ უნდა გვქონდეს. უბრალოდ ახლა პრობლემა ისაა, რომ ფასები ძალიან სწრაფად იზრდება და მთავარია, რომ ეს პროცესი ამ ეტაპზე შეჩერდეს.
თუმცა ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ომი როგორ გაგრძელდება უკრაინაში, სასურსათო უსაფრთხოების საკითხი როგორ იქნება, ხორბლის მიწოდების ნაწილში და ნავთობის ბაზარზე რა მოხდება.
მნიშვნელოვანი იქნება ისიც, თუ შეძლებენ ოპეკის წევრი ქვეყნები შეთანხმებას და მნიშვნელოვნად გაზრდას ნავთობის მოპოვების, რომ ამან ფასების დაწევა გამოიწვიოს, ეს იქნება გარკვეულწილად შეღავათი, თუმცა იმაზე არაა საუბარი, რომ ფასები გაიაფებას დაიწყებს.
– აღნიშნეთ, რომ მთავარი პრობლემა არის ის, რომ შემოსავლები ვერ მიჰყვება ხარჯებს და ჩვენთან ხელფასები არც არის ინდექსირებული და ინფლაციებზე მიბმული არაა. სახელმწიფო უწყებებში იგეგმებოდა და კერძო კომპანიებშიც ალბათ ნელ-ნელა მოუწევთ დაქირავებულებისთვის ხელფასის ზრდა, რადგან ნამდვილად ვეღარ ეწევა ყოველთვიური შემოსავალი ხარჯებს…
– საჯარო სექტორში გაზარდეს ხელფასი. რა თქმა უნდა, კერძო სექტორსაც სხვა გზა არ ექნება და მოუწევს გაზრდა, მაგრამ კერძო სექტორიც ფინანსურ კრიზისშია და იმასაც უჭირს ხელფასების გაზრდა.
ბოლო 4 წელი ყველაზე პრობლემურია ინფლაციის კუთხით, ამ პერიოდის მონაცემების კალკულატორი დევს საქსტატში და შეგვიძლია, ვნახოთ, ცხოვრება რამდენად გაგვიძვირდა და იმის მიხედვით, რა ხარჯები გვაქვს.
უხეშად რომ ვთქვათ, ბოლო 4 წელიწადში, მესამედით არის საშუალოდ გაზრდილი ფასები. თუ პირობითად 1000 ლარი გვქონდა ოთხი წლის წინ ხელფასი და 1350 ლარზე ნაკლები გვაქვს ახლა, ეს ნიშნავს, რომ რეალურად ხელფასი შეგვიმცირდა.
– სამწუხაროდ ეს ეხება მოსახლეობის ფართო ჯგუფებს.
– უმრავლესობას.
– ეს ინფლაცია ყველაზე მეტად ასეთ ჯგუფებზე აისახება, რომლებსაც ყველაზე დაბალი ხელფასი აქვთ, იგივე პენსიონერებს.
მათი ყოველთვიური ხარჯი რა შეიძლება, რომ იყოს – კომუნალური გადასახადი და საკვებზე ხარჯი, ასევე ხარჯი მედიკამენტებზე, რომელიც კატასტროფულად გაიზარდა ფასები.
რა შეიძლება, რომ ხელისუფლებამ გააკეთოს?
მესმის, რომ მოკლევადიან პერიოდში ამის აღმოფხვრა ძნელია, მაგრამ ალბათ ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ შეიქმნას შესაბამისი პირობები იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა და შემოსავლები ხარჯთან ერთად იზრდებოდეს.
– ეს არის მთავარი, თორემ ინფლაციას ვერ გააკონტროლებს სახელმწიფო, ან თუ გააკონტროლებს ძალიან ძვირი დაუჯდება და უარესი შედეგი ექნება.
სახელმწიფო იმაზე უნდა ზრუნავდეს, რომ ეკონომიკა იზრდებოდეს და ეს ხალხზე ისახებოდეს. კონკრეტულად წამალს რაც შეეხება, აქ გვაქვს საოცარი და უაზრო შეზღუდვები და ფასები გვაქვს მაღალი, იმაზე მეტი, ვიდრე უნდა გვქონდეს.
აქ რომ თავისუფალი კონკურენცია იყოს და შემოდიოდეს წამალი, გასაგებია, რომ მას კონტროლი სჭირდება, მაგრამ ევროპის წამლის სააგენტო თუ აღიარებს და რეგისტრაციას მისცემს, ჩვენ რატომ უნდა ვთხოვდეთ მათ დამატებით რეგისტრაციას?
მოკლედ, სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს თავისუფალ განვითარებას. ესაა მთავარი, თორემ ფასებს ხელოვნურად ვერ დაიჭერ, რადგან საერთაშორისო ბაზარზე ფასები იზრდება.
ამიტომ აქ კონტროლს აზრი არ აქვს, მაგრამ რასაც სახელმწიფო უნდა აკეთებდეს არის ის, რომ იზრდებოდეს ეკონომიკა.
– მიუხედავად იმისა, რომ დადებითი ტენდენციები გამოჩნდა და ამ ომმა გარკვეული დარტყმა მიაყენა მსოფლიოს და მათ შორის ჩვენს ეკონომიკას, გაჩნდა ტრანზიტის ზრდის შანსები და მსოფლიო ბანკმაც გაგვიზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, მაგრამ სამწუხაროდ ეს არაა საკმარისი ჩვენი ტიპის ეკონომიკისთვის, თან გვინდა, რომ სწრაფად გავიზარდოთ და ჩვენი შემოსავლებიც სწრაფად გაიზარდოს.
– რა თქმა უნდა. 5%-იანი ზრდაც კი ჩვენთვის საკმარისი არ არის და ვერ გვეყოფა, რადგან ძალიან დაბალ საბაზისო ნიშნულზე ვართ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა სიღარიბის ნიშნულზეა და ამის შემცირება გვჭირდება.
რაც შეიძლება უფრო ნაკლები ადამიანი უნდა იყოს დამოკიდებული სახელმწიფოს კმაყოფაზე.
– გადასახადის გადამხდელი ცოტაა. სახელმწიფოსგან სოციალური დახმარების მიმღები შეიძლება არ გაზრდილა, მაგრამ სახელმწიფოს დიდი ხარჯი აქვს.
– ნამდვილად ასეა და სახელმწიფო ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ დახმარების მიღების სურვილი შეიცვალოს.

