LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ევროკავშირის კანდიდატობა ვერ მივიღეთ, ეს იქნება მინიმუმ 15 წლით უკანდახევა“ – ბიზნესაცოციაციები საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ერთიანდებიან / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

6 ბიზნესასოციაცია საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ესენია – ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია, საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, გადასახადის გადამხდელთა კავშირი და საქართველოს საბანკო ასოციაცია.

ორგანიზაციები მზაობას გამოთქვამენ მთელი ძალისხმევა მიმართონ ევროინტეგრაციის პროცესის სწორად და ეფექტიანად წარმართვისათვის და გამართონ კონსულტაციები როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

„ევროპის კონტინენტზე არსებული უმძიმესი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისა და მოლდოვასათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რომელიც სამივე ქვეყნის მომავალი განვითარების პერსპექტივას განსაზღვრავს. ჩვენს ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების მიუხედავად, ეს ისტორიული შანსი არ უნდა დაიკარგოს.“- ნათქვამია განცხადებაში.

საკითხს „ბიზნესკურიერში“ სტუმრად გიორგი კეპულაძესთან  ერთად განიხილავს ზვიად ჭუმბურიძე – საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს ხელმძღვანელი.

 

– ბატონო ზვიად, ძალიან ბევრი ამ ასოციაციებში არის ყოფილი დიპლომატი, პოლიტიკაშიც იყვნენ ეს ადამიანები ჩართულები და მათ მინიმუმ პირადი კონტაქტები აქვთ თავის კოლეგებთან ევროკავშირში და ამ ძალისხმევის გამოყენება აუცილებლად შეიძლება.

რატომ გადაწყვიტეთ ამ განცხადების გამოქვეყნება?

– ძალისხმევა აუცილებელია. საზოგადოების, ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და თითოეული მოქალაქის ძალისხმევა უნდა გაერთიანდეს.
უკრაინის დამსახურებით დღეს მოგვეცა შანსი, რომ მივიღოთ კანდიდატობა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ეს ისტორიული შანსი ჩვენმა ქვეყანამ არ უნდა დაკარგოს.

თუკი ისე მოხდა, რომ კანდიდატობა ვერ მივიღეთ, ეს იქნება მინიმუმ 15 წლით უკან დახევა, ძალიან მძიმე იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის და ამიტომ ჩემ მოტივაციაში მე ღრმად ვარ დარწმუნებული. მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ბევრი
ხარვეზი – არასრულყოფილი რეფორმები, ხარვეზები ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, მგონია, რომ რაღაც დათქმებით მაინც მივიღებთ კანდიდატობას.

მინდა მჯეროდეს და ვისურვებდი, რომ ასე იყოს. როდესაც შენი პარტნიორი ქვეყნები ამ შემთხვევაში უკრაინა, მოლდოვა და ჩვენ, გამორჩეულად აინტერესებთ ევროკავშირში.
ეს ინტერესი რომ არ ყოფილიყო, განაცხადი არ იქნებოდა, რადგან ევროკავშირს აქვს თავისი დღის წესრიგი.

ევროპის კონტინენტზე მიმდინარე საომარმა ვითარებამ, რუსეთის მიერ აგრესიამ და ომმა უკრაინის წინააღმდეგ პრაქტიკულად შეცვალა ევროპის გეოპოლიტიკური მდგომარეობა. და არამარტო გეოპოლიტიკური ვითარება. გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური განწყობა.
ევროკავშირის რუსეთის მიმართ დამოკიდებულება.
აქედან გამომდინარე ჩვენ ეს შანსი მოგვეცა. როგორ ფიქრობთ, შანსი ხელიდან გასაშვებია?

– არა, ნამდვილად, გეთანხმებით.

– თუ ამ შანსს გავუშვებთ, ხელისუფლებაც და საზოგადოებაც, ყველა პასუხისმგებელი ვიქნებით ჩვენი შვილების წინაშე. ეს არის რეალობა. არაა სენტიმენტალური საუბარი.
მახსოვს 1991 წელს, როდესაც ჩვენმა თაობამ მუშაობა დაიწყო, 30 წელი გავიარეთ ევროპული გზის მოლოდინში და იმის სურვილში, რომ ჩვენ ამ დიდი ერთობის და ოჯახის წევრი გავმხდარიყავით და ეს შანსი დღეს გვაქვს. ჩვენი განცხადების არსიც ამაშია.

თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ, ასოციაციამ, არასამთავრობო ორგანიზაციამ და ნებისმიერმა სტრუქტურამ, უნდა გამოხატოს თავისი განწყობა, რათა ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაინახოს, როგორ ფიქრობს ქვეყნის  82 %, იმიტომ რომ თუ ეს ევროპული გზა დაიკეტა, ამ არასამთავრობოებისა და ასოციაციების არსებობასაც შეიძლება აზრი დაიკარგოს.

ასეთი რეალობაა, სიმართლე რომ გითხრათ.
ჩვენ გადავუგზავნეთ აღნიშნული განცხადება კარლ ჰარცელს და ვთხოვეთ, მისი გადაგზავნა ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში.

ამას შეიძლება, განსაკუთრებული დატვირთვა არ ჰქონდეს, მაგრამ თითოეული ასეთი განცხადება, ჩვენი ქვეყნის ასეთი პოზიცია, ძალიან მნიშვნელოვანია და ფუნდამენტური დატვირთვა გააჩნია.

– მესმის და ძალიან კარგი ნაბიჯია. თუ გეგმავთ პირადი კომუნიკაციებით კონტაქტს ევროპელ კოლეგებთან, ან საქართველოს მთავრობასთან.
რა გამოხმაურება მოჰყვა ამ განცხადებას?

– პირველ რიგში ხელისუფლებას უნდა უნდოდეს კონტაქტი არასამთავრობო სექტორთან. ჩვენ მზად ვართ, რომ მთელი ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე მთელი საზოგადოება გაერთიანდეს და მზად ვართ თანამშრომლობისთვის, რომ მივეხმაროთ ხელისუფლებას, იმისთვის რომ ჩაატაროს რეფორმები და შესრულდეს ის მოთხოვნები, რაც აქვს ევროკავშირს. დარწმუნებული ვარ, კანდიდატობას მივიღებთ, ოღონდ რაღაც დათქმებითა და პირობებით.

შენ შესთავაზო ევროპას შენი მოწყობა და თან ევროკავშირის წევრობა გინდოდეს, ასე არ ხდება.

ყველა ჩვენმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ  საუბარია იმაზე, რომ, ევროკავშირის მოთხოვნა მათთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
დამოუკიდებელი სასამართლო ჩვენთვის იქნება. ესაა ფუნდამენტური და ღირებული.

არჩევნების თემატიკაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თითოეული ადამიანის ხმა დაცული იყოს.

ამას ვითხოვთ 30 წელი, რომ ხმა არ გაყალბდეს და დაკნინებული არ იყოს მოქალაქის არჩევანი.

 

– დაგეთანხმებით პათოსში, რომ ქვეყანას სჭირდება რეფორმები და არა ევროკავშირს და ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება ის რეფორმები, რისკენაც მოგვიწოდებს ჩვენ როგორც ევროკავშირი, ისე ნატო და ჩვენ ამას ძალით კი არ უნდა ვაკეთებდეთ, უნდა ვაკეთებდეთ უფრო მეტი მოტივაციით.

მესმის, რომ კანდიდატის სტატუსი შეიძლება მივიღოთ და შემდეგ ეს პროცესი შეიძლება ერთ და ორი წელიწადში არ დასრულდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გარკვეული მოტივაცია გაჩნდეს, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, ვინც ამაზე წლებია მუშაობს, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროპული პერსპექტივა.

– რასაკვირველია, კანდიდატის სტატუსის მიღება ნიშნავს, რომ შენ შედიხარ უკვე იმ მოთხოვნად ფაზაში, რასაც ევროკავშირი შენგან ითხოვს. ეს ვალდებულებაა და არ უნდა დაგვავიწყდეს.

კანდიდატობა არის სწორედ ამ რეფორმების დაწყების ერთგვარი გარანტია. როდესაც ხდები კანდიდატი ქვეყანა, ევროკავშირი შენ პირობას გიყენებს:

გინდა ამ დიდი ოჯახის წევრი გახდე? მაშინ შენ გაქვს პერიოდი, რომ გახდე ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, მაგრამ უნდა შეასრულო ყველა ის მოთხოვნა, რაც აქვს ევროკავშირს.

ასე რომ კანდიდატობა ნიშნავს, მე ვიტყოდი განსაკუთრებულ შრომას, რეფორმებს და საზოგადოების სრულ მობილიზაციას, იმისთვის, რომ ჩვენ ამ დიდი ოჯახის წევრი გავხდეთ.

ეს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
იმედს ვიტოვებ, რომ ნამდვილად მივიღებთ ევროკავშირის სტატუსს. მიუხედავად დიდი გამოწვევებისა და შეცდომებისა, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.