რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა სერბულ და რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სერგეი ლავროვის ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით. ლავროვი 6-7 ივნისს უნდა შეხვედროდა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს.
ზახაროვას განცხადებით, სერბეთის ზოგიერთმა მეზობელმა ქვეყანამ საჰაერო სივრცე დახურა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თვითმფრინავისთვის, რომელიც სერბეთში უნდა გამგზავრებულიყო.
“სერბეთის მოსაზღვრე ქვეყნებმა დაკეტეს ერთადერთი საჰაერო მარშრუტი სერგეი ლავროვის თვითმფრინავისთვის, რომელიც სერბეთში უნდა გამგზავრებულიყო. რუსეთის დელეგაციას მოლაპარაკებები უნდა გაემართა ბელგრადში, ევროკავშირისა და ნატოს წევრმა ქვეყნებმა კი დაკეტეს საჰაერო სივრცე,” – განაცხადა ზახაროვამ იტალიის ტელევიზიის La7-ის ეთერში.
ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ელჩმა ბულგარეთში ელეონორა მიტროფანოვამ განაცხადა, რომ ბულგარეთის ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავებისთვის საჰაერო დერეფნის უზრუნველყოფაზე.
„შემიძლია დავადასტურო, რომ ბულგარეთის ხელისუფლებამ არ დაუშვა თვითმფრინავს, რომლის ბორტზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმყოფებოდა და რომელიც სერბეთისკენ უნდა გამგზავრებულიყო, მათი ქვეყნის საჰაერო სივრცე გაევლო“, – აღნიშნა ელჩმა.
სერბეთი, სხვა არაერთი ევროპული ქვეყნის მსგავსად, დიდწილად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე. ამასთან, მათ შორის ძლიერი კულტურული კავშირები არსებობს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, სერბეთი ჯერ არ შეერთებია ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და სხვების დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
