7 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ანი ლაღიძე და მაკო ჯაოშვილი სტუმრობდნენ, რომელთაც სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების მე-5 საერთაშორისო ფესტივალზე „თბილისი-რიტმზე“ ისაუბრეს.
– ანი, რამდენად რთული გზა გაიარა ფესტივალმა დღემდე?
– რა თქმა უნდა, უამრავი სირთულე გამოვიარეთ, თუმცა ყოველთვის იმედით ვუყურებდით მომავალს. ვფიქრობ მთავარი საქმის სიყვარული და ერთგულებაა, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება საზოგადოების ნდობის მოპოვება. ყოველთვის, როცა სირთულეებს ვაწყდებოდი, საკუთარ თავს ვახსენებდი, რომ ფესტივალი მამას ხსოვნას ეძღვნებოდა, მის სახელს ატარებდა და თითქოს უფრო მეტ ძალას ვგრძნობდი. მიხარია, რომ დღესაც შემართებით ვმუშაობთ და მუდმივად სიახლეებს ვთავაზობთ გულშემატკივრებს.

– როდის გაიხსნება ფესტივალი?
– ფესტივალი 15 ივნისს გაიხსნება პაოლო ფრეზუს ტრიოს ახალი ალბომის წარდგენით. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, პაოლო არა მხოლოდ ბრწყინვალე მუსიკოსი, არამედ არაჩვეულებრივი ადამიანია, ვისთანაც ახლო მეგობრობა მაკავშირებს. წარმოშობით ფრეზუ სარდინიიდანაა და ძალიან კარგად იცნობს ფოლკლორულ მუსიკას, ამიტომ სიამოვნებით დათანხმდა ანსამბლ „იბერთან“ კოლაბორაციას. 15 ივნისს სწორედ მათი ერთობლივი ნამუშევრის – ზვიად ბოლქვაძის არანჟირებით გაკეთებული ხალხური სიმღერის პრემიერა შედგება.
– ვინ იქნება ფესტივალის სტუმარი?
– პირველ რიგში, სინანულით მინდა აღვნიშნო ბიზნესის პასიურობა, რომელიც ნაკლებად ეხმარება ხელოვნებას. სამწუხაროდ, ჩვენი სფერო ყოველთვის იჩაგრება, მძიმედ გადავიტანეთ პანდემიაც, რადგან ვირტუალურ სივრცეში მოგვიწია გადასვლა, რაც ნაკლებად შეეფერება ხელოვნებას. მართალია, საერთაშორისოს სტატუსის გათვალისწინებით, ფესტივალს ყოველთვის უამრავი უცხოელი სტუმარი ჰყავს, მაგრამ ქართველ ხელოვანებსაც აქტიურად ვიწვევთ. წელს ჩვენი საპატიო სტუმარი მაკო ჯაოშვილი იქნება თავისი ახალი წიგნით „ცხოვრება, როგორც პერფორმანსი“, მომავალი წლიდან კი, მაქსიმალურად ვეცდებით მენტორებისა და სპიკერების მოწვევას, რომლებიც ერთგვარ ფსიქო-ემოციონალურ და ინტელექტუალურ ელფერს შემატებენ ფესტივალს. სხვათა შორის, მაკო დიდი ხანია აქტიურად მუშაობს ჩვენს ფესტივალზე, რადგან სწორედ ის ამზადებს რეცენზიებს და ტექსტებს არტისტების წარსადგენად. ერთი სიტყვით, სწორედ მაკოა ჩვენი ფესტივალის ინტელექტუალური ძალა.

– როგორია ფესტივალის პროგრამა?
– 24 ივნისს, კლუბი „ოტიუმი“ ფესტივალის ფარგლებში უმასპინძლებს ქეთი ფარესაშვილს, რომელიც დავით ილურიძის ბენდთან ერთად წარადგენს ახალი პროგრამას. ქეთი საოცრად ნიჭიერი მუსიკოსი, არაჩვეულებრივი ადამიანია და ყოველთვის ძალიან მომწონს მასთან ერთად მუშაობა, 29 ივნისს, Wyndham Grand Tbilisi Hotel მაკო ჯაოშვილის წიგნის პრეზენტაცია შედგება, 2 ივლისს კი, ფესტივალი რუსთაველის თეატრში დაიხურება ფრანგი ვირტუოზი გიტარისტის ბირელი ლაგრენი კონცერტით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იტალიის საელჩოსა და თბილისის მერიას, რომელიც ყოველთვის მხარში გვიდგას და დიდად აფასებს ჩვენს საქმიანობას.

– მაკო, როგორ შედგა თქვენი და ანის თანამშრომლობა?
– ჩვენი ტანდემი მრავალი წლის წინ შედგა სეზარია ევორა კონცერტის ორგანიზებისას. სათაურით „საქმით დაწყებული მეგობრობის ელფერი“ ანის რამდენიმე თავის კი, მივუძღვენი ჩემს წიგნში. ვფიქრობ, საუკეთესო მეგობრობა სწორედ ერთმანეთის შესაძლებლობების აღმოჩენა, მათი სრულფასოვნად გამოყენება და ისეთი პროექტების შექმნაა, რომელიც პუბლიკისთვის იქნება სასარგებლო და საინტერესო. წიგნში 14 ადამიანის ისტორია გავაერთიანე, რომელთაც მართალია, სხვადასხვა სფეროსა და ასაკში მიაღწიეს წარმატებას, მაგრამ ყველა ერთნაირი მიზანდასახულობითა და შეუპოვრებით გამოირჩევა. სწორედ შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფვაა ჩემი წიგნის ერთ-ერთი მთავარი თემა. მიხარია, რომ ფესტივალის ფარგლებში უფრო ვრცლად და სხვადასხვა ფორმატში შევძლებ ჩემს ნამუშევარზე, მის თემებსა და პერსონაჟებზე საუბარს.

